მურმან მარგველაშვილი: მზისა და ქარის ენერგიების შედეგიანად გამოყენებას ესაჭიროება პიკური ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც დააბალანსებენ მათ ცვალებადობას

ბოლო პერიოდში, მზისა და ქარის ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად მზარდი სექტორია. მათ მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, მაგრამ ფაქტია, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მზისა და ქარის რესურსების ათვისება თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავაც რჩება. 

მსოფლიო გამოცდილების მსგავსად, საქართველოშიც თანდათან აქტუალური ხდება ალტერნატიული ენერგიის წყაროების (მზე, ქარი) ქსელში ჩართვის საკითხი. თუმცა, ისევე, როგორც ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც ენერგეტიკის ხსენებული დარგები მაინც ვერ უწევენ მნიშვნელოვან კონკურენციას უფრო ტრადიციულ დარგებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, მაგალითად, 50 მგვტ.სთ-იანი მზის ელექტრო სადგურის, ან ქარის სადგურების აშენების შესახებ, ალტერნატიული ენერგეტიკის მიმართულებით ინერტულობა მაინც შეინიშნება.

ენერგეტიკის ექსპერტის, მურმან მარგველაშვილის აზრით, აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარი მიხზეზი ის არის, რომ მზისა და ქარის ენერგიების შედეგიანად გამოყენებას ესაჭიროება პიკური ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც დააბალანსებენ მათ ცვალებადობას. საქართველო კი ვერ ახერხებს ჰიდრორესურსების შედეგიანად გამოყენებას.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასევე იყო წინააღმდეგობა გადამცემი ოპერატორისგან, რადგან მან არ იცოდა, თუ როგორ უნდა მოეხდინა დაბალანსება. ახლა უკვე შეძლეს გათვალა, რომ გარკვეულ სიმძლავრეზე შეუძლიათ აღნიშნულის განხორციელება. თუმცა, ხსენებული სიმძლავრისთვისაც კი ვერ შენდება ვერაფერი.“ – აცხადებს ექსპერტი.

მესამე პრობლემად კი ენერგეტიკოსს სუბსიდირებული ტარიფები მიაჩნია, რომელიც პრობლემას შეუქმნის მსგავს სადგურებს, რადგან ოპერირებისთვის მათ შემოსავალი ესაჭიროებათ.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply