Monero cryptocurrency coin on a computer chip

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგი დასჯადი გახდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს კრიპტოვალუტის უკანონო მომპოვებლების წინაამღდეგ სანქციების გამკაცრების და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების თაობაზე კანონპროექტი წარუდგინა.

აფხაზი ენერგეტიკოსები იმედოვნებენ, რომ ეს ზომა ნაწილობრივ მაინც შეამცირებს ვირტუალური ვალუტის მოპოვებას, რომელიც რესპუბლიკის ენერგოსისტემას ანგრევს და მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.

ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული მწვავე ენერგოკრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ გრძელდება და ამის მიზეზად უკვე საყოველთაოდ და ოფიციალურად აღიარებულ იქნა კრიპტოვალუტების მაინინგი.

იმის გამო, რომ მოხმარებული ენერგიის საფასურს კონტროლის სისტემის არარსებობის გამო არავინ იხდის, მაინინგი ოკუპირებულ აფხაზეთში ძალიან პოპულარული ბიზნესი გახდა. ეს კი ენერგომოხმარებას ავტომატურად ზრდის, თუ წინა წლებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 5%-ით იზრდება, 2020-ში ზრდამ 30% შეადგინა.

კრიპტოფერმების საქმიანობის გამო აფხაზეთის ენერგოსისტემა უკიდურესად გადატვირთულია და მოძველებული ინფრასტრუქტურა მწყობრიდან თითქმის ყოველდღიურად გადის. მთელს აფხაზეთში ყოველდღიურად, სხვადასხვა ადგილებში, ყოველგვარი განრიგის გარეშე, ელექტროენერგია დღეში რამდენიმე საათით ითიშება.

ვითარების გამოსასწორებლად, ხელისუფლებამ მაინინგი უკანონოდ გამოაცხადა და კრიპტოფერმების გათიშვა დაიწყო. ამ მიმართულების დეკლარირებული წარმატებების მიუხედავად, არალეგალური მაინინგი გრძელდება, შუქი ყოველდღიურად ითიშება, ძაბვა ქსელში არა 220, არამედ 130-150 ვოლტია. ამის გამო ბოლო პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებლო ტექნიკა ფუჭდება და რიგითი მოქალაქეების ამ დანაკარგების გამო პასუხს არავინ აგებს.

სახელმწიფო ენერგოკომპანია „ჩერნორომენერგო“ ფერმების წინააღმდეგ შემოწმებებს ატარებს, მაგრამ უშედეგოდ, გათიშვის შემდეგ მაინერები ენერგოქსელს ისევ უერთდებიან და მუშაობას განაგრძობენ.

ენერგეტიკოსების აზრით, მაინერებთან ეფექტურ ბრძოლას სერიოზული სანქციების არარსებობა აფერხებს, ჯარიმა 2500 რუბლს შეადგენს, ეს კი მიზერული თანხაა მათ შემოსავლებთან შედარებით.

ახალი კანონპროექტი უკანონო მაინინგისთვის და ენერგოქსელთან თვითნებური მიერთებისთვის ჯარიმის გაზრდას და მაინინგის დანადგარების კონფისკაციას გულისხმობს. ჯარიმის თანხას მოპარული ელექტროენერგიის მოცულობა განსაზღვრავს. განმეორებითი კანონდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სასჯელიც – 1-დან 3 წლამდე.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ენერგოკრიზისს ენგურჰესის 3 თვით გაჩერებაც აღრმავებს. ამჟამად ის ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს, თუმცა, მაინინგი პრობლემებს აქაც ქმნის, რუსეთიდან მიღებული ენერგია შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ მოხმარება არ შემცირდა. თანაც, ჭარბი მოხმარებას მოძველებული ინფრასტრუქტურაც ვერ უძლებს და ყოველდღიურად, სხვადასხვა რაიონებში ადგილობრივი ქვესადგურები იწვის.

„ჩერნომორენერგოს“ დირექტორის მიხაილ ლოგუას თქმით, ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთი დღე-ღამეში 10, 5 მლნ. კვტ.ს. ენერგიას მოიხმარს, ხოლო რუსეთიდან 3 თვის მანძილზე 800 მლნ. კვტ.ს.-ს იღებს. მოხმარების დღევანდელი დონის შენარჩუნების შემთხვევაში, ეს საკმარისი არ იქნება და აფხაზეთში მწვავე ენერგოდეფიციტი წარმოიქმნება, აფხაზი სპეციალისტების გათვლებით ენერგოსისტემას 3 თვის მანძილზე 150 მლნ. კვტ. საათი დააკლდება.

Leave a Reply

Menu Title