სალომე ვარდიაშვილი: ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა გარდაუვალი იყო

ფასის ზრდა გარდაუვალი იყო, ვინაიდან ტარიფში გათვალისწინებული დარჩა მხოლოდ ის ხარჯი, რომელიც აუცილებელია კომპანიების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი ხარჯების ნაწილი არ გაითვალისწინა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ტარიფმა განიცადა კორექტირება ზრდის თვალსაზრისით. თქვენ დაწვრილებით იხილეთ, რა სახის დანახარჯები გაითვალისწინა მარეგულირებელმა კომისიამ და რა სახის დანახარჯები ამორიცხა. ჯამში „თელასისთვის“ 16 მლნ ხარჯი ამოირიცხა, ხოლო „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ 12 მლნ ხარჯი. სამწუხაროდ, მეტი დადებითი შედეგი შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, კომპანიები მოითხოვდნენ, ყველა იმ ხარჯის გათვალისწინებას, რომელიც თავდაპირველი ვერსიით წარმოადგინეს, თუმცა მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ფასის ზრდა გარდაუვალი გახლდათ, ვინაიდან ტარიფში გათვალისწინებული დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ის ხარჯი და ის საკითხები, რომლებიც აუცილებელია კომპანიების ნორმალური ფუნქციონირებისა და სათანადო მომსახურების მისაწოდებლად“, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.

სემეკ-ის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ასევე, ტარიფი გაუძვირდებათ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს.

პოზიცია