ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ზეგავლენა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე

ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ, პორტები და ოფშორული ინფრასტრუქტურა კვლავაც რჩება რისკის ზონად, რადგან ბუნებრივია, ძალიან მაღალია მათი დაზიანების შესაძლებლობა. კონფლიქტის გაჭიანურების შეთხვევაში, ცხადია, რისკი კიდევ უფრო გაიზრდება.

ბოლო 12 დღის განმავლობაში ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობა მნიშვნელოვნად გამძაფრდა.

ისრაელსა და “ჰამასს”, ასევე, ღაზის სექტორში მოქმედ სხვა პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი ორშაბათს, 10 მაისს დაიწყო, რასაც წინ უძღოდა მძიმე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის იერუსალიმში, მუსლიმთათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან. ამის შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყეს, ისრაელმა კი ღაზაზე — საჰაერო დარტყმები.

მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხარეს იზრდება, ისრაელის ქალაქებში კი მწვავდება ძალადობა ებრაელებსა და არაბებს შორის.

“ასხელონის” ნავსადგურის მახლობლად მოხდა სარაკეტო შეტევა ნავთობპროდუქტების ობიექტზე, რის შედეგადაც “შევრონმა” სასწრაფოდ შეაჩერა “თამარის” პლატფორმის მუშაობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ “შევრონს” ჯერ არ შეუწყვეტია მოპოვებითი სამუშაოები კიდევ ერთ ოფშორულ აქტივზე – “ლევიათანის” საბადოზე, რომლის პლატფორმაც ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. თუმცა, კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში, ბუნებრივია შეიძლება დადგეს მისი დახურვის საკითხიც.

“შევრონის” 2020 წლის წლიური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს, “თამარის” საბადოდან ბუნებრივი აირის დღიური სუფთა წარმოება საშუალოდ 5 მლნ კუბური მეტრი იყო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ისრაელი და ეგვიპტე ახალი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ, რის თანახმადაც ევროპა ებრაულ გაზს ეგვიპტის გავლით მიიღებს. იერუსალიმში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ისრაელის ენერგეტიკისა და ეგვიპტის ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრებმა.

დოკუმენტის მიხედვით, სწორედ საბადოებიდან “ლევიათანი” და “თამარი” მოხდება ბუნებრივი აირის ეგვიპტეში მდებარე ქარხნისთვის მიეწოდება.

ისრაელ-პალესტინას შორის კონფლიქტის გაჭიანურება, ან კიდევ უარესი – გამწვავება, მნშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის ხსენებულ პროექტს.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply