რას მოუტანს საქართველოს შაჰ-დენიზის პროექტი?

შაჰ დენიზის გაზის საბადოს საოპერაციო ხარჯები გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შაჰ დენიზის გაზის კონდენსატის საბადოზე საოპერაციო ხარჯებმა შეადგინა 688 მილიონი აშშ დოლარი, კაპიტალური ხარჯი კი 188 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. როგორც BP- აზერბაიჯანის ანგარიშიდან ირკვევა, საბადოს საოპერაციო ხარჯები 469 მილიონი დოლარით, ანუ 3,14 ჯერ გაიზარდა, ხოლო კაპიტალური ხარჯი 38 მილიონი დოლარით, ანუ 17,3% -ითაა შემცირებული. კაპიტალური ხარჯების უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია შაჰ დენიზ -2 პროექტთან.

შეგახსენებთ, რომ შაჰ დენიზის პერსპექტიული რაიონების ძიების, განვითარების და საერთო წარმოების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 1996 წლის 4 ივნისს. წარმოების განაწილების ხელშეკრულება რატიფიცირებული იქნა 1996 წლის 17 ოქტომბერს.

პროექტის მონაწილეები არიან BP (ოპერატორი – 28,8%), AzSD (10%), SGC (6,7%), Petronas (15,5%), LUKoil და NIKO (10% თითოეული) და TPAO (19%).

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შაჰ-დენიზის საბადოზე 31 მილიონი ტონა ნავთობი გამომუშავდა. შაჰ დენიზის გაზის კონდენსატის საბადოს ექსპლუატაციაში მიღების დღიდან 1 აპრილამდე წარმოებულია 140 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ამავე პერიოდში ექსპორტირებულია შაჰ დენიზის საბადოდან მოპოვებული 95 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოდან წარმოებული ბუნებრივი გაზი ტრანსპორტირდება თურქეთში. ბუნებრივი გაზის მოცულობები თურქეთის ბაზარს მიეწოდება სამხრეთ კავკასიის მილსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) და TANAP- ით.

პირველი გაზი ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით თურქეთის ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. TANAP– ის საშუალებით თურქეთში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო 2018 წლის 30 ივნისს.

2021 წლის პირველ სამ თვეში ევროპაში გასულია დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრის აზერბაიჯანული გაზი.

აზერბაიჯანის ექსპორტის ზრდა თურქეთისა და ევროპის მიმართულებით “აწყობს” საქართველოსაც, რადგან აზერბაიჯანი ამ მიმართულებით გაზის ტრანზიტს საქართველოს გავლით ახორციელებს. ქვეყნები პარტნიორები არიან ისეთ უმსხვილეს რეგიონულ და საერთაშორისო პროექტში, როგორიცაა გაზის სამხრეთ დერეფანი.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის – „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება. გაზის სამხრეთ დერეფანი და გაფართოვდება და საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) – 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს. უნგრეთი აზერბაიჯანული გაზის მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს. ამ ენერგეტიკულ დერეფანში ჩართვას გეგმავს სერბეთიც.

გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. “ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა,” – ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.

ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. ეს ფაქტი ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება. ქართული მხარისთვის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ფაქტორებთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გაზის სამხრეთი კორიდორის პოლიტიკური ეფექტი: თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა, ანუ ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში, ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში – საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

წყარო: report.ge


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply