"გალფი" კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს
"სან პეტროლიუმ ჯორჯია" - "გალფი"

გალფი დაჯარიმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია “სან პეტროლიუმ ჯორჯია” (იგივე გალფი) კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია გალფის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

კომპანიის განცხადებით, “გალფი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია და სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ მნიშვნელოვანი ოდენობის თანხები აქვს შეტანილი. “გალფის” განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ კონკურენციის სააგენტოს მიღებულ გადაწყვეტილებას კომპანია აუცილებლად გაასაჩივრებს.

“სან პეტროლიუმ ჯორჯია” ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი და დამსაქმებელია საქართველოში, ის ოპერირებს გამჭვირვალე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მისი ფინანსური ანგარიშები აუდიტირებულია მსოფლიოს “დიდი ოთხეულში” შემავალი კომპანია Deloitte-ის მიერ. ცნობისათვის, 2012-2014 წლებში კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 187 მილიონი ლარი შეიტანა, დასაქმებული ჰყავს 1500-მდე თანამშრომელი, ხოლო ქველმოქმედებას მილიონ ლარზე მეტი მოახმარა. აღსანიშნავია, რომ “გალფის” წმინდა მოგებამ 2012-2014 წლებში 6.2 მილიონი ლარი შეადგინა მაშინ, როცა კონკურენციის სააგენტოს მიერ დარიცხული ჯარიმა თითქმის ორჯერ აღემატება ამ ციფრს, რაც ძალზედ მძიმედ იმოქმედებს მის საქმიანობაზე და განვითარების გეგმებზე.
ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპებია ღია და პატიოსანი კონკურენცია და მომსახურების მაღალი ხარისხი. კომპანია აპირებს, დაახლოებით, 30 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში და დამატებით ათეულობით თანამშრომლის დასაქმებას. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ქმედებები მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს კომპანიის საინვესტიციო გეგმებზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მის განვითარებას და ხელს შეუშლის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
ყოველივე ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ პოლიტიკას, რომ გაუმჯობესდეს ქვეყნის ბიზნესგარემო, შეიქმნას სამუშაო ადგილები და დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში, რაც ქვეყნის ეკონომიკას ძალზედ სჭირდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply

Menu Title