„გამჭვირვალობის პრობლემა დღეს ენერგოსექტორში უმწვავესად დგას, შედეგად ზიანდება როგორც დარგი, ასევე ქვეყნის ეკონომიკა“ – გიორგი კაპანაძე

აქტუალობას არ კარგავს ჰიდროენერგოობიექტების, განსაკუთრებით, მსხვილმასშტაბიანი, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი. მსხვილი ჰესების ინფრასტრუქტურის,  ანუ მარეგულირებელი ენერგოობიეტების განვითარება კი პრატიკულად ერთადერთი გამოსავალია საიმისოდ, რომ საქართველო ენერგოიმპორტიორი ქვეყნიდან თვითკმარ და ენერგოექსპორტიორ ქვეყნად ტრანსფორმირდეს.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციში“ მიაჩნიათ, რომ ენერგეტიკის, მათ შორის, პირველ რიგში, ჰიდროენერგეტიკის განვითარების პრობლემის სათავე არ არის რომელიმე ცალკე აღებულ პროექტში ან მის კონკრეტულ მახასიათებლებში, არამედ, აფბას აზრით,საქმე გვაქვს სისტემური ხასიათის ხარვეზთან, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი პასუხგაუცემელი კითხვების სიმრავლეში გამოიხატება. ორგანიზაციამ აღნიშნული პრობლემის სიმწვავის და მისი გადაჭრის აუცილებლობის აღნიშვნით რამდენიმე დღის წინ სპეციალური განცხადებით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას. „ბანკები და ფინანსები“ აფბას ხელმძღვანელს გიორგი კაპანაძეს ესაუბრა.

– გიორგი, რატომ მიგაჩნიათ, რომ ენერგოსექტორის მთავარი პრობლემა საზოგადოებასთან არასაკმარისი კომუნიკაციაა?

საქმე ის არის, რომ კომუნიკაციის ხარვეზების ფონზე, საზოგადოებაში დღემდე არ არსებობს მკაფიო მოსაზრება ჰიდროენერგეტიკის ობიექტების სარგებელთან და ბენეფიტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ მისკომუნიკაციის და სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან დეზინფორმაციის აქტიურად გავრცელების გამო, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაურკვევლობის დონე საკმაოდ მაღალია.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან რეალურად უნდა გამოითქვას ეფექტიანი დიალოგის მზაობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს. რადიკალურად უნდა შეიცვალოს ენერგეტიკის სექტორში არსებული კომუნიკაციის მოდელი, რაც ერთი მხრივ, აქტიურ დიალოგს, ხოლო მეორე მხრივ, დარგში გამჭვირვალობის მაქსიმალურად ამაღლების პოლიტიკას გულისხმობს.

მე იმ ფაქტსაც ხაზს გავუსვამდი, რომ ჰიდროენერგეტიკის განვითარების მოწინააღმდეგე ჯგუფების მხრიდან, ხშირად ვაწყდებით მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიებს. ისიც ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში, მოცემული დეზინფორმაციის საფუძველს თავად სახელმწიფოს მიერ არჩეული კარჩაკეტილობის პოლიტიკა იძლევა. კერძოდ, არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ორგანიზაციებს ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვთ. ამიტომ, საზოგადოებაში სამართლიანად არსებობს განცდა, რომ ხელისუფლება დახურულ კარს მიღმა იღებს ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რაც უშუალოდ ეხება მათი ყოველდღიური ცხოვრების წესს.

ბუნებრივია, ინფორმაციის დამალვის მცდელობები და საჯაროობის დაბალი ხარისხი, დარგში მიმდინარე პროცესების შესახებ არასწორი ინტერპრეტაციების საფუძველი ხდება, რასაც, როგორც წესი, ხსენებული ჯგუფები საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად იყენებენ.

– რა გზას უნდა დაადგეს მთავრობა, ხელისუფლება მთლიანად, რომ თქვენს მიერ აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მეტად არ გაღრმავდს და პირიქით, დარეგულირებისკენ წავიდეს?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კომუნიკაციის ნაწილში გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც საზოგადოებას მოკავშირეებად და არა ოპონენტებად აქცევს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკის გამტარებელი პირების მიერ, ენერგოსექტორთან დაკავშირებულ ნებისმიერ სახელმწიფო ორგანიზაციას მკაფიოდ უნდა განემარტოს, რომ გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და გაატარონ მაქსიმალურად ღია და ტრანსპარენტული პოლიტიკა საჯაროობის თვალსაზრისით.

სხვათა შორის, ჩვენი ორგანიზაციაც, სულ ახლახანს, უშუალოდ შეეჩეხა იმ კარჩაკეტილ და ბუნდოვანებით სავსე პოლიტიკას, რომელსაც, სამწუხაროდ, სახელმწიფო ენერგოაქტორები ატარებენ. უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ვცდილობთ, ნათელი მოვფინოთ სექტორში არსებულ ვითარებას, რაც დაკავშირებულია დარგში ფინანსური ნაკადების მოძრაობასთან, მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალურ ტარიფებთან (ე.წ. საკონტრაქტო ფასები) თუ სხვადასხვა ტიპის ანალიტიკურ მონაცემებზე თავისუფალ წვდომასთან. სამწუხაროდ და ჩვენდა გასაოცრად, სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან ვაწყდებით გაუგებარი პასუხებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდების აბსოლუტურად მიუღებელ მცდელობებს.

ჩვენი შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნული და, ზოგადად, ენერგეტიკის განვითარების გამოწვევებთან დაკავშირებული რეალობა ცხადყოფს, რომ გამჭვირვალობის პრობლემა დღეს სექტორში უმწვავესად დგას და ამ კუთხით არსებული არასწორი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პერსპექტივას. ამიტომ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების და არსებულ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხების გაცემის ერთადერთი ეფექტიანი გზა გამჭვირვალობის უმაღლესი ხარისხის დაცვით არის შესაძლებელი.

– უფრო კონკრეტულად, რას მოუწოდებთ ხელისუფლებას? რა იყო თქვენი ორგანიზაციის მიერ ახელისუფლების მიმართ ხლახანს გავრცელებული განცხადების მიზანი?

ეჭვგარეშეა, რომ საქართველოსთვის ჰიდროენერგეტიკის განვითარება სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს როგორც უშუალოდ ენერგოსექტორის მდგრადობისთვის, ისე ეკონომიკური ან თუნდაც პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჰიდროენერგეტიკის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი უნდა იქცეს ეროვნული კონსესუსის საგნად, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ არ არსებობდეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა ჰიდროელეტროსადგურების სარგებელთან, საფრთხეებთან, ეკონომიკურ თუ გარემოსდაცვით ასპექტებთან მიმართებით.

ფაქტია, რომ  ქვეყნის ენერგოპოლიტიკის ქვაკუთხედს სწორედ ჰიდროენერგეტიკის განვითარება წარმოადგენს და ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების ერთადერთ სწორ გზად სწორედ ჰიდროპოტენციალის მაქსიმალურად ათვისება მიგვაჩნია.

ჩვენ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ერთმნიშვნელოვნად ვემხრობით საქართველოში ჰიდროენერგეტიკიკის განვითარებას. სწორედ ამიტომ ამოვწიეთ ზედაპირზე კომუნიკაციაში არსებული, უნდა ითქვას, სისტემური პრობლემები და  მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი მოწოდებები აღქმული იყოს, როგორც ამ საკითხში მოკავშირე და არა როგორც ჩასაფრებული პოზიციის მქონე ორგანიზაციის განცხადებად.

მთ უფრო, რომ სწორი და გამართული ენერგოპოლიტიკის წარმოება იმდენად მნიშვნელოვანი საქმეა, რომ აქ თავზე ხელის გადასმის და წაყრუების პოლიტიკა არავის არგებს. მაქსიმუმ, სავარაუდოდ, რამდენიმე ენერგობობოლამ იხეიროს საზოგადოების ხარჯზე. ეს არც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უნდა დაუშვან, არც საზოგადოებამ  თავისთავად და არც ხელისუფლებამ.

ამდენად, მივმართეთ ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ნებისმიერ ინფორმაციაზე თავისუფლად წვდომის შესაძლებლობა და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. გამოსავალი არის საკითხისადმი ამ ტიპის მიდგომაში.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply