ენერგოეფექტურობის
ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი - გიორგი აბულაშვილი

რა უნდა გაკეთდეს ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად

ენერგეტიკული რესურსების მოხმარების დაზოგვაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ენერგოეფექტურობის განვითარებას ენიჭება.

სამწუხაროდ საქართველოში ენერგოეფექტურობის დონე საკმაოდ განუვითარებელია, თუმცა ამ მიმართულებით ნელნელა იდგმება ნაბიჯები.

ენერგოეფექტურობის განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ზოგადად განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. დასავლურ გამოცდილებასთან დაკავშირებით, energynews-თან ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი გიორგი აბულაშვილი საუბრობს.

„ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით ჩვენი ისტორია უნიკალური არ არის. ენერგოეფექტურობა, როგორც დარგი მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის დროს წარმოიშვა. ენერგეტიკის პოლიტიკოსებმა ცალსახად დაინახეს, რომ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ მიწოდების მოცულობების ზრდა ორუცნობიანი ამოცანის მსგავსია, სადაც მხოლოდ ერთი უცნობის ამოხსნის საშუალება გაქვს.

აუცილებელია მოხმარებული ენერგიის რაოდენობაზე ინფორმაციის ქონა, უნდა მოახდინო მისი ანალიზი, რომ მერე დაგეგმო თუ რა რაოდენობის ენერგია იქნება საჭირო, რათა დაკმაყოფილდეს მოთხოვნილება. როგორც მოგეხსენებათ, საბჭოთაკავშირის დროს ენერგო დეფიციტი ჩვენთან არ იგრძნობოდა რუსეთისა და სხვა ქვეყნების წიაღისეული რესურსების სიმდიდრის გამო, ხოლო პოსტ-საბჭოთა პერიოდში მოხდა ენერგეტიკული სისტემების ცვეთა და კოლაფსი.

აღდგენა კი 2000-იანი წლებიდან დაიწყო  და დღეს ენერგეტიკული სისიტემა იმ მიჯნაზე გავიდა, რაც გასული საუკუნის 70-იანი წლების მსოფლიოში იყო. მაშინ გაჩნდა ენერგოეფექტუტრობა, როგორც რაციონალური დარგი. დღეს საქართველო, ენერგოეფექტური სისტემის განვითარების თვალსაზრისით არის ზუსტად იგივე პროცესში. გვაქვს მზარდი ენერგია მაგრამ დიდია შიდა ენერგიის მოხმარება, რომელსაც ძალიან ძნელია, რომ დაეწიოს ახალი სადგურების მშენებლობა იმიტომ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია.

ქვეყანაში სრული ენერგეტიკული ბალანსის შექმნის პარალელურად უნდა დაისახოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა, რომელზეც, ასევე,  მიებმება ენერგეტიკული განვითარების პოლიტიკაც.“ – აცხადებს გიორგი აბულაშვილი

აბულაშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა, ცნობიერების ამაღლებაზე და ამ კუთხით ევრუპულ გამოცდილებაზე. მისი თქმით მნიშვნელოვანია ენერგოეფექტური ღონისძიებების პოპულარიზაცია.

„როცა ვსაუბრობთ განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე აღსანიშნავია, რომ რიგ ქვეყნებში ენერგოეფექტურობის პოპულარიზაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ევროკავშირში შემოღებულია ე.წ. ,,დისპლეი’’, ანუ ენერგოეფექტურობის აფიშა, რომელიც ყოველწლიურად ახლდება და იქ არის ინფორმაცია თუ რამდენი ენერგია დაიხარჯა.

შენობების შესასვლელებში ორი დიდი პლაკატი კიდია, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ბუნებრივად ყურადღებას აქცევს, სადაც წერია თუ რა დონეზეა ენერგიის მოხმარება. ამ ტიპის ღონისძიებები არის სამაგალითო სადემონსტრაციო საშუალება.

ჩემი აზრით ერთ-ერთი პირველი და მარტივი ნაბიჯი არის ის, რომ უნდა დაიწყოს ცნობიერების ამაღლების ინტენსიური პროგრამა, თუმცა არა ფრაგმენტალური პროგრამებით, არამედ მთავრობის მიერ უნდა იყოს კოორდინირებული საკმაოდ მაღალ დონეზე.“

იზი ალადაშვილი

Leave a Reply

Menu Title