„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პირველი ხაზის მშენებლობა დასრულდა

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პირველი ხაზის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზსადენის პროექტის ოპერატორი, კომპანია Nord Stream 2 AG-ი ავრცელებს.

„დღეს გაზსადენის პირველი ხაზის მშენებლობა დასრულდა. ჯერ კიდევ საჭიროა გაზსადენის დაგებული მონაკვეთების შეერთება. მეორე ხაზზე გაზსადენის დაგების სამუშაოები გრძელდება“, – ნათქვამია კომპანია Nord Stream 2 AG-ის განცხადებაში.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი – ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.

20 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.

Leave a Reply