ელექტრომანქანები უფრო მეტ წიაღისეულ საწვავს მოიხმარენ, ვიდრე ჩვეულებრივი მანქანები?

ელექტრომანქანები ხშირად წარმოდგენილია როგორც “არაბინძურებელი” ან “ნულოვანი ემისიის მქონე” მანქანებად. მაგრამ ისინი შეიძლება სულაც არ იყვნენ შიგაწვის ძრავიან მანქანებზე ნაკლებად დამაბინძურებლები!

გარემოზე მათი ზემოქმედების შესაფასებლად მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

  1. როგორ გენერირდება ელექტრომობილებისთვის საჭირო ელექტროენერგია?

მართალია ელექტრომობილები უშუალოდ არ აბინძურებენ გამონაბოლქვით გარემოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ხშირად გარემოსთვის არც თუ ისე უსაფრთხო გზებით გენერირდება: მსოფლიოში ელექტროენერგიის 60%-ის გამომუშავება წიაღისეული საწვავით (ნახშირითა და ბუნებრივი აირით) ხდება. აღნიშნული კი იმის მაჩვენებელია, რომ ელექტრომანქანა თითქმის იმდენივე CO2-ს წარმოქნის თითო გავლილ კილომეტრზე, რამდენსაც ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე მანქანა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კუთხით ევროპაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად უკეთესია. მაგალითად, ბელგიაში ელექტროენერგია იწარმოება ნულოვანი ემისიის მქონე წყაროების გამოყენებით, მაგრამ, აქაც ჩნდება კითხვები: აღნიშნულ ენერგიის წყაროებში რა წილი უკავია ბირთვულ ელექტროენერგიას და რა – განახლებად ენერგიას (ქარის ენერგია, მზის ენერგია, ჰიდროენერგია)?

თუმცა, ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებითაც კი, ხსენებული ბელგიის მაგალითი მაინც პოზიტიურ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს ელექტრომობილებთან დაკავშირებით, რადგან არნიშნული გვიჩვენებს, რომ ელექტრომობილები ბელგიაში 3–ჯერ, 4–ჯერ ნაკლებ CO2-ს წარმოქმნიან თითო გავლილ კილომეტრზე, ვიდრე კლასიკური მანქანები. უფრო მეტიც, VUB–ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ელექტრომანქანა ზოგჯერ 15–ჯერ ნაკლებ CO2–საც კი წარმოშობს, როდესაც ის მუშაობს მწვანე ენერგიით გენერირებულ ელექტროენერგიაზე!

2. ელექტრომობილების წარმოების გარემოზე ზემოქმედება

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია, როდესაც ვაფასებთ ელექტრომანქანების გარემოზე ზემოქმედებას, თავად ხსენებული სატრანსორტო საშუალებების წარმოების პროცესია:

ა) ენერგომოხმარება

აღნიშნული მანქანების სხვა დეტალების წარმოება-აწყობის დროს გამოყენებულ ენერგიას (რომელიც ხშირად ისევ წიაღისეული საწვავია), რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ბატარეების წარმოება გულისხმობს ენერგიის უზარმაზარი ოდენობის მოხმარებას, რასაც ხშირად ახლავს გარემოს დიდი დაბინძურებაც.

ბ) იშვიათი ლითონების გამოყენება

გარდა ამისა, ელექტრომობილების ბატარეებს სჭირდებათ ძალიან სპეციფიკური მასალები, რომლებიც ხშირად საკმაოდ იშვიათია და მათი მოპოვება დაკავშირებულია გარემოზე მნიშვნელოვან მავნე ზემოქმედებასთან. განსაკუთრებით ლითიუმის ან კობალტის მოპოვება, რომელსაც ხშირად სერიოზული ეკოლოგიური ზიანი მოაქვს. აღარაფერი ვამბობთ მათ გადამუშავებასა და საბოლოო განთავსებასთან დაკავშირებულ უზარმაზარ პრობლემაზე.

ანუ, ელექტრომობილი ისეთივე დამაბინძურებელია, როგორც შიგაწვის ძრავიანი მანქანა?

ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ბუნდოვანება ჯერ კიდევ არსებობს, რადგან ექსპერტებიც კი ბოლომდე ვერ თანხმდებიან. პასუხის მისაღებად მეცნიერები არა მხოლოდ ცნობილ მონაცემებს ეყრდნობიან, არამედ ჰიპოთეზებსა და ასევე მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებსაც. მათი ვარაუდებით, ელექტრომობილები ზოგჯერ გაცილებით ნაკლებად დამაბინძურებელია, ზოჯერ თანაბრად, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში გაცილებით მეტად დაბინძურებულიც კია, ვიდრე შიგაწვის ძრავიანი ტრადიციული მანქანები.

თუმცა, ერთი საკითხზე ყველა მეცნიერი თანხმდება: წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილები ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენენ!

რადგან, დიზელსა და ბენზინზე მომუშავე მანქანები, გარდა CO2-ისა, ასევე გამოყოფენ ჰაერში სხვა მავნე დამაბინძურებლებსაც, როგორიცაა მაგალითად აზოტის ოქსიდები (NOx), რომლებიც კანცეროგენებად ითვლებიან.

მიუხედავად იმისა, რომ დიზელზე მომუშავე მანქანები 20%-ით ნაკლებ CO2-ს გამოყოფენ, ვიდრე ბენზინზე მომუშავე მანქანები, ისინი წარმოქმნიან უფრო მეტ ჯანმრთელობისთვის საშიშ წვრილ ნაწილაკებს. თვალისთვის უხილავი ეს ნაწილაკები შესაძლოა ფილტვებში მოხვდნენ და ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზიც კი გახდნენ!

ელექტრონომანქანები შეიძლება იყოს საინტერესო ალტერნატივა, თუმცა …

ელექტრომობილი შეიძლება გახდეს ძალიან კარგი ალტერნატივა, იმ პირობით, რომ წარმოების სისტემების სხვა ასპექტებიც იქნება ადაპტირებული, იქნება ეს ენერგეტიკული, სამრეწველო თუ ტექნოლოგიური.

ნინო სამადშვილი

Leave a Reply