მსოფლიო ბანკი: გარემოს დაბინძურება ერთი ქვეყნის საზღვრებს ცდება და რეგიონულ გადაწყვეტას საჭიროებს

მწვანე სანაპირო და ლურჯი ზღვა მდგრადი საქართველოსთვის – ამ სახელწოდების ვირტუალური ღონისძიება გაიმართა მსოფლიო ბანკის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა (BSEC) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, რომელზეც კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დაბინძურების საკითხებზე იმსჯელეს.

ღონისძიებაზე გაჟღერდა მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, რომლებიც წარმოდგენილია ბოლოდროინდელ ორ ანგარიშში: „კლიმატის ცვლილების ზემოქმედება საქართველოს სანაპირო ზოლზე: მოწყვლადობის შეფასება და ადაპტაციის შესაძლებლობები“ და „სანაპირო ზოლის დეგრადაციის ფასი საქართველოში: სანაპირო ზოლის ადაპტაციისა და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელების ხელშესაწყობი მონაცემები“.
„საქართველოს პრიორიტეტია, გააძლიეროს თავისი სანაპიროს, საზღვაო სივრცისა და ტურიზმის მდგრადობა და შეამციროს შავი ზღვის დაბინძურება,“ – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკისგან გაზიარებული გლობალური ცოდნითა და მისი მხარდაჭერით, საქართველოს კარგი პოზიცია აქვს 2015 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად აღებული კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში ახალი ეტაპის დასაწყებად. სანაპირო ზოლში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ღონისძიებებთან ერთად, გაცილებით მდგრად, „ლურჯ“ ეკონომიკაზე გადასვლა შესაძლოა ქვეყნისთვის სტრატეგული მიზანი გახდეს, რომელიც ხელს შეუწობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგისა და ეროვნული განვითარების ამოცანების განხორციელებას სანაპირო და საზღვაო რესურსების გამოყენებისას გარემოს დეგრადაციის და ეკოლოგიური დისბალანსის თავიდან არიდების პარალელურად.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიშებში ხაზგასმულია სანაპირო ზოლზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების და უმოქმედობით გამოწვეული მზარდი ხარჯების შემცირების გადაუდებელი აუცილებლობა, ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, რომ განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები კლიმატის ცვლილების მიმართ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ადაპტაციის უზრუნველსაყოფად. მთლიანობაში, „ლურჯი“ ეკონომიკა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის,“ – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე გაიმართა კონსულტაციები „შავი ზღვის გალურჯების“ პროგრამის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ბანკისა და BSEC-ის მხარდაჭერილ რეგიონულ ინიციატივას ზღვის დაბინძურებაზე რეაგირებისთვის და შავი ზღვის რეგიონში “ლურჯ” ეკონომიკაში ინვესტიციების დაჩქარებისთვის.

“გარემოს დაბინძურება ერთი ქვეყნის საზღვრებს სცდება და რეგიონულ გადაწყვეტას საჭიროებს. რეგიონული მიზნები იმგვარ ეროვნულ ინვესტიციებად უნდა გარდაიქმნას, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მარტო ებრძვის დაბინძურებას, არ შეუძლია სასურველი ხარისხის უზრუნველყოფა ზღვის წყლის ისეთ დახურულ ეკოსისტემაში, როგორიცაა შავი ზღვა. აუცილებელია საერთო ეკოსისტემის და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის განხილვა“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების მიმართულების რეგიონულმა დირექტორმა სტივენ შონბერგერმა.

წყარო: BMG

Leave a Reply