საქართველოში პლასტმასის ნერჩენების გადამუშავებაზე 15-მდე საწარმო მუშაობს

დღესდღეობით საქართველოში პლასტმასის გადამუშავებაზე 15-მდე საწარმო მუშაობს, თუმცა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს არაერთი უცხოური კომპანია განიხილავს. მაგალითად, 2020 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინელი ინვესტორები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ხობში აპირებენ პლასტმასის გადამამუშავებელი მექანიკური ქარხნის გადმოტანას (ამ ინვესტორებმა 2020 წლის 20 იანვარს დაარეგისტრირეს შპს გლობალ რესაიკლინგი).

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის განმარტებით, თუ ეს საწარმოები მოახერხებენ ადგილობრივად წარმოებული ნარჩენებით სრული დატვირთვით იმუშაონ, ერთი მხრივ, ნაგავსაყრელებზე დაყრილი პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა, ხოლო მეორე მხრივ, პლასტმასის იმპორტი შემცირდება. შესაბამისად, ეს საწარმოები ეკონომიკურ დოვლათს შექმნიან, ქვეყანაში კი ეკოლოგიური ზიანი შემცირდება. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველო საკუთარი პლასტმასის ნარჩენებს ვერ იყენებს. 

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ აღნიშნავს, რომ ბევრი ადგილობრივი გადამამუშავებელი საწარმო თავადაა იმპორტზე დამოკიდებული, რასაც, მეტწილად, ადგილობრივად გრანულირებული პლასტმასის მასალის სიმწირე და ცუდი ხარისხი განაპირობებს. ეს, თავის მხრივ, იმითაა გამოწვეული, რომ ქვეყანაში ნაკლებად გროვდება დახარისხებული ნარჩენები და სორტირების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიებიც ნაკლებად გამოიყენება. ჩინური გადამამუშავებელი ქარხანაც კი, საინვესტიციო პროექტს თუ დავეყრდნობით, არ გეგმავს მხოლოდ ქართული ნარჩენების გამოყენებას.

“ვინაიდან ადგილობრივად „წარმოებულ“, ანუ, გადასამუშავებლად ვარგის, პლასტმასის ნარჩენებზე კონკურენცია იზრდება, საქართველოში მოქმედ სულ უფრო მეტ საწარმოს (როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო) მოუწევს, იმავე სტრატეგიას მიმართოს. საბოლოოდ, გადამამუშავებელი საწარმოების მოგება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ოპტიმალურ დონეზე სრული მოცულობით ოპერირებას. აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვები: როგორი იქნება იმპორტირებული მასალის ხარისხი; რა ზემოქმედება ექნება ამ ბიზნეს-მოდელს ქვეყანაში პლასტმასის ნარჩენების მართვასა და მის ეკოლოგიურ გავლენაზე. მნიშვნელოვანია, დავსვათ მნიშვნელოვანი კითხვა: საწარმოები მხოლოდ დახარისხებულ და მზა მასალას შემოიტანენ თუ შერეულ ნარჩენებსაც, რომლის ნაწილიც შეიძლება მექანიკურად გადამუშავდეს, ნაწილი კი გადაიყაროს. ეს ნამდვილად არ არის მარტივი საკითხი. საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, თუ მთელი იმპორტირებული პლასტმასი ადგილობრივი ნაგავსაყრელებიდან ამოღებულ ნარჩენებთან ერთად გადამუშავდება, საწარმოების წვლილი ქართულ ნაგავსაყრელებზე დაგროვილი პლასტმასის შემცირებაში უმნიშვნელო იქნება. ცუდი სცენარის შემთხვევაში კი, ქართულ ნაგავსაყრელებზე პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც,” – აცხადებენ ISET-ის კვლევით ინსტიტუტში. 

ცნობისთვის, საქართველო ამჯამად ნარჩენების მექანიკური გადამუშავების ტექნოლოგიას იყენებს.  მექანიკური გადამუშავებით შესაძლებელია ყველა ფორმის პლასტმასის ნარჩენის გადამუშავება. ეს ტექნოლოგია ეფექტურია პოლიეთილენის (PET), მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისა (HDPE) და პოლიპროპილენის (PP) გადასამუშავებლად, თუმცა არ გამოიყენება რიგი პროდუქტების გადამუშავებაში (ასეთებია პლასტმასის ფირები და მრავალშრიანი ან ლამინირებული პლასტმასი). შედეგად, ალტერნატიული მეთოდების არარსებობის გამო ასეთი მასალები ან ნაგავსაყრელზე ხვდება ან იწვება.

სპეციალისტები გამოსავალს ქიმიურ გადამუშავებაში ხედავენ.

“წლების განმავლობაში პლასტმასის გადამამუშავებელი ბიზნესები, პოლიტიკის შემმუშავებლები და ქიმიური საწარმოებიც კი გამოსავალს ქიმიურ გადამუშავებაში ხედავდნენ. ქიმიური გადამუშავების ტექნოლოგიას თეორიულად შეუძლია შერეული და დაბინძურებული პლასტმასის გადამუშავება და ითვლება, რომ მექანიკური გადამუშავების იდეალური დამატება და ნაგავსაყრელებისა და დაწვის პოტენციური ალტერნატივაა. ჯეროვნად განვითარების შემთხვევაში, ქიმიურმა გადამუშავებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს პლასტმასის გადამუშავება და შეიძლება ნარჩენების ღირებულ რესურსად გარდაქმნაშიც კი დაგვეხმაროს, რადგან ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, პლასტმასის მოლეკულებად დაშლით მივიღოთ გრანულირებული პლასტმასი, სინთეტური ზეთი და გაზი. მართალია, არსებობს იმედი, რომ ქიმიური გადამუშავება მნიშვნელოვნად შეამცირებს პლასტმასის ნარჩენებს და ეკონომიკურ დოვლათსაც შექმნის, თუმცა ეს ტექნოლოგია ბოლომდე დანერგილი არ არის. რამდენიმე საერთაშორისო წყარო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ქიმიური გადამუშავების ტექნოლოგიები ჯერ კიდევ სარისკოა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რომ ხელს უწყობს სათბური გაზების გამოყოფას და საკმაოდ დიდი ენერგიას მოითხოვს. GAIA-ის (ნაგავსაწვავთა ალტერნატივების გლობალური ალიანსი) ექსპერტების შეფასებით, სულ მცირე მომდევნო 10 წელი არ უნდა ველოდოთ, რომ ქიმიური გადამუშავების ტექნოლოგია იმდენად განვითარდება, რომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის ნაწილი გახდეს,” – განმარტავენ ISET-ის კვლევით ინსტიტუტში.

მათივე განმარტებით, პლასტმასის გადამუშავება პლასტმასის ნარჩენებისა და ეკოლოგიური დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმი იქნება, თუმცა ხსნა ნამდვილად არ არის. მოსალოდნელია, რომ სულ მცირე, მომდევნო 10 წელი წარმოებული და მოხმარებული პლასტმასის დიდი ნაწილი მაინც ნაგავსაყრელებზე აღმოჩნდება.

რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოში, რომ პლასტმასის ნარჩენების დაგროვება შემცირდეს და ეკოლოგიური დეგრადაციის პროცესი შენელდეს, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქართულ ნაგავსაყრელებსა და გარემოში დაგროვილი პლასტმასის ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება მაინც მოვიგოთ და პოტენციურად ქვეყნის განვითარებასაც შევუწყოთ ხელი. თუმცა ეს უცებ არ მოხდება და ყველა ჩვენგანს მოუწევს თავისი წილი სამუშაოს შესრულება ორგანიზაცია სამი სახის რეკომენდაციას გასცემს:

პირველი: დავუბრუნდეთ საწყისს. გადამუშავება მწვანე ცხოვრების მხოლოდ ერთი კომპონენტია ოთხიდან: შეამცირე, ხელახლა გამოიყენე, გადაამუშავე, გადაამისამართე. საჯარო და კერძო მოთამაშეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ გადამუშავება ვერ ჩაანაცვლებს დანარჩენ სამ კომპონენტს. ფიზიკური პირებმა და კომპანიებმა უნდა სცადონ, (1) პლასტმასი სხვა მასალით ჩაანაცვლონ და ამგვარად შეამცირონ მისი მოხმარება და გადაყრა, (2) როცა კი შესაძლებელია, ერთჯერადის ნაცვლად მრავალჯერადი მოხმარების პროდუქტები გამოიყენონ. პლასტმასის პროდუქტების ხელახლა გამოყენება და დანიშნულების შეცვლა დაგვეხმარება ბუნებაში დაყრილი პლასტმასის რაოდენობის შემცირებაში. მთავრობამ, თავის მხრივ, უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი – ცნობიერების ამაღლების კამპანიები თუ პროცედურული პასუხისმგებლობების შემოღება, სტანდარტებისა და ჭკვიანი გადასახადებისა თუ სუბსიდიების დაწესება – რათა კეთილსინდისიერი ქცევა წაახალისოს, მავნე ჩვევების სტიმული კი გააქროს.

მეორე: კარგის გაკეთების სურვილით ცუდი არ უნდა გავაკეთოთ. ცხადია, იდეალური იქნება, თუ მოვახერხებთ და პლასტმასის გადამუშავების სექტორში ინვესტიციების წახალისების პარალელურად გარემოს გასუფთავებასაც შევძლებთ. თუმცა, როგორც ვნახეთ, ეს იმედი უფროა, ვიდრე რეალობა, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს მცირე, განვითარებად ქვეყანაში. ამ მიმართულებით სწრაფად წინსვლა შეიძლება უკან ცუდად მოგვიბრუნდეს: არათუ მოსალოდნელი სარგებელი ვერ მივიღოთ, არამედ გარემოს სერიოზული და გრძელვადიანი ზიანიც მივაყენოთ. მთავრობა ვალდებულია, აქტიურად შეამოწმოს პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოები და მომავალი ინვესტორები და დარწმუნდეს, რომ მათი საქმიანობა მომგებიანია როგორც კომპანებისთვის, ისე – დანარჩენი ქვეყნისთვის.

წყარო: report.ge

Leave a Reply