„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვებს გაშლიან

გოლეთიანის განცხადებით, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვებს გაშლიან და 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

„დღეს ეს მოედანი დაიფარება კარვებით, აქ ვრჩებით, მეგობრებო, ხვალ 12:00 საათამდე ველოდებით პასუხს, ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან, რომ სრულდება ყველა ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლა ვითარდება, ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას, მას აღარ დარჩება სივრცე, რომ სხვაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა, რომ რომელიმე დესტრუქციულმა ძალამ აიძულოს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული.

მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება.

Leave a Reply