თბილისში აქციები დასრულდა, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან

თბილისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა. შემაჯამებელი აქცია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.

აქციის მონაწილეები თბილისს ტოვებენ და როგორც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი რიონის ხეობაში ბრუნდებიან.

“ბრძოლა გაგრძელდება ნამახვანში და ეს იქნებაარა ფიზიკური, არამედ უსისხლო ბრძოლა. ჩვენ ჩაბმული ვართ ამ უსისხლო ბრძოლაში უკვე ნახევარი წელია და ასე უსისხლოდ მივიტანთ ამას ბოლომდე. ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს, მორალურ ომში ვართ გამარჯვებული ხელისუფლებასთან და ყველა იმ პერსონასთან მიმართებაში, რომელიც ტალახს გვესვრის და ცდილობს, გაამარგინალოს ჩვენი ეს მოძრაობა. ამიტომ, საკითხი დგას მკაფიოდ. ჩვენ ამ მორალურ ომს ჩვენ გავიყვანთ ბოლომდე სწორად, მშვიდობით, ერთობით და სულისკვეთებით გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს და როგორც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, სხვა ვექტორზე გადაგვიყვანოს, დაგვანაწევროს, გააჩინოს დაპირისპირება ჩვენს შორის, ამას ვერ შეძლებს და ამის გარანტი ვართ თითოეული ჩვენგანი, ვინც დღეს ამ მოედანზე ვდგავართ”, — განაცხადა გოლეთიანმა.

პარალელურად, ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეების ცნობით, გუმათჰესთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ აღმართა რკინის ბარიკადები.

Leave a Reply