“BP საქართველოს” დირექტორად აითან ჰაჯიევა დაინიშნა

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიკ გულიევი აითან ჰაჯიევას უკვე შეხვდა.

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიკ გულიევს და BP-ის ახალ დირექტორ აითან ჰაჯიევას შორის შეხვედრის დროს ელჩმა მიულოცა მას დანიშვნა. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს, აზერბაიჯანული კომპანიების საქმიანობასა და მათ მიერ განხორციელებულ, თუ მომავალში დაგეგმილ ინვესტიციებზე.

ჰაჯიევამ ელჩს საქართველოში BP-ის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, BP-ს საქართველოს ფილიალი, რომელსაც წელს დაარსებიდან 25 წელი უსრულდება, თავის ძირითად საქმიანობასთან ერთად რეგიონში განახლებადი ენერგიის დარგის პროექტების განხორციელებასაც უწყობს ხელს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეესტრის თანახმად, აითან ჰაჯიევა 2021 წლის 12 მარტიდან არის „ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალის” დირექტორი.

აზერბაიჯანის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ მსხვილ ტრანნაციონალურ კომპანიებში მაღალი თანამდებობების დაკავების მნიშვნელობაასაც.

შეგახსენებთ, რომ BP-ს სამხრეთ რეგიონის მასშტაბით კიდევ რამოდენიმე აზერბაიჯანის მოქალაქე ჰყავს დანიშნული საპასუხისმგებლო პოზიციებზე. მაგალითად, ნარმინა ნაბიევა არის აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ადამიანური რესურსების ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო ბახტიარ ასლანბეილი – შუა აღმოსავლეთსა და კასპიის რეგიონში ვიცე-პრეზიდენტი კომუნიკაციებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში.

ნინო სამადაშვილი


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply