ენერგეტიკა VS ეკოლოგია რა შედეგი მოგვიტანა ბოლო წლებში აშენებულმა ჰესებმა

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ 99 ჰესი ფუნქციონირებდა, მათგან 7 წყალსაცავიანი იყო, 19 სეზონური, 73 კი დერეგულირებული 13 მეგავატამდე სიმძლავრის. ჰიდროგენერაციის 49.5% – 4.079 მლრდ კვტ/სთ მარეგულირებლიან ჰესებზე მოდიოდა, სეზონური ჰესების წილი – 42.9%-ს შეადგენდა – 3.538 მლრდ კვტ/სთ. დარჩენილი 73 პატარა ჰესის ანგარიშზე კი მხოლოდ 631 მლნ კვტ/სთ ირიცხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რამდენიმე საშუალო სიმძლავრის ჰესი აშენდა, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით დეფიციტი და შესაბამისად იმპორტის საჭიროება მხოლოდ გაიზარდა.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი – ესკო ელექტროენერგიის გენერაციის, მოხმარების, ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის შესახებ ინფორმაციას 2006 წლიდან აღრიცხავს. 2006 წლის დეკემბერში საქართველოში ჰესების რაოდენობა 40-ს შეადგენდა. 14 წლის განმავლობაში 60-მდე ახალი ჰესი აშენდა, მაგრამ მათგან თითოეული ან მცირე სიმძლავრის იყო, ან სეზონური და არც ერთი წყალსაცავიანი. 2006 წელს სეზონური 15 ჰესი იყო, 2020 წელს 19, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი რაოდენობა სულ 4-ით გაიზარდა. „ბჟუჟაჰესი,“ „მარტყოფჰესი,“ „ალაზანჰესი,“ „სიონჰესი“ და „თეთრი ხევი ჰესი“ 15 წლის წინ „სეზონური ჰესების“ გრაფაში ეწერა, ტექნიკური პარამეტრების მიზეზით მათ მოგვიანებით „სეზონური ჰესების“ კატეგორიაში გადაინაცვლეს.

2006 წლის შემდეგ საქართველოში „ლარსი ჰესი,“ „ფარავან ჰესი,“ „დარიალ ჰესი,“ „ხელვაჩაური ჰესი 1,“ „“შუახევ ჰესი,“ „კირნათი ჰესი,“ „ოლდენერჯი ჰესი,“ „მესტიაჭალა ჰესი 1“ და „მესტიაჭალა ჰესი 2“ აშენდა. მათ 2020 წელს ჯამში 1.520 მლრდ კვტ/სთ გამოუმუშავეს, მთელი ჰიდროგენერაციის 18%-ზე მეტი.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი საშუალო სიმძლავრის ჰესი რომელიც 2006 წლამდე აშენდა „ხადორჰესი“ იყო, რომელიც ექსპლუატაციაში 2004 წელს შევიდა. მან 2020 წელს 108 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.

თუ 2020 წლის შედეგებს ავიღებთ. 1 წყალსაცავიანი ჰესის საშუალოწლიური გამომუშავება 583 მლნ კვტ/სთ-ა, სეზონურის – 186 მლნ კვტ/სთ, ხოლო მცირე სიმძლავრის – 8.7 მლნ კვტ/სთ. ეს რიცხვები ყოველწლიურად იცვლება. გასულ წელს კლიმატური პირობები უკიდურესად არახელსაყრელი იყო, 2010 წელს პირიქით. მაშინ მხოლოდ ერთმა ენგურჰესმა 4.3 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა – 5.4%-ით მეტი ვიდრე ყველა მარეგულირებლიანმა ჰესმა ერთად 2020 წელს. ზუსტად იმავე 7-მა სადგურმა 2010 წელს 6.525 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა, 60%-ით მეტი ვიდრე 2020 წელს, ამ შემთხვევაში 1 ჰესის წილად უკვე 932 მლნ კვტ/სთ მოდის.

გარდა იმისა, რომ წყალსაცავიანი ჰესი სეზონურთან შედარებით საშუალოდ 3.1-ჯერ, ხოლო დერეგულირებულთან შედარებით 67-ჯერ მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, მას სხვა პლუსებიც გააჩნია, კერძოდ ის სტაბილური მომარაგების გარანტორია. მის ჩამანაცლვებლად შეიძლება მხოლოდ თბოსადგური ან ატომური ელექტროსადგური განვიხილოთ. საქართველო ბირთვულ ენერგიას არ მოიხმარს, თბოსადგურები კი იმპორტირებულ ბუნებრივ გაზზე მუშაობენ. ბუნებრივი გაზი, გარემოს 2-ჯერ უფრო ნაკლებად აზიანებს ვიდრე ნახშირი, მაგრამ 10-ჯერ უფრო მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფს ვიდრე წყალსაცავიანი ჰესი. წყალსაცავიანი ჰესი გარკვეული რაოდენობის CO2-ს მხოლოდ მშენებლობის პროცესში გამოყოფს და შემდეგ ძალიან მცირეს ოპერირების პირველ წლებში.

საქართველოში ეკონომიკურად მომგებიანი ქარის ენერგიის პოტენციალი 1350 მეგავტს, ხოლო მზის ენერგიის 500 მეგავატს შეადგენს, მაგრამ მათი ჩართვა ქსელში სრულყოფილად მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუ ახალი დიდი ჰესები აშენდება, სხვა შემთხვევაში, მათი არასტაბილურობის გამო პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდება. ენერგიის შემნახველი ბატარეები გარდა იმისა რომ ძვირია, რაც აუცილებლად აისახება ტარიფზეც, არაეკოლოგიურიცაა, როგორც მათი წარმოება, ასევე შემდგომი უტილიზაცია.

ბოლო წლებში აშენებული ჰესებიდან, სიმძლავრისა და გამომუშავების მიხედვით შეიძლება გამოირჩეს 3: „დარიალჰესი,“ „შუახევჰესი“ და „ფარავან ჰესი.“ მათ 2020 წელს ჯამში 1.030 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავეს.

87 მეგავატი სიმძლავრის ფარავანჰესი ექსპლუატაციაში 2014 წლის ოქტომბერში შევიდა. მისი მშენებლობა $200 მლნ დაჯდა. 2020 წელს ჰესმა 325 მლნ კვტ/სთ, 2015-2020 წლების კი ჯამში 2.230 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა. საშუალოწლიური გამომუშავება მიმდინარე პერიოდში -372 მლნ კვტ/სთ.  ყველაზე ნაყოფიერი ჰესისთვის 2016 წელი გამოდგა, როდესაც მან ქსელს 428 მლნ კვტ/სთ მიაწოდა, 2020 წელთან შედარებით 32%-ით მეტი. აღსანიშნავია, რომ მცირე პროტესტის მიუხედავად, ფარავანჰესის მშენებლობას განსაკუთრებული უკმაყოფილება არ მოჰყოლია.

108 მეგავატი სიმძლავრის დარიალჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება 2016 წლის ნოემბერში დაიწყო, ოფიციალურად კი 2017 წლის აპრილში გაიხსნა. ჰესის საინვესტიციო ღირებულებამ $123 მლნ შეადგინა. ჰესმა 2020 წელს 445 მლნ კვტ/სთ, 2017-2020 წლებში კი 1.223 მლრდ კვტ/სთ, საშულოწლიურად 306 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, რაც დაგეგმილზე – წელიწადში 510 მლნ კვტ/სთ მთელი 40%-ით ნაკლებია. დარიალჰესი საპროექტოსთან მიახლოებულ სიმძლავრეზე მხოლოდ 2020 წელს გავიდა, ენერგოპლატფორმის განმარტებით, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ჰესთან შესაბამისი ელექტროგადამცემი ხაზი დაგვიაანებით იქნა მიყვანილი. გარემოსდამცველები დარიალჰესს თერგის წყლის დაშრობაშიც ადანაშაულებენ. ჰესის მესვეურები კი აცხადებენ, რომ მდინარის ნაწილის მხოლოდ მცირე მონაკვეთია მილებში მოქცეული და სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები, სადაც თითქოს წყალმა მნიშვნელოვნად დაიკლო რეალურად წელიწადის სხვადასხვა დროსაა გადაღებული, რაც მათ შესადარისად უვარგისს ხდის.

დარიალჰესთან შედარებით კიდევ უფრო მეტი პრობლემა შუახევჰესს შეექმნა. მშენებლობა ახალი დაწყებული იყო, როდესაც მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის მიერ ორჯერ გახსნილი ჰესი, კალაძემ (იმდროინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა) მესამედ გახსნა. (იგულისხმება მშენებლობის დაწყება). დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი 187 მეგავატიანი ჰესი 2017 წელს გაიხსნა. მისი სადაწნევო გვირაბი 38 კმ-ის სიგრძის იყო – ევროპაში მეორე. პროპლემები სწორედ ამ გვირაბს შეექმნა და რამდენიმე ადგილას ჩამოინგრა. ინვესტორს $400 მლნ-იანი ღირებულების პროექტზე $100 მლნ-ზე მეტის დამატება დასჭირდა. შეცდომის მიზეზად არასაკმარისი გეოლოგიური კვლევები დასახელდა. ჰესი ექსპლუატაციაში განმეორებით მხოლოდ 2020 წელს შევიდა და მან 258 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.

აშენებულის გარდა ეკონომიკურად მომგებიანი აუთვისებელი ჰიდროპოტენციალი, საქართველოს კვალობაზე საკმაოდ დიდია და 30 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს. უახლოეს პერიოდში მხოლოდ რამდენიმე ჰესის აშენება-დასრულება იგეგმება. დარჩენილი პოტენციალი კი იკარგება.

იმ მშენებარე ჰესებიდან რომელთა გამომუშავებაც წლიურად 100 მლნ კვტ/სთ-ს აღემატება ყველაზე მალე  53 მეგავატიანი „მტკვარი ჰესი“ უნდა დასრულდეს. მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 3 წლით 2022 წლამდე გადავადდა. მისი საინვესტიციო ღირებულება $152 მლნ-ს, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 252 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.

„ონის ჰესების კასკადიდან“ შემორჩენილი 122 მეგავტიანი „ონის ჰესი 1“ წესით 2024 წელს უნდა გაიხსნას. მისი საინვესტიციო ღირებულება $185 მლნ-ს,სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 440 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.

დაკნინდა „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ პროექტიც და 4-დან მხოლოდ 1 ჰესიღა დარჩა. ამჟამინდელი გეგმის თანახმად 192 მგვტ სიმძლავრის „ლენტეხის ჰესის“ მშენებლობა 2027 წელს უნდა დასრულდეს და მან ქსელს წლიურად 668 მლნ კვტ/სთ მიაწოდოს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $385 მლნ-ს შეადგენს.

თავდაპირველი გეგმის მოიხედვით „ცხენისწყლის ჰესების კასკადს“ 1.740 მლრდ კვტ/სთ, „ონის ჰესებს კასკადს კი 790 მლნ კვტ/სთ უნდა გამოემუშავებინა.

დიდი წყალსაცავიანი ჰესებიდან დასრულების ყველაზე მაღალი შანსი ნენსკრაჰესს გააჩნია. 280 მეგავატიანი სადგურის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, ელექტროენერგიის გამომუშავება კი უკვე 2019 წელს უნდა დაეწყო. წყალსაცავის მოცულობა 182 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს, ენგურჰესთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებს,  ინვესტიციის მოცულობა – $1 მლრდ-ს. ჰესს კორეული K Water აშენებს. 2015-2019 წლებში კორეულმა ინვესტიციებმა ჯამში $150 მლნ შეადგინა, თუმცა ჰესის მთავარი კომპონენტის კაშხლის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

დაიწყო და შეჩერდა კასკადური ტიპის ნამახვანჰესის მშენებლობა. ქვმო ნამახვანის სიმძლავრე 333 მგვტ უნდა ყოფილიყო, ზემო ნამახვანის – 100 მკგვტ, მათი ჯამური წლიური გამომუშავება –  1.560 მლრდ კვტ/სთ. საინვესტიციო ღირებულება კი – $800 მლნ.

ჰესის მშენებლობამ ქუთაისში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები გადაფარა. 130 დღეზე მეტი ადამიანებს კარვებში ეძინათ. ზოგს ტვიშის განადგურების საფრთხე აშფოთებდა, ზოგს ჰიპოთეტური 34 მეტრიანი ტალღის, ნაწილს ტარიფი არ მოსწონდა, ნაწილისთვის კი უბრალოდ თურქული კომპანია აღმოჩნდა მიუღებელი.

29 მარტს პრემიერმა ღარბიაშვილმა განაცხადა, რომ მშენებელ კომპანიასთან შეთანხმების საფუძველზე, კაშალის სამშენებლო სამუშაოები 9-12 თვით შეჩერდებოდა.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განმარტებით თურქულ კომპანის 280 ოჯახზე კომპენსაციის მიზნით უკვე გაცემული აქვს 34 მლნ ლარი, რაც ოჯახზე საშუალოდ 121 400 ლარი – 35 800 აშშ დოლარია.

სიმძლავრითა და მნიშვნელობით ყველაზე დიდი – ხუდონჰესის საკითხი უკვე აღარც განიხილება. თეორიულად 702 მეგავატი სიმძლავრის სადგურს 1.5 მლრდ კვტ/სთ საკუთარი ელექტროენერგია უნდა გამოემუშავებინა, ენგურჰესის უიაფესი – 1.86 თეთრიანი, წარმოადობა კი 500 მლნ კვტ/სთ-ით გაეზარდა. ჰესს 1.2 მლრდ-ის ინვესტიცია უნდა მოეზიდა. ამ ეტაპისთვის პროექტის ადგილიდან დაძვრის რაიმე წინაპირობა არ არსებობს.

ბოლო პერიოდში გავრცელდა მოსაზრება, რომლის თანახმადაც ახალი ჰესების მშენებლობა საჭირო არაა, და ძველი ჰესების რეაბილიტაციით მათი წარმადობა გაიზრდება. რებალიტაცია წარმადობას ზრდის, მაგრამ ბევრით ვერ. ენგურჰესის შემთხვევაში ეს 100-120 მლნ კვტ/სთ-ა. მისი საპროექტო სიმძლავრის 3%-ზე ნაკლები. პანდემიამდე ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა წლიურად 3%-ს აჭარბებდა და ჰესების წარმადობის ერთჯერადი 3%-ით ან თუნდაც 5%-ით გაზრდა მხოლოდ ზღვაში წვეთი იქნება.

ბევრი პატარა ჰესი ერთ დიდ ჰესს ვერ ჩაანაცვლებს, ვერც ქარისა და მზის სადგურები, თუმცა მათი კომბინაცია ჯამურ გენერაციას მნიშვნელოვნად გაზრდის და ყველა მიმართულებით ენერგოდეფიციტურ ქვეყანას, ელექტრონერგიის კუთხით საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებასა და ექსპორტის საშუალებას გაუჩენს.

წყარო: “კომერსანტი”


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply