Tesla-მ შესაძლებელია ელექტრომობილების ბაზრის დომინანტის როლი დაკარგოს

Tesla, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დომინირებდა ელექტრომობილების ბაზარზე, პოზიციების დაკარგვას იწყებს. მსხვილი საავტომობილო მწარმოებლები, რომლებმაც თავის დროზე სათანადოდ ვერ შეაფასეს აღნიშული ბაზრის შესაძლებლობები და რამდენიმე წელი დაკარგეს, გონს მოეგნენ და აქტიურად იწყებენ შეტევას.

The Wall Street Journal–ის თანახმად, ბაზრის უახლესი მონაცემების მიხედვით, აშშ–ში Ford Motor Co. დაიკავებს Tesla–ს ბაზრის წილს. კორპორაციამ ცოტა ხნის წინ გამოუშვა პირველი ელექტრომანქანა Mustang Mach-E.

ევროპაში, მსოფლიოს უდიდეს ელექტრომობილების ბაზარზე, გერმანიის Volkswagen AG (VW)-მა გასულ წელს გაუსწრო Tesla–ს. მართალია, სხვა ბაზრებზე, მაგალითად აზიაში, Tesla კვლავ ინარჩუნებს და ზრდის კიდევაც თავის წილს, მაგრამ, ჩინელი მომხმარებელი უკვე აქტიურად განიხილავს საკუთარი წარმოების ანალოგებით ჩანაცვლებას.

ანალიტიკური სააგენტო Motor Intelligence–ის თანახმად, მაღალი პოპულარობის მქონე Mustang Mach-E–მ მთლიანი ელექტრომობილების 12% შეადგინა გასულ თვეში აშშ–ში. ამავდროულად, თებერვალში Tesla–ს წილი ბაზარზე დაახლოებით 79%-დან 69%-მდე შემცირდა.

დასავლეთ ევროპაში მყიდველებმა 2020 წელს დაახლოებით 98,000 Tesla–ს მანქანა დარეგისტრირეს. აღნიშნული დაახლოებით 11%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. ამავდროულად, რეგისტრირებული ელექტრომობილების საერთო რაოდენობა გაორმაგდა. ეს გახლავთ Schmidt Automotive Research-ის მონაცემები. Tesla–ს საბაზრო წილი 2020 წელს დაახლოებით 13%-მდე დაეცა.

Teslaსთვის მოვლენების ამგვარი განვითარება მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო

ბოლო წლებში არაერთხელ ითქვა, რომ Tesla–ს მკაცრი კონკურენციის პირობებში მოუწევდა ოპერირება. კომპანიები, როგორიცაა Volkswagen და General Motors Co მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს ახორციელებენ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელების გაფართოების მიზნით. Tesla–ს საბაზრო წილის შემცირება აშშ–სა და ევროპაში შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ კონკურენცია იწყებს გამძაფრებას, აღნიშნავს WSJ.

იაპონური ავტომწარმოებელი Honda Motor Co 2024 წლისთვის აპირებს ორი ახალი ელექტრომობილის შემოტანას აშშ-ს ბაზარზე. კომანია ასევე გეგმავს მისი ყველაზე პოპულარული მოდელების ჰიბრიდულ ვერსიების გამოშვებასაც.

ერთ–ერთი მათგანი გამოიცემა Honda–ს ბრენდის ქვეშ, ხოლო მეორე – Acura–ს მარკის ქვეშ. ორივე მოდელი შემუშავდება GM–თან პარტნიორობით. სექტემბერში, ჰონდამ და GM-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ჩრდილოეთ ამერიკაში ალიანსის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს თანამშრომლობას შესყიდვებისა და სატრანსპორტო პლატფორმების გაზიარების საკითხებში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ GM გეგმავს მეორე ელექტროძრავის ბატარეის ქარხნის აშენებას შეერთებულ შტატებში სამხრეთ კორეულ LG Chem Ltd-სთან თანამშრომლობით. კომპანიები უკვე აშენებენ 2.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ბატარეის საწარმოს ოჰაიოს შტატის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში. სავარაუდოდ, კომპანია მომავალ წელს დაიწყებს მუშაობას და მომავალში გამოუშვებს ბატარეებს ასიათასობით ელექტრომობილისთვის.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply