ფეთქებადსაშიში შემოდგომა ნატოს ცენტრის გახსნის ფონზე

ქართული ენერგოკრიზისის საშიშროება ნატოს ცენტრის გახსნის ფონზე

ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა, თრუსოს ხეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევა, ენგურჰესისა და მთლიანად საქართველოს ენერგოსისტემის ხელში ჩაგდება, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება – სწორედ ამას ელიან პოლიტოლოგები რუსეთის მხრიდან ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნის შემდგომ.

იმ შემთხვევაში კი, თუ საქართველო ალიანსს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება, ფართომასშტაბიან მოქმედებებსაც არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ დაახლოებით იგივე გველის, რაც უკრაინაში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ხდება.

სწორედ ამიტომ, ისინი ხელისუფლებას პრევენციული ღონისძიებების გატარებას ურჩევენ, რათა ეს ყველაფერი თავიდან იქნეს აცილებული. ამაში კი, პირველ რიგში, რისკის ზონებში ბლოკპოსტების განლაგებას გულისხმობენ. მეორე მხრივ კი, ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ და ამბობენ, რომ მასთან დაახლოება ჩვენთვის მეტი დაცულობის მომტანი უნდა იყოს და არა საფრთხის.

მოგეხსენებათ, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი თვის ბოლოს ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის ფარგლებში გაიხსნება. იგი თბილისს 26 აგვისტოს ეწვევა და სტუმრობა ორ დღეს გასტანს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან.

ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნა უელსის სამიტზე გადაწყდა და მის შესახებ საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა დეტალები არ ხმაურდებოდა. ცოტა ხნის წინ კი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ გაამხილა ის ადგილები, სადაც ცენტრი განთავსდება. მისი თქმით, იგი როგორც ვაზიანის, ისე კრწანისის ეროვნულ ცენტრს მოიცავს.

“სასწავლო ცენტრის მდებარეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ლოკაცია, ერთი შენობა. ეს იქნება სასწავლო ცენტრი, რომელიც შეიცავს რამდენიმე სიმულაციურ და სასწავლო-ტაქტიკურ რაიონს, რომლებშიც მოხვდება როგორც კრწანისის ეროვნული ცენტრი, ასევე ვაზიანის ტაქტიკური ველი და სასროლეთი”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

სტოლტენბერგის ვიზიტსა და ცენტრის გახსნას უმნიშვნელოვანეს მოვლენას უწოდებენ სფეროს სპეციალისტები და ამბობენ, რომ ეს ჩვენს სწრაფვას დასავლეთისა და დასავლური ღირებულებებისადმი კიდევ ერთხელ ცხადყოფს. თუმცა, მათი თქმით, აქ საფიქრალი ისაა, თუ რას უნდა ველოდოთ ჩვენი მეზობელი აგრესორი რუსეთისაგან.

პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე და აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ პირველი ნაბიჯი რუსეთმა უკვე გადადგა და ნავთობსადენის 1 700 მეტრიანი მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

გარდა ამისა, ავტომატის ჯერის დაფარვის ზონაში მოაქცია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი. ეს კი, დავითაიას თქმით, რუსებს საშუალებას აძლევს, მაგისტრალზე მოძრაობა შეაჩერონ. აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ ცენტრის ამუშავების შემდგომ მეტი საფრთხე დაგვემუქროს. თუნდაც ავტომაგისტრალთან და ნავთობსადენთან დაკავშირებით – “დღეს კი მიედინება მასში ნავთობი, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს ასე შეიძლება აღარ იყოს”, – შიშობს იგი.

გარდა ამისა, მისი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ “საზღვრის” დემარკაცია გაგრძელდება, ცხინვალის ე.წ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელია, რომ მან “საზღვარი” თრუსოს ხეობაშიც “აღადგინოს”. ამაზე, დავითაიას თქმით, განცხადებები უკვე კეთდება.

“აგრეთვე საუბარია იმაზე, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით რუსებმა ადგილობრივი მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყეს, რომ შემოდგომაზე კაშხლის აღებას აპირებენ. მოგეხსენებათ, კაშხალსაც და მისი მართვის პულტსაც ქართველი ენერგეტიკოსები აკონტროლებენ, რადგან აფხაზიენერგეტიკოსი ბუნებაში არ არსებობს.

“ჩემი ინფორმაციით, “ჩერნომორენერგომ” (აფხაზური ჯგუფი), რომელიც ენგურჰესზე მუშაობს, რუსეთის ენერგოსისტემასთან დაიწყო მოლაპარაკება, რათა შემოდგომაზე კაშხლის სპეციალისტები ჩამოიყვანოს. ცხადია, რომ რაღაც ღონისძიებები და ქართველების ჩამოცილება იგეგმება. შემდგომ კი ქართული ენერგოსისტემის მთლიანად ხელში ჩაგდება. აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა აგვისტოს ომის შემდგომაც ჰქონდათ, მაგრამ ვერ განახორციელეს.

“სწორედ ეს საფრთხეებია მოსალოდნელი შემოდგომისათვის. მათგან ერთ-ერთიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანაში სერიოზული კრიზისი შეიქმნას. ამ მიმართულებით ველოდები გართულებებს”, – აღნიშნავს დავითაია.

მისივე თქმით, მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუკი დასავლეთისაკენ მიდის, მაშინ გამაგრებაზეც აქტიურად იმუშაოს. გამაგრებაში კი იმას გულისხმობს, რომ თუნდაც კაშხლის მიდამოებში საჯარისო ფორმირებები უკვე განლაგდნენ. მიიჩნევს, რომ იქ ბლოკპოსტები უნდა გაკეთდეს.

გარდა ამისა, ბლოკპოსტები აუცილებლად უნდა განლაგდეს, დავითაიას აზრით, ცენტრალურ მაგსტრალთანაც და თრუსოს ხეობაშიც. რაც შეეხება ნავთობსადენს, აქ, მისი აზრით, პრობლემა უფრო რთულადაა, რადგან საკმაოდ მოზრდილი მონაკვეთი უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. მიიჩნევს, რომ მასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები.

“ამ ღონისძიებების გატარებას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, მთავრობა კონკრეტულ მომენტებში ცეცხლის ჩაქრობის პრინციპით მუშაობს. მაგალითად, როცა ბოლოს ე.წ. საზღვარი გადმოწიეს და ტრასამდე 400 მეტრიღა დარჩათ, აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ ეს დღეს აღარავის ახსოვს”, – ამბობს დავითაია.

ბლოკპოსტების მნიშვნელობაზე საუბრისას მაგალითად 2008-2012 წლები მოჰყავს და ამბობს, რომ სანამ ე.წ. საზღვართან ბლოკპოსტები იყო, იგი არ გადმოუწევიათ. როგორც კი მოხსნეს, მცოცავი ოკუპაცია დაიწყო. ჯერ 300 მეტრით გადმოწიეს, მერე 500-ით, მერე 1 კილომეტრით და ტრასასთანაც მოვიდნენ. მისი აზრით, ხელისუფლებას ჩვენი ტერიტორიების დაცვის შიში არ უნდა ჰქონდეს.

“დღეს არაფერი კეთდება და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ რუსეთი არ გააღიზიანონ. არადა ამ ცენტერის გახსნა მისი გაღიზიანების უმაღლესი წერტილია. მითუმეტეს, რომ იგი სააკაშვილსაც კი არ ჰქონია, მის დროსაც კი არ გახსნილა ნატოს საწვრთნელი ბაზა საქართველოში და ამის გაკეთება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როცა იგი რუსეთთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, რუსეთისთვის ორმაგად გამაღიზიანებელია”, – აცხადებს პაატა დავითაია.

ბაზის გახსნასთან დაკავშირებით პირდაპირი აგრესიის გამოხატვას არ ელის “კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი, თუმცა პროვოკაციების მოლოდინი საოკუპაციო ხაზთან აქვს. მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა გაგრძელდება.

“რუსეთის ხელისუფლებას თავისი პოზიცია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით არაერთხელ დაუფიქსირებია. კარგად ვიცით, რომ მას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ამიტომ, საქართველოში ნატოს ნებისმიერი სახით გამოჩენა რუსეთის მხრიდან ძალიან უარყოფითად იქნება აღქმული. რისკები, რაც ამ ყველაფერს ახლავს, არა მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ, არამედ ნატომაც უნდა შეაფასოს”, – აღნიშნავს იგი.

უფრო სერიოზულ საფრთხეს კი კანაშვილი იმ შემთხვევაში ელის, თუკი ალიანსთან კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ. მისი თქმით, ჩვენც და ნატოს წევრმა ქვეყნებმაც უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ ამ ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში რამე სახის გარღვევა და დაახლოება მოხდება, მაშინ ჩვენზე მე-5 პუნქტიც უნდა გავრცელდეს, რათა უსაფრთხოების გარანტია გვქონდეს. ამბობს, რომ ალიანსთან დაახლოება, ჩვენი უსაფრთხოებისათვის გვინდა და არა პირიქით. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ თუკი მასთან ურთიერთობა ქვეყანაზე ცუდად აისახება და რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან პროვოკაციებს გამოიწვევს, ხოლო ნატოს პასუხის გაცემის თავი არ ექნება, ჯობია, თავი შევიკავოთ, ან როგორმე გარანტიები მივიღოთ.

“კარგად ვხედავთ თუ რა ხდება უკრაინაში. იქ მიმდინარე პროცესებმა კარგად აჩვენა, რომ ევროკავშირისა და ნატოს ჩინოვნიკები ყოველთვის ყოვლისმჭვრეტელნი არ არინ. ის, რაც უკრაინას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გამო დაემართა, ჩვენ შესაძლოა ნატოსთან დაახლოების გამო დაგვემართოს, ასე რომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ”, – აცხადებს კანაშვილი.

გაზეთი “რეზონანსი”

Leave a Reply

Menu Title