საქართველოს პლასტმასის ნარჩენების ბაზრის პოტენციალი 534 მლნ ლარია

პლასტმასის ნარჩენების მართვა საქართველოსთვისაც სერიოზული გამოწვევაა. კავკასიის გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად საშუალოდ დაახლოებით 29,000 ტონა პლასტმასის ნარჩენს წარმოქმნის, რაც საერთო ნარჩენების 14.9%-ია. პლასტმასის ნარჩენების დიდი ნაწილი ნაგავსაყრელზე მიდის და, თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, შეიძლება ასობით ან ათასობით წელი არ დეგრადირდეს, რაც კიდევ უფრო დააბინძურებს გარემოს. 

“კარგია, რომ საქართველოს მთავრობაში უკვე არსებობს მზაობა, გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, მთავრობის მიზანია, რომ 2025 წლისთვის ქვეყანაში წარმოებული ნარჩენების 50% (ევროკავშირის მსგავსად), 2030 წლისთვის კი 80% გადამუშავდეს. თუმცა, ბუნდოვანია, როგორ შეიძლება ასეთი უკიდურესად ამბიციური გეგმის შესრულება, როდესაც ქართული ნარჩენების გადამუშავების ინდუსტრია ჯერ კიდევ განუვითარებელია. ამ გეგმის რეალობად ქცევას შეიძლება პლასტმასის ნარჩენების ღირებულებამ შეუწყოს ხელი. პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება არა მხოლოდ ათავისუფლებს ადგილს ნაგავსაყრელზე (და ამგვარად გვეხმარება უფრო ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებასა და მიწის სხვა დანიშნულებით გამოყენებაში), არამედ საშუალებას გვაძლევს, ღირებული დამატებითი პროდუქტები (პლასტმასი, გაზი, სინთეტური ზეთი) ვაწარმოოთ, თან დავზოგოთ ენერგია და არაგანახლებადი რესურსები (ნავთობი და სხვა წიაღისეული საწვავი). მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტის გამოთვლებით, ერთი ტონა პლასტმასის ნარჩენის გადამუშავებით იზოგება 5,774 კვტსთ ენერგია, 16.3 ბარელი ნავთობი, ენერგიის 98 მლნ. BTU (ბრიტანული სითბური ერთეული) და 30 კუბური იარდი ფართობის ტერიტორია ნაგავსაყრელზე,” – აცხადებენ SET-ის კვლევითი ინსტიტუტში.

სპეციალისტების განმარტებით, პლასტმასის გადამუშავებამ შეიძლება შექმნას სამუშაო ადგილები და საინვესტიციო შესაძლებლობები. 

ცნობისთვის, კავკასიის გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალის მონაცემებით, 2011 – 2015 წწ-ში საქართველოს პლასტმასის ნარჩენების ბაზრის პოტენციალი შეფასებულ იქნა 534 მლნ ლარად.

გაერთიანებული ერების (გაეროს) გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) პლასტმასით დაბინძურების პორტალზე განთავსებული ინფორმაციით, ყოველწლიურად, დაახლოებით, 300 მლნ. ტონა პლასტმასის ნარჩენი გროვდება გლობალურად. აღსანიშნავია, რომ ისტორიულად წარმოებული პლასტმასის მხოლოდ 9% გადამუშავდა, 12% დაიწვა, დარჩენილი 79% კი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა. ევროკავშირი გეგმავს, 2030 წლისთვის პლასტმასის ნარჩენების 55% გადაამუშავოს, ახლა ეს მაჩვენებელი 41%-ია.

წყარო: report.ge

Leave a Reply