თურნავა: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან მალე გამოვა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან მალე გამოვა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო ანგარუიშის არდგენისს განაცხადა. მინისტრობის კანდიდატმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც 2021 წელს სახელმწიფო ქონების განკარგვის თვალსაზრისით იგეგმება.

„2019-2020 წლებში სახელმწიფო ქონების განკარგვის თვალსაზრისით ბევრი ახალი ინიციატივა განხორციელდა. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც გაცილებით უკეთ განიკარგება კერძო სექტორში, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და განხორციელდეს ახალი ინიციატივები. სახელმწიფო საწარმოების მართვის თვალსაზრისით სერიოზული რეფორმებია დაგეგმილი. საუბარია იმაზე, რომ იმ სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების უფრო მეტად კორპორატიზაცია და ცივილური მეთოდებით მართვა მოხდეს, რომელთა განკერძოება არ იგეგმება. საბოლოო ამოცანის მიხედვით კი, ის ფინანსურად უფრო მდგრადი და დამოუკიდებელი უნდა იყოს. ეს დაწყებულია, პირველ რიგში, ელექტროსისტემიდან. ძალიან ახლოს ვართ, რომ ეს ორგანიზაცია გაკოტრების რეჟიმიდან გამოვა და შეძლებს დამოუკიდებლად დაფინანსების მოპოვებას“,- განაცხადა თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიაში რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოსასვლელად ემზადებიან. არსებული გეგმით, რეჟიმიდან გამოსვლის შემდეგ, ჩამოყალიბდება ახალი სამეთვალყურეო საბჭო, რამაც უნდა უზრუნველყოს საბჭოს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი.

სამეთვალყურეო საბჭო, ასევე, დაამტკიცებს კომპანიის შემდგომი განვითარების პოლიტიკას, მათ შორის: შეტყობინების პოლიტიკას, ინფორმაციის გაცვლის პოლიტიკას, განახლებულ ეთიკის კოდექსს, დაინტერესებულ მხარესთან საქმიანი გარიგების დადების პოლიტიკას და სხვა).

რეფორმირების ფარგლებში ასევე მოხდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შვილობილი კომპანიის „ენერგოტრანსის“ შემოერთება, რის შედეგადაც მისი სატრანზიტო ინფასტრუქტურის ხარჯები, სსე-ის ტარიფში აისახება.  განხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კორპორატიზაცია, რაც მართვის მოდელის დახვეწას გულისხმობს.

ამავდროულად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ლარის ობლიგაციების გამოშვებისთვის ემზადება. კომპანია კაპიტალის ბაზრებდან წვდომის და კომერციული დაფინანსების მოპოვებისთვის საკონსულტაციო კომპანიას უკვე არჩევს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სსე-ში განუცხადეს, საშუალოვადიან პერიოდში  ობლიგაციები კომერციული პირობებით განთავსდება.

„ობლიგაციების განთავსების შედეგად მოზიდული სახსრებით, სსე მოახდენს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული გრძელვადიანი სესხების რეფინანსირებას. ლარში ნომინირებული ობლიგაციების განთავსება დადებითად აისახება საქართველოს სახელმწიფო ვალის დინამიკაზე. პროექტი მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მხარდაჭერით“, – აცხადებენ „სახელმწიფო ელექტროსისტემაში“.

კომპანიამ 2019 წელი 30 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. მომგებიანი იყო 2018 წელიც (47 მლნ ლარი). მზარდია შემოსავლები. 2019 წელს შემოსავალმა 257 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2013 წელს შემოსავალი 79 მლნ არ აღემატებოდა. თუმცა გაზრდილია ხარჯებიც, რაც 227 მლნ ლარს აღწევდა.

პოზიცია