საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად სომხეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიიღებს

2021 წლის 16 მარტს რუსულმა „გაზპრომ ექსპორტმა“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანსპორტირების მოკლევადიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

„გაზპრომ ექსპორტის“ განცხადებით, გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასიის“ (რუსეთ-საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენი) გეგმური სარემონტო სამუშაოების პერიოდში სომხეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიიღებს. სამუშაოები, სავარაუდოდ, სამი კვირა გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ სომხეთი გაზს კვლავ ძველი მარშრუტით, პირდაპირ საქართველოს ტერიტორიის გავლით მიიღებს.

„სოკარის“ წარმომადგენლის იბრაგიმ ახმედოვის განცხადებით, მილსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო, რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს საქართველოში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით გაზის დროებითი ტრანზიტის თხოვნით მიმართა. რუსეთი ტრანზიტის მომსახურებაში ფულს გადაიხდის.

2020 წელს სომხეთმა „გაზპრომისგან“ 2.2 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიიღო. გაზის მიღების ალტერნატიული მარშრუტი სომხეთ-ირანის გაზსადენია, რომელსაც რუსული გაზის სრულად ჩანაცვლების რესურსი არ გააჩნია.

მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიიღებს. სომხეთს სხვა საქონლის იმპორტისთვისაც არასდროს გამოუყენებია აზერბაიჯანის ტერიტორია. ამ მხრივ მნიშვნელოვან ცვლილებებს ელოდებიან მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ. 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყველა დაბლოკილი ეკონომიკური და სატრანსპორტო კვანძის გახსნას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით უკვე შექმნილია სამმხრივი სამუშაო ჯგუფი (რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეობით).

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით რუსული გაზის სომხეთში ექსპორტი მოკლევადიანი პროექტია, მსგავსი მოვლენა წარმოუდგენელი იყო მთიანი ყარაბაღის მეორე ომამდე. ახალი სატრანსპორტო დერეფნის თუნდაც დროებით გამოყენება ომის შემდგომ შექმნილი ახალი რეალობის მაჩვენებელია, რაც რეგიონის სატრანსპორტო-ეკონომიკურ ურთიერთობებში დიდი ცვლილებების მაუწყებელიც კი შეიძლება იყოს.

წყარო: gfsis.org


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply