დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება

ბიზნესები, რომელთაც მთავრობა დენის ტარიფს დაუსუბსიდირებს

მთავრობამ იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომელთაც გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფი დაუსუბსიდირდებათ.

როგორც ცნობილია, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ზოგიერთ სფეროში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებს გაზრდილი ტარიფის 50%-ს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს.

მთავრობის დადგენილების თანახმად, იმისათვის, რომ ესა თუ ის კომპანია სუბსიდირების პროგრამაში მოხვდეს, ბიზნესებმა 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ვებგვერდ https//www.registration.gov.ge-ზე უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი. დადგენილების თანახმად, ბიზნესების განაცხადებს შეამოწმებენ როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ასევე შემოსავლების სამსახური.

“დასაფინანსებელი თანხის ოდენობის გაანგარიშებასა და სამინისტროსათვის მიწოდებას, საკუთარი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,” – ნათქვამია დადგენილებაში.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული სიის მიხედვით, სუბსიდირების პროგრამაში მოხვდნენ შემდეგი სფეროები:

  • მეფრინველეობა
  • ხორცის გადამუშავება და კონსერვირება
  • შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება
  • ხორცის პროდუქტების წარმოება
  • თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება
  • კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება
  • ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები
  • ზეთებისა და ცხიმების წარმოება
  • მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება
  • რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება
  • საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება
  • სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება
  • პურის წარმოება; არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება
  • ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება
  • მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების
  • შაქრის წარმოება
  • სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება
  • ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება
  • მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის
  • მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის.

შეგასხენებთ, რომ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა. დენი გაძვირდა როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომერციული სტრუქტურებისთვის. კომერციული ელექტროენერგიის ტარიფი კილოვატ საათზე საშუალოდ 11-13 თეთრით გაძვირდა.

პოზიცია