კახა კუჭავა: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ნამდვილად მაკლია კომუნიკაცია – სჯობს დღეს დაიწყოს

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პირველი, რაც ჩემი შეფასებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ნამდვილად მაკლია კომუნიკაცია, რომელიც არ არსებობდა, ან ჯობია დღეს დაიწყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ნამდვილად მაკლია კომუნიკაცია, რომელიც არ არსებობდა, ან ჯობია დღეს დაიწყოს და საბოლოოდ მოხდეს საკითხების განხილვა-შეჯერება. გარკვეული ინფორმაციები მოვისმინე, რომელიც როგორც ვიცი, არ შეესაბამება სიმართლეს. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან დიალოგი და შანსი, რომელიც კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით შეიძლება, გაჩნდეს, რომ პოზიციები საწყის ეტაპზევე დაახლოვდეს, კარგად ავხსნათ, მათ წუხილს კარგად მოვუსმინოთ და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნას მიღებული“, – განაცხადა კუჭავამ.

ამ განცხადებით კახა კუჭავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა გასახსნელი სხვა ტიპის დისკუსია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასთან და ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, რათა ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას საზოგადოებასთან მუდმივი დაძაბულობა არ ჰქონდეს და ყველასთვის გასაგები გახდეს, რა ენერგოპოლიტიკა აქვს ქვეყანას.

მისი თქმით, „ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაში.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ კითხვებს აჩენს შეფასებები, რომელიც ამ პროექტთან დაკავშირებით არსებობს, კვლევები დამატებით უნდა გაკეთდეს და თუ ვინმეს მხრიდან ამის სხვა მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა არსებობს, ამას საბოლოოდ დაესვას წერტილი“, – განაცხადა კუჭავამ.

Leave a Reply