ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

ატმოსფეროს დაბინძურებამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა – გამოსავალი განახლებად ენერგიაშია

პანდემიასა და პლანეტარული მასშტაბის ლოკდაუნს გასულ წელს არც გლობალური დათბობა და არც გარემოს დაბინძურება შეუჩერებია. მართალია 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 7%-ით ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყო, მაგრამ ატმოსფეროში CO2-ის წილი მაინც გაიზარდა და 1 მლნ-დან 417 ნაწილაკს გადააჭარბა.

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის არსებობა სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობაა. მის გარეშე დედამიწა ყინულით დაიფარებოდა, თუმცა მის ზრდას მეორე უკიდურესობისკენ – გადახურებისკენ მივყავართ.

შორს აღარ არის დრო, როდესაც მარსზე პილოტირებული მისია განხორცეიელდება. ვენერა უახლოეს მომავალშიც კი არ განიხილება. ეს მაშინ, როცა მარსამდე უახლოესი მანძილი 55 მლნ კმ-ა, ვენერამდე – 42 მლნ კმ. უპირატესობა უფრო თალში საცემია სხვა ფიზიკურ პარამეტრებში. მარსის რადიუსი დედამიწის რადიუსის 53%-ს უდრის, ვენერის 95%-ს, ზედაპირის ფართობი შესაბამისად 28%-სა და 90%-ს, მარსის მოცულობა დედამიწის მოცულობის მხოლოდ 15%-ა, მასა 11%-ზე ნაკლები, ვენერას შემთხვევაში კოეფიციენტები 87 და 82 პროცენტს უთანაბრდება. გრავიტაციც მარს დედამიწის მხოლოდ 38% აქვს, ვენერას 90%-ზე მეტი. მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა. თუ მარსზე საშუალო ტემპერატურა -62 გრადუსია (-143-დან 30 გრადუსამდე) ვენერაზე ის 464 გრადუსს აღწევს, რაც თუთიის დნობის ტემპერატურას 44 გრადუსით, ტყვიის დნობისას კი 136 გრადუსით აღემატება. ვენერაზე ზედაპირი 40 გრადუსით უფრო მეტად ცხელდება ვიდრე მზის სისტემის პირველ პლანეტაზე – მერკურზე რომელიც მზესთან 2-ჯერ უფრო ახლოსაა. ამ სურათის მიზეზი მომაკვდინებელი ატმოსფეროა, რომელიც დედამიწისაზე 91-ჯერ უფრო სქელია და რომლის 96.5%-ს სწორედ ნახშირორჟანგი შეადგენს. იდეაში მარსის ატმოსფეროს 96%-იც ნახშირორჟანგია, მაგრამ მარსზე ატმოსფერო დედამიწასთან შედარებით 159-ჯერ გაიშვიათებულია.

სინათლისგან განსხვავებით მზისგან სითბოს პირდაპირ არ ვღებულობთ. მას მიწა იღებს და შემდეგ გასცემს. რამდენს გასცემს და რამდენს დაიტოვებს ეს უკვე ატმოსფეროზეა დამოკიდებული.

უკანასკენლი გამყინვარების პრიოდის დასრულების შემდეგ დედამიწაზე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის წილმა 1 მლნ-დან 280 ნაწილაკი ანუ 0.28% შეადგინა და XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე არც არაფერი შეცვლილა. დღეს კი უკვე 0.41%-ს აჭარბებს. ასეთი მაღალი კონცენტრაციის დონე პლანეტაზე ბოლო 5 მლნ წელია აღარ ყოფილა.

ვულკანების ამოფრქვევისა თუ სხვა ბუნებრივი მოვლენების შედეგად ნახშირორჟანგი გარემოში ისედაც ვრცელდება, თუმცა თუ ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებამდე ის წლიურად 10-20 მლნ ტონას შედგენდა, დღეს 36 მლრდ ტონას აჭარბებს.

წლიური გამოფრქვევის მოცულობამ 100 მლნ ტონას პირველად 1836 წელს გადააჭარბა, 500 მლნ-ს 1869 წელს, 1 მლრდ-ს კი 1884 წელს. პირველი და მეორე მსოფლიო ომების, უფრო მეტად კი დიდი დეპრესიის დროს ემისიის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ 1800 წლიდან 1945 წალამდე ყოველწლიური გამოფქვევა მკვეთრად 10 მლნ ტონიდან 5 მლრდ ტონამდე ანუ 500-ჯერ გაიზარდა, ატმოსფეროში მისი წილი მცირედით 280 ნაწილაკიდან 310-მდე გაიზარდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი იწყება როგორც თავად ემისიების, ასევე ატმოსფეროში მისი წილის ზრდა.

2016 წელს ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაციამ სახიფათოდ მიჩნეული 400-იანი ნიშნული გადალახა, იმ წელს სახელმწიფოებმა ჰაერში 35.2 მლრდ ტონა ნახშირორჟანგი გააფრქვიეს. ემისიამ პიკს – 36.5 მლრდ ტონას 2019 წელს მიაღწია, 2020 წელს კი 34 მლრდ ტონამდე შემცირდა, რაც 2011 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. გაფრქვევის კლების მიუხედავდ კონცენტრაცია მაინც გაიზარდა. იმ შემთხვევაშიც კი, ყველა ქარხანა, ყველა თბოსადგური, ყველა ავტომობილი, გემი და თვითმფრინავი ერთ დღეს რომ გაჩერდეს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის წილის ზრდა რამდენიმე წელი კიდევ გაგრძელდება.

საშუალო ტემპერატურა ბოლო 140 წლის მანძილზე 1 გრადუსით გაიზარდა. ფაქტის უარსაყოფად ცალკეული ცივი დღეების არგუმენტად მოშველიება არ გამოდგება, რადგან კლიმატი და ამინდი სხვადასხვა ცნებებებია. ტემპერატურის ზრდის შედეგად მილიონობით ჰექტარი მიწა იფიტება და მოსავლიანობა მცირდება, მცირდება სასმელად ვარგისი წყლის რესურსიც. ეს ყველაფერი თავის მხრივ ეთნოკონფლიქტების პროვოცირებასაც იწვევს. საბოლოო ჯამში უშუალოდ დათბობით, დაბინძურებული ჰაერის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებით, შიმშილით, არასრულფასოვანი კვებითა თუ დაბინძურებული წყლით წელიწადში 8 მლნ ადამიანი იღუპება, 4-ჯერ მეტი ვიდრე კოვიდით. საუკუნის პირველ 20 წელიწადში გლობალურმა დათბობამ იმაზე 2-ჯერ მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე ორივე მსოფლიო ომმა ერთად.

წიაღისეული საწვავის მოხმარების ზრდის შემთხვევაში, პესიმისტური სცენარით საუკუნის ბოლომდე გლობალური ტემპერატურა კიდევ 6 გრადუსით აიწევს. ნიუ-იორკს, ტოკიოს, სინგაპურს, ჰონგ-კონგს, შანხაის, სიდნეის, რიო-დე-ჟანეიროს ოკეანე დაფარავს იძულებით გადასახლება ასობით მლნ ადამიანს მოუწევს. ყინულის დნობის შედეგად ციმბირში ნახშირორჟანგზე უფრო საშიში მეთანიც გამოთავისუფლდება. განახლებადი ენერგიის წილის ზრდის ფონზე ასეთი აპოკლაფისური სურათი უკვე ნაკლებრეალისტურია, თუმცა გარანტირებული ჯერ არც ოპტიმისტური სცენარია, რომელიც ტემპერატურის 2 გრადუსია მატებას გულისხმობს.

წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირება და უკეთეს შემთხვევაში განულება, აუცილებელი, მაგრამ არასკამარისი წინაპირობაა. კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ტყეების გაჩეხვა წარმოადგენს, რაც ნახშირორჟანგის შთანმის შესაძლებლობებს ამცირებს.

ატმოსფეროს დაბინძურება და გლობალური დათბობა ინდუსტრიალიზაციისა და ტექნოლოგიური წინსვლის ბნელ მხარეს წარმოადგენს, მაგრამ საერთო ჯამში დადებით შედეგებს მაინც ვერ გადასწონის. სწორედ ბოლო 200 წელიწადში მოსახლეობა 1 მლრდ-დან 7.8 მლრდ-მდე გაიზარდა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაორმაგდა და 70 წელს გადააჭარბა, ზოგიერთ განვითარებულ სახელმწიფოში 85 წელსაც. მონათმფობელობა და ფეოდალური წყობილება დაემხო, ქალის უფლებები კაცისას გაუთანაბრდა, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა პროცენტული წილი 95%-დან 9%-მდე შემცირდა (2020-ში კოვიდრეგულაციების შედეგად ის სავარაუდოდ 10%-ს გადააჭრბებდა, რაც დროებითი მოვლენაა).

წარსულში გადახედვით შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ძალიან ბევრი ზიანის თავიდან აცილება შეგვეძლო, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ ვერ მოვახერხეთ. ელექტრომობილი და მზის ელექტროსადგური არ წარმოადგენს არც XX და მით უფრო არც XXI საუკუნის ტექნოლოგიებს, ერთიც და მეორეც XIX საუკუნეში გაჩნდა. ახლა მხოლოდ წარმოდგენით შეგვიძლია აღვადგინოთ ის სურათი, თუ როგორი იქნებოდა მსოფლიო ნავთობზე დამოკიდებული რომ არ გამხდარიყო.

ელექტრომობილების, მზის პანელების, ქარის ტურბინებისა თუ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების წილის ზრდა მომავლის გარკვეულ იმედებს აჩენს. ფასების კლებისა და ტექნოლოგიების დახვეწის შემთხვევაში, (ელექტრომობილისთვის სუპერსწრაფდამტენის) პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება. დღეისთვის მზისა და ქარის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი 7%-ს შეადგენს, ელექტრომობილების კი 1%-ზე ნაკლებია, თუმცა გაყიდვებში უკვე 4.4%-ს გადააჭარბა.

საქართველო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოს არამხოლოდ მდიდარ ქვეყნებს საშუალო მაჩვენელელსაც ჩამორჩება. ჩამორჩენა იგრძნობა ტექნნოლოგიებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილზე განბაჟების ნულოვანი ტარიფი მოქმედებს, მათი წილი მიზერულია. დღემდე არ არსებობს მზის ელექტროსადგური და ქარის ელექტროსადგურის წილიც ჯამურ გენერაციაში 0.8%-ზე ნაკლებია. საქართველოშიც ადამიანებზე იგივე სტიულები მოქმედებს რაც სხვაგან. ფასების კიდევ უფრო ვარდნის შემთხვევაში აღნიშნულ ტექნოლოგიებზე მოთხოვნის ზრდაა მოსალოდნელი.

წიაღისეულმა საწვავმა კაცობრიობას დიდი მსხვერპლის ფასად დიდი განვითარებაც მოუტანა, მაგრამ მისი ეპოქა, მორალურადაც და ტექნოლოგიურადაც დაძველდა. ნიბთების ინტერნეტის პარალელურად ნახშირის წვის გაგრძელება სხვა ყველაფერთან ერთად არალოგიკურიც გახდა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply