ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

21 აგვისტოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

“ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი – ეს ურთულესი კომპლექსი 2012 წლამდე მსოფლიოს უდიდეს კაშხლად ითვლებოდა, ამჟამად ის ყველაზე დიდი ჰესია სამხრეთ კავკასიაში. მნიშვნელოვანია, რომ კარგად იყოს გააზრებული ინდუსტრიული და საინჟინრო მემკვიდრეობის მნიშვნელობა. ეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნითაც კეთდება. იუნესკოს 39-ე სესიაზე, რომელიც წელს ჩატარდა, ინდუსტრიული ნაგებობების საკითხს არაერთი თემა მიეძღვნა. ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 2015 წელს ევროპული კულტურული დღეების მთავარი თემაც ეს იქნება”, – განაცხადეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, როგორც ცნობილი ხდება, ენგურჰესზე გარკვეული სამუზეუმო სივრცე – ვიზიტორთა ცენტრიც მოეწყობა.

როგორც კულტურის სამინისტროში ამბობენ, 21 აგვისტოს ენგურჰესზე ღონისძიება ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთობლივად ჩატარდება. მას ორივე უწყების მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის დირექტორი დაესწრებიან. ღონისძიების შემდეგ, როგორც კულტურის სამინისტროში განაცხადეს, სტუმრებისთვის მიღება გაიმართება.

ცნობისთვის, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე
1300 მგვტ-ია. ჰესის ნაგებობებში შედის 271,5 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც ქალაქ ჯვართან ქმნის წყალსაცავს. ნაგებობათა კომპლექსში შედის აგრეთვე მიწისქვეშა ჰესის შენობა 5 ჰიდროაგრეგატით, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ენგურჰესმა 1978 წლიდან 2014 წლის ჩათვლით გამოიმუშავა 100 მლრდ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია.
ენგურჰესი ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის 40-42%-ს გამოიმუშავებს.

Leave a Reply

Menu Title