გერმანელმა ეკოლოგებმა სარჩელი შეიტანეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ

გერმანიის ბუნების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების კავშირმა (NABU) ჰამბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გაზსადენ
„ჩრდილოეთის ნაკადის 2“-ის წინააღმდეგ. სარჩელი შეეხება გაზსადენის ჯერაც დაუმთავრებელ მონაკვეთს უშუალოდ გერმანიის ეკონომიკურ ზონაში.

ეს არ არის გერმანელი ეკოლოგების სასამართლო სარჩელის პირველი შემთხვევა. აპრილის დასაწყისში გერმანიის საზღვაო ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ უარყო გაზსადენის ბოლო მონაკვეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული მათი პროტესტი.

NABU- ს პრეზიდენტის, იორგ-ანდრეას კრიუგერის, აზრით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ანადგურებს ზღვის ფსკერის ცხოვრებას „დაახლოებით 16 ფეხბურთის მოედანზე უფრო ვრცელ ფართობზე“, ხოლო ნეგატიური ზეგავლენის საერთო ზონა 10-ჯერ მეტია.


აპრილის დასაწყისში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა კიდევ ერთმა ეკოლოგიურმა ორგანიზაციამ – Deutsche Umwelthilfe (DUH). სარჩელების განხილვის განმავლობაში ჩერდება გერმანიის საზღვაო ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალური უწყების მიერ გაზსადენის ბოლო მონაკვეთის მშენებელობის ნებართვა.

28 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, შეწყდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის გაზის გერმანიაში ტრანსპორტირებას ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენით.

ევროპის პარლამენტი „მოითხოვს, რომ ევროკავშირმა შეამციროს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება და ამიტომ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდებს, შეწყვიტონ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის დასრულება და მოითხოვონ „როსატომის“ სადავო ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობის შეწყვეტა“, – წერია რეზოლუციის პროექტში.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

Leave a Reply