BP ყარაბახში მზის ელექტროსადგურს ააშენებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრომ და BP–მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყარაბახში, ზანგილან–ჯებრაილის ზონაში 240 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის შეფასებისა და განხორციელების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

Caspian Barrel-ის ინფორმაციით, დოკუმენტი გაფორმდა, როგორც სტრატეგიული შეთანხმება, რომელიც ეხება მთიანი ყარაბახის ტერიტორიაზე “მწვანე ენერგიის” ზონის შექმნას, ასევე, აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულების – 2030 წლისთვის 35%-ით შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი, შესრულებას. ხსენებული დოკუმენტი ასევე ასახავს BP-ს სტრატეგიას, 2050 წლისთვის გახდეს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე კომპანია.

ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა განაცხადა: “ყარაბაღის “მწვანე ენერგიის” ზონად გარდაქმნას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბ-ნ ილჰამ ალიევის მიერ ჩამოყალიბებულ განვითარების გეგმაში. აღნიშნული ამოცანის განხორციელება, აზერბაიჯანის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიის სხვა პრიორიტეტებთან ერთად, ქმნის უამრავ შესაძლებლობას განახლებადი ენერგიის სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის. დოკუმენტი, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ ნახშირწყალბადების სექტორში ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორთან – BP-სთან, ხელს შეუწყობს მწვანე ენერგეტიკისა და დეკარბონიზაციის სფეროში ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას. ვიმედოვნებ, რომ BP–სთან მზის ენერგიის პროექტზე, რომლის სიმძლავრეც 240 მეგავატია, ჩვენი აქტიური მუშაობა მოიზიდავს ყარაბაღში უცხოურ ინვესტიციებს. ”

BP–ს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რეგიონულმა პრეზიდენტმა გარი ჯონსმა განაცხადა: ”BP აპირებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ინვესტიციები განახლებადი ენერგიის წყაროებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და იკვლევს შესაძლებლობებს იმ ადგილებში, სადაც მან უკვე დაამყარა გრძელვადიანი და წარმატებული პარტნიორობა. ჩვენ თითქმის ოცდაათი წლის გამოცდილება გვაქვს აზერბაიჯანში ენერგეტიკული პროექტების უსაფრთხო და საიმედო განხორციელების კუთხით. გვჯერა, რომ მზის ენერგიის პროექტზე დაწყებულმა ერთობლივმა მუშაობამ შეიძლება გზა გაუხსნას ახალ თანამშრომლობას, რომლის საშუალებითაც BP მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აზერბაიჯანის ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში. ”

ხელშეკრულების თანახმად, თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მზის ენერგიის პროექტის ტექნიკური და კომერციული შეფასება, ელექტროსადგურის დიზაინი, დაფინანსების უზრუნველყოფა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ასევე, დაგეგმილია “მმართველი კომიტეტის” შექმნა, შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ და BP–მ ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობაზე, დეკარბონიზებული და ინტეგრირებული ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სისტემებისთვის საჭირო პოტენციალისა და პირობების შესაფასებლად, მათ შორის, აზერბაიჯანის რეგიონებსა და ქალაქებში განახლებადი ენერგიის პროექტების პოტენციალისა და პირობების შესასწავლად.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply