რას გულისხმობს ენერგეტიკის ახალი რეფორმა?

ენერგეტიკის რეფორმა რამდენიმე წელია, მიმდინარეობს და მიმართულია იმისკენ, რომ ევროპის ენერგეტიკულ ბაზარს დავემსგავსოთ“, – ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ უფროსმა ანალიტიკოსმა, მარიამ ჩახვაშვილმა ენერგეტიკის რეფორმაზე საუბრისას ,,კვირას” განუცხადა.

მისი თქმით, რეფორმის მიხედვით, ,,თელასი” და ,,ენერგოპრო” გაიყოფა და ცალკე კომპანია შეიქმნება, რომელიც საზოგადოებას ელექტროენერგიას მიაწვდის.

,,ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა ბევრ სხვადასხვა ნაწილს მოიცავს, ერთ-ერთია ბირჟის ჩამოყალიბება. თვითონ ენერგეტიკის რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ ევროპის ენერგეტიკულ ბაზარს დავემსგავსოთ და ინვესტორებისთვის უფრო მარტივი იყოს აღქმა, თუ როგორ მუშაობს ბაზარი; ასევე, იყოს თავისუფალი საბაზრო პრინციპები და მეტად კონკურენტული სექტორი. ერთი ნაწილი არის ის, რომ უფრო მეტი კომპანია ივაჭრებს საბითუმო ბაზარზე და, შესაბამისად, მსხვილი მომხმარებლები გამოჩნდებიან.

ეს რეფორმა რამდენიმე წელია, მიმდინარეობს და მსხვილი მომხმარებლების რიცხვი გაიზარდა 17-მდე, 1-ელი ივლისიდან კიდევ რამდენიმე კომპანია დაემატება. რეფორმა შეეხება ,,თელასსა” და ,,ენერგოპროს”, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს კომპანიები უნდა გაიყონ. ისინი არიან ხაზის მფლობელები და ასევე ელექტროენერგიის ვაჭრობაში არიან ჩართულები. რეფორმა ითვალისწინებს, რომ ხაზის ფლობა უნდა იყოს ცალკე კომპანიის ქვეშ და ყიდვა-გაყიდვა – ცალკე კომპანიის. ,,თელასიც” და ,,ენერგოპროც” გახდებიან ხაზის მფლობელები და ცალკე კომპანია შეიქმნება, რომელიც საზოგადოებას ელექტროენერგიას მიაწვდის. მომავალში, ეს ნიშნავს, რომ ამ სექტორში შევლენ ახალი მოთამაშეები, რის გამოც მოსალოდნელია, ფასმაც დაიწიოს. აღნიშნული იგეგმება 1-ელი ივლისიდან, თუმცა, ივლისიდან ამით მომხმარებლებისთვის არაფერი შეიცვლება, მათ ჩვეულებრივად მიუვათ ქვითრები, როგორც – აქამდე. თუმცა, ეს იქნება პირველი ნაბიჯები, რომ კონკურენცია ჩამოყალიბდეს, რასაც რეფორმა ითვალისწინებს.

ენერგეტიკული ბირჟისა და ბაზრის ტესტირების რეჟიმში ბაზრის მონაწილეები ჩართულები არიან, მაგრამ მაინც ყველას ჰქონდა შეგრძნება, რომ ბოლომდე მზად არ არიან, ხვალვე აიღონ პასუხიმგებლობა და ივაჭრონ ბაზრებზე თავიანთი ენერგიით. ამ 6 თვეს ისინი გამოიყენებენ იმისთვის, რომ დატესტონ, რას მისცემს ეს რეფორმა მათ და 6 თვის შემდეგ, იანვრიდან მათი ქმედებები იქნება რეალობაში აღქმული”, – განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ხორციელდება ენერგეტიკული სექტორის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის ამოცანაა ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკის სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და, ასევე, გენერაციის მოცულობის წილი, რომლებიც ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბაზრებზე.

წყარო: “კვირა”

Leave a Reply

Menu Title