ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესაჩერებლად სანქციების საკითხს განიხილავს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ევროპისთვის ცუდ გარიგებად მიიჩნევს.

„რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, ჩვენი პოზიცია უცვლელია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ცუდი გარიგებაა. ეს ცუდი გარიგებაა, რადგან ის ევროპას ჰყოფს და უკრაინასა და ცენტრალურ ევროპას რუსეთის მხრიდან მანიპულაციების საგნად ხდის. ეს პროექტი ეწინააღმდეგება ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში ევროპის გაცხადებულ მიზნებს“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჯენ ფსაკიმ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამ ეტაპზე რუსული გაზსადენის საკითხს განიხილავს და შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს, მის შესაჩერებლად სანქციების ამოქმედების საჭიროების კუთხით.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი – ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.

პოზიცია