“ჭრაქის შუქზე ვიდრე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება”

არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჭრაქის შუქს დავუბრუნდეთ, თუ მთელი ერი ამაზე შეთანხმდება. სწორედ ჭრაქის შუქზეა შექმნილი თითქმის ყველა გენიალური ქმნილება, რაც ჩვენი საგანძურია. მაგრამ, სანამ ამაზე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება, – ამის შესახებ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ირაკლი იაშვილი აღნიშნავს, თუ არ აშენდება წყალსაცავიანი ჰესები, ვერ მოხდება ქარისა და მზის ენერგიის განვითარება, ქვეყანა მუდმივად იმპორტდამოკიდებული იქნება.

„რეალობა ასეთია: 1. ეს ხელშეკრულება არის სტანდარტული PPA. ამის გარეშე ვერც ერთ დიდ ენერგოპროექტს ვერ განახორციელებ. ზუსტად ასეთი ხელშეკრულებებით არის აშენებული ყველა დიდი პროექტი, რაც აქამდე აშენებულა. 2. გაჩერებულია 84 პროექტი, ძირითადად მცირე და საშუალო ზომის. 5, 7, 8, 10 მეგავატი სიმძლავრის. არც ერთ ამ გაჩერებულ პროექტში არ ხდება წყლის დაგუბება და კაშხლის მშენებლობა. მაგრამ, მაინც გაჩერებულია ხალხის პროტესტის გამო. ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ. 3. თუ არ აშენდება წყალსაცავიანი ჰესები, ვერ განვავითარებთ ქარისა და მზის ენერგიას, ვიქნებით მუდმივ იმპორტდამოკიდებული მეზობლებზე. 4. იქ, იმ პროტესტში თავმოყრილია რამდენიმე ინტერეს-ჯგუფი: ა) გულწრფელი პროტესტი ადგილობრივი მოსახლეობის, ვისთანაც ნამდვილად საჭიროა მუდმივი კომუნიკაცია მთავრობის (ცოტა დაგვიანებულიც არის), ბ) მწვანეები და ვ) საეჭვო ინტერესის ხალხი (რაც გამოჩნდა არაერთხელ). ბოლო ორ კატეგორიასთან არანაირი აზრი არა აქვს კომუნიკაციას, იმიტომ, რომ აპრიორი არ მიიღებენ განსხვავებულ მოსაზრებას. მათი დღის წესრიგი საერთოდ არ ემთხვევა სახელმწიფო საჭიროებებს. 5. ზუსტად 4,5 წელიწადში, იმ შემთხვევაში, თუ სიმძლავრეები არ დავიმატეთ, დაგვეწყება შეზღუდვები. გადამცემი ხაზები ვერ შეძლებენ გაზრდილი იმპორტის გატარებას (ორი კვირის წინ ორჯერ მოხდა ავარიული მასიური გათიშვა სწორედ ამ მიზეზის გამო). 6. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჭრაქის შუქს დავუბრუნდეთ, თუ მთელი ერი ამაზე შეთანხმდება. ბოლოსდაბოლოს, სწორედ ჭრაქის შუქზეა შექმნილი თითქმის ყველა გენიალური ქმნილება, რაც ჩვენი საგანძურია. მაგრამ, სანამ ამაზე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება“, – აღნიშნავს ირაკლი იაშვილი.

Leave a Reply