გიორგი ჩიქოვანი: “თუ არ აითვისა ქვეყანამ ჰიდრორესურსი, მაშინ რა ალტერნატივას გვთავაზობენ ოპონენტები?”

სიახლე არ არის, რომ საზოგადოების ნაწილში დიდი ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო განწყობებია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ბოლო პერიოდში მდინარე რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს. მათ გასული წლის 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აქციების მონაწილეები ტერიტორიიდან “ნამახვანიჰესის” ინვესტორის – კომპანია „ენკას“ წასვლას ითხოვენ.

დღეს კი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მომზადებული პეტიცია განიხილეს, რომელსაც 10 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს. კომიტეტმა პეტიცია მიიღო და დოკუმენტი განსახილველად მთავრობას გადაუგზავნა.

პეტიციის ავტორები “ონის კასკადის” და “ნამახვენჰესის” პროექტების შეჩერებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, აღნიშნულ პროექტებში გარემოზე ზემოქმედების რისკები გათვალისიწინებული არ არის, ამიტომაც მათი მოთხოვნაა, პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის ჩართულობით შედგეს და მთავარობამ გასცეს ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაც უკვე 110 დღეა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს იწვევს.

როგორც ის ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, ისე სხვა დაინტერესებული მხარეები მთავარ პრობლემად მთავრობის მხრიდან არასათანადო კომუნიკაციას ასახელებენ.

BM.GE-მ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს ჰკითხა, როგორი უნდა იყოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია, როცა საუბარია ერთი მხრივ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე, მეორე მხრივ მოქალაქეებზე, რომლებიც დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ამ პროცესში კი ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია გაჩერებულია და პროექტები ვერ ხორციელდება.

„მეტი ინტენსივობით არის ალბათ საჭირო კომუნიკაცია იმიტომ, რომ რა რთული ტექნიკური პრობლემაც არ უნდა იყოს, ამის მარტივი სიტყვებით გადმოცემა ყოველთვის შეიძლება ისე, რომ პირველმა კლესელმაც გაიგოს. ამისთვის პროფესიონალები არსებობენ. რთული ტექნიკური პრობლემები, რომელიც საქართველოს აქვს ენერგეტიკული კუთხით, მარტივად შეიძლება აიხსნას მოსახლეობისთვის. თუ გვინდა უკეთესად ვიცხოვროთ, მეტი ენერგია უნდა მოვიხმაროთ. კითხვას ვსვამ ასეთს, მაშინ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, თუ არ აითვისა ჰიდრორესურსი, შესაბამისად ვერ ავითვისეთ მზის და ქარის ენერგია, მაშინ რა ალტერნატივას გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები? ალბათ ძალიან მარტივად შეიძლება დასხდომა და ამაზე მსჯელობა, რომ მოსახლეობამ გაიგოს.

ალტერნატივა რა გვაქვს?! როდესაც რაღაცაზე ვამბობთ უარს, ყოველთვის უნდა ვთქვათ ალტერნატივა. ჯერჯერობით მე არ მომისმენია არანაირი ალტერნატივა, ციფრებში რომ გითხრათ, დღეს ჩვენ გვაქვს 13 მლრდ კილოვატსაათი მოხმარება. მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2030 წლისთვის ჩვენი მოხმარება დაახლოებით 10 მლრდ კილოვატსაათით გაიზრდება, რითი უნდა შევავსოთ ეს 10 მლრდ? მგონი, ამის გარშემო ძალიან საინტერესო მსჯელობა იქნება და სიამოვნებით მოვისმენდი ყველანაირ აზრს“-აცახდებს გიორგი ჩიქოვანი.

როგორ გადაჭრის მთავრობა ქვეყანაში მსხვილი ჰესების მშენებლობის დილემას, ეს ჯერ მკაფიოდ არ ჩანს. პოზიციებს არც მათი ოპონენტები თმობენ. ამასობაში კი საქართველოს დამოკიდებულება ელექტროენერგიის იმპორტზე წლიდან წლამდე იზრდება. მხოლოდ გასულ წელს ქვეყანამ მილიარდ 610 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია იყიდა, რაშიც 64,5 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

წყარო: BMG

Leave a Reply