პუტინის ევრაზიული “ოცნება” VS გაზი, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდგომ, მოსკოვმა ფორსირებულ რეჟიმში დაიწყო მუშაობა ევრაზიული კავშირის გასაძლიერებლად. პუტინი სულ უფრო აქტიურად მართავს შეხვედრებს პოსტ საბჭოთა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.

ოფიციალური მოსკოვი კავშირში გასაწევრიანებელ პოტენციურ წევრ ქვეყნებს სხვადასხვა სახის პრეფერენციებს სთავაზობს. ენერგომატარებლები კი რუსეთის მთავარი კოზირია, რომელსაც პუტინის ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებთან “სავაჭროდ” იყენებს. რუსეთისთვის სწორედ ბუნებრივი რესურსები ხდება ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მიზნების განხორციელების გარანტი.

ამ შემთხვევაში ჯერი სომხეთზე დადგა, რომელიც უკვე ოფიციალურად ევრაზიული კავშირის წევრია. რა თქმა უნდა, სომხეთის გადაწყვეტილებას შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვა რუსეთის მხრიდან და აღნიშნული გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის ტარიფზე აისახა. ოფიციალურმა მოსკოვმა და ერევანმა ბუნებრივი აირის ხელშეკრულების განახლებულ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს.

სომხეთი ახლად დადგენილი ტარიფის მიხედვით, დაახლოებით 13%-ით ნაკლებად შეიძენს ბუნებრივ აირს. კერძოდ ერევანი 1000 კუბურ მეტრ “ცისფერ საწვავში” 190 დოლარის ნაცვლად  165 დოლარს გადაიხდის.

პუტინის “კეთილი სურვილები” ბუნებრივი აირის ფასდაკლებასთან დაკავშირებით ყველაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებული სომხეთი ბუნებრივ აირზე პრივილეგირებული ტარიფებით ისარგებლებს, ის მისი ჩრდილოელი პარტნირისგან შეიარაღებული ძალების განსავითარებლად ფულად დახმარებასაც მიიღებს  200 მილიონი დოლარის ოდენობით.

პოლიტოლოგები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის შემდგომი ნაბიჯები უფრო მკვეთრი იქნება, და მიზნის მისაღწევად პუტინის ხელისუფლება სამუშაოებს უფრო მეტად გაააქტიურებს. უკვე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები პოსტ საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე განიხილება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უპირატესობები და ალბათ ნაკლოვანებებიც. ასევე ექსპერტების მოსაზრებით, მანამ, სანამ დასავლური სანქციებისგან მიყენებული დარტყმებით რუსეთის ეკონომიკა ბოლომდე “მოკვდება” რუსეთისთვის აუცილებელია ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრის შექმნა. სწორედ ამიტომ ცდილობს პუტინი ევრაზიული კავშირის იდეის განხორციელების დაჩქარებას.

energynews.ge

 

Leave a Reply

Menu Title