აშშ-მ ქვეყნის უდიდესი მილსადენზე თავდამსხმელი ჰაკერებისთვის გამოსასყიდის სახით გადახდილი $2.3 მილიონის ბიტკოინი უკან დაიბრუნა

აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურმა ჰაკერული ჯგუფისთვის გამოსასყიდის სახით გადახდილი 2.3 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი უკან დაიბრუნა. 

გამოსასყიდი კოლონიური მილსადენის ადმინისტრაციამ ჰაკერულ ჯგუფ DarkSide-ს მას შემდეგ გადაუხადა, რაც ჰაკერებმა კომპიუტერული ვირუსით ქვეყნის უდიდესი მილსადენის პარალიზება და საწვავის მიწოდების შეფერხება გამოიწვიეს. 

$5-მილიონიანი გამოსასყიდი ჰაკერებმა კრიპტოვალუტაში, კერძოდ, ბიტკოინში მოითხოვეს, რადგან ბიტკოინის ტრანზაქციის შეჩერება და, შესაბამისად, მისი ამოღება, წართმევა ან უკან დაბრუნება შეუძლებელია. 

კრიპტოვალუტა ჰაკერებისა და კრიმინალების რჩეული გადახდის საშუალებაა, რომელიც მათ შეტევის შედარებით უსაფრთხოდ განხორციელების საშუალებას აძლევს, რაც ბიტკოინის ანონიმურობითა და სქელის კრიპტოგრაფიული დაცულობითაა განპირობებული. 

მიუხედავად ტექნიკური სირთულეებისა, ამერიკის უსაფრთხოების სამსახურმა მაინც მოახერხა $2.3 მილიონის ღირებულების ბიტკოინის ამოღება და უკან დაბრუნება. 

უსაფრთხოების დეპარტამენტის განმარტებით, ოპერაციის წარმატების განხორციელების მთავარი მიზეზი კოლონიური მილსადენის წარმომადგენლების დროული რეაგირება და FBI-სთან თანამშრომლობა აღმოჩნდა. 

როგორც ირკვევა, გამოსასყიდის გადახდის პროცესში აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული, რამაც FBI-ს ტრანზაქციაზე დაკვირვებისა და ჰაკერების კრიპტოსაფულის მიგნების საშუალება მისცა.  

ოპერაციის პირველი ეტაპი ჰაკერების ხელთ არსებული საფულის მიგნება იყო, რაც შედარებით მარტივი პროცესია, რადგან ბლოკჩეინზე განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია საჯაროდაა ხელმისაწვდომი. 

მეორე ეტაპი კი თავად კრიპტოსაფულიდან ბიტკოინის ამოღება იყო, რაც ტექნიკურად გაცილებით რთულია, ვიდრე პირველი. 

გავრცელებული ინფორმაციით, FBI-ს ბიტკოინის ქსელი ან კრიპტოსაფულე არ გაუტეხავს, უფრო მეტიც, მსგავსი შემთხვევა კრიპტოვალუტის 12-წლიან არსებობის ისტორიაში ერთხელაც კი არ დაფიქსირებულა. არამედ, მათ წვდომა ე.წ. ქლაუდ სერვერებზე მოიპოვეს, სადაც ჰაკერები ბიტკოინის ნაწილს ინახავდნენ, სწორედ ამით აიხსნება $5-მილიონიანი გამოსასყიდიდან მხოლოდ $2.3 მილიონის დაბრუნება. 

როგორც ჩანს, ჰაკერებმა გამოსასყიდის ნაწილი ცივ [ფიზიკურ] კრიპტოსაფულეში გადაიტანეს, რომლის პირადი გასაღებიც უცნობია, გატეხვა კი – შეუძლებელი. მეორე ნაწილი კი ინტერნეტში არსებულ ციფრულ საფულეში დატოვეს, რომლის ქსელის გატეხვაც FBI-მ შეძლო. 

ამბის გავრცელებას ბიტკოინის ფასის შემცირება მოჰყვა, რადგან გავრცელა ინფორმაცია, რომ ბიტკოინის სისტემა გატყდა და FBI-მსწორედ ამ გზით დაიბრუნა გამოსასყიდი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. 

კრიპტოვალუტა მხოლოდ მაშინაა უსაფრთხოდ შენახული, როცა მფლობელი მის პირად გასაღებს [Private key] თავადვე აკონტროლებს, სხვა დანარჩენ შემთხვევაში კრიპტოვალუტის უსაფრთხოება სერვერებსა და სერვისებზე ხდება დამოკიდებული და არა ბლოკჩეინზე. 


Colonial Pipeline-ზე, აშშ-ს უდიდეს მილსადენზე, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს საწვავის 45%-ით ამარაგებს, კიბერშეტევა 7 მაისს განხორციელდა. რის შედეგადაც მილსადენის ოთხივე ძირითადი მილი გაჩერდა. ჰაკერების ჯგუფმა მილსადენის კომპიუტერულ სისტემაში შეაღწია და ხელში თითქმის 100 GB-ის მოცულობის მონაცემები ჩაიგდო. მონაცემების ხელში ჩაგდების შემდეგ ჰაკერებმა ის დაშიფრეს და კომპანიისგან გამოსასყიდი მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპარული ინფორმაციის ინტერნეტით გავრცელებით დაიმუქრნენ.

მილსადენის გაჩერებამ საწვავის ფასის ზრდა გამოიწვია. კომპანიამ განაცხადა, რომ მილსადენის მუშაობის აღდგენის შემდეგაც მიწოდების სრულად აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდებოდა. საწვავის ფასმა 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, ერთი გალონი საწვავის ფასი $3.008-მდე გაიზარდა.

ჰაკერების ჯგუფი DarkSide-ი რუსეთის ტერიტორიიდან მოქმედებს. თუმცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ არ არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც ჰაკერებს რუსეთის ხელისუფლებასთან დააკავშირებდა.

წყარო: “ტაბულა”

Leave a Reply