“ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ინვესტორი არ იხდის გადასახადებს, რაც ტყუილია”

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკა“ გათავისუფლებულია გადასახადებისგან, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან წელიწადში 30 მილიონ ლარს გადაიხდის მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მინისტრი ხეობაში ურანის საბადოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

„რაც შეეხება ბუნებრივი რესურსის, ანუ ქვიშა-ხრეშის მოპოვების გადასახადს, კომპანია არც ამისგან არის გათავისუფლებული. კანონით დადგენილ საფასურს იხდის. ერთადერთი, რა უფლებითაც სარგებლობს ინვესტორი და ეს უფლება ძალიან დიდი ხნით ადრე, 2005-დან თუ 2010 წლიდან არის შემოღებული, რომ სტრატეგიულ ობიექტებს შეუძლიათ აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით აიღონ ლიცენზია. არა უფასოდ, არამედ აუქციონის გარეშე. ეს არის სტრატეგიული ობიექტი, 10 წლის შემდეგ მოხვდა ამ კატეგორიაში და ისარგებლა იმით, რაც ყველა სტრატეგიული ობიექტისთვის არის დაშვებული.

ძალიან საინტერესო და ყოვლად გასაოცარი ამბავი მოვისმინეთ, ასევე ალბათ შეგნებულად ტირაჟირებული იყო, თითქოსდა იქ არის ურანის საბადოები. გეოლოგებს რომ ვკითხეთ, სასაცილოდ არ ეყოთ ეს ინფორმაცია. ჩვენს სამინისტროში შედის წიაღის ეროვნული სააგენტო, რომელმაც ოფიციალური განცხადებაც კი გააკეთა. არცერთ დღემდე დაცულ მასალაში, ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელ მასალებში არ მოიპოვება რამე მსგავსი ცნობა, რომ იქ ურანი იყოს. მაგრამ იყო ასეთი რამ ნათქვამი, რაც საეჭვო გარემოებაა ჩვენთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.

Leave a Reply