ირაკლი ღარიბაშვილი: ნენსკრაჰესი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობის გარანტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ნენსკრაჰესი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობის გარანტი

სვანეთში მდინარე ნენსკრაზე საფუძველი ჩაეყარა 280მგვტ-იანი სადგურის ნენსკრას მშენებლობას. აღნიშნულ პროექტს საპარტნიორო ფონდი კორეულ K-Water-თან ერთად ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დაწყებას დაესწრო პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ასევე კომპანია K-Water-ის წარმომადგენლები.

მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ნენსკრა ჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ნენსკრა ზამთარში იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.

“ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში, ნენსკრა არის ყველაზე დიდი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის.

ნენსკრა ჰესი 280 მგვტ-ის სიმძლავრით იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰესი საქართველოში და მისი წლიური გამომუშავება იქნება 1,2 მილიარდი კილოვატ საათი. სადგური ელექტრო ენერგიის გამომუშავებას დაიწყებს 2019 წლიდან და 2021 წელს პროექტი საბოლოოდ დასრულდება.

რაც ყველაზე მთავარია ნენსკრა ზამთარში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემა გახდება მეტად უფრო მდგრადი და დამოუკიდებელი.” – განაცხადა პრემიერ მინისტრმა

ღარიბაშვილის განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონის ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა ნენსკრას ჰიდროელეტროსადგურის მშენებლობაში.

“ჩვენ ვიწყებთ წინამოსამზადებელ სამუშაოებს. პირველ რიგში იტალიური კომპანია Salini Impregilo ააშენებს და რეაბილიტაციას ჩაუტარებს სამშენებლო მოედანთან მისასვლელ გზებს. როგორც უკვე ავღნიშნეთ პროექტის ჯამური ღირებულება გახლავთ 1 მილიარდი ამერიკული დოლარი. სესხის კომპონენტში მონაწილეობენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ასევე აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის “ექსიმ ბანკი”. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტის მხარდამჭერები არიან ასეთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები. საპარტნიორო ფონდის კონსულტანტი იყო მსოფლიო ბანკი და კერძოდ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).”

პრემიერმა ასევე ყურადრება გაამახვილა იმ სამართლებრივი ფორმაზე, რომლითაც გაფორმდა ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან. აღნიშნული ხელშეკრულება გარკვეული პერიოდის შემდეგ გულისხმობს ჰესის უსასყიდლოდ გადმოცემას სახელმწიფოს საკუთრებაში.

“ჰესის მშენებლობა ემყარება ე.წ B.O.T (Built Operate Transfer) მოდელს, რომელიც არის შემდეგი შინაარსის, რომ ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰესი, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. მინდა მადლობა გადავუხადო ენერგეტიკის მინისტრს ბატონ კახა კალაძეს, საპორტნიორო ფონდის დირექტორს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს და მის გუნდს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ამ პროექტის განსახორციელებლად”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

Leave a Reply

Menu Title