„ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერების შემთხვევაში, შესაძლოა სახელმწიფოს დიდი ჯარიმის გადახდა მოუწიოს

„განახლებადი ენერგიების ასოციაციის“ თავმჯდომარის, გიორგი აბრამიშვილის განცხადებით,  „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებით, კომპანია „ენკას“ შეეძლება, საკითხი სასამართლოში გადაიტანოს, რის შედეგადაც, ქვეყანას მოუწევს საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდა.

მისი შეფასებით, ახლა კონტრაქტის პირობების გადახედვა რისკის შემცველია.

„რაც შეეხება კონტრაქტს ზოგადად, რა თქმა უნდა მშენებლობის შეჩერება ზოგადად ძალიან დიდ როსკებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ერთი მხრივ, კომპანიას შესაძლებლობა ეძლევა, რომ საკითხი გადაიტანოს სასამართლოში და არბიტრაჟში, რაც ძალიან ბევრი რისკის შემცველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის – პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დადგება და საკმაოდ დიდი ჯარიმის ანაზღაურება მოუწევს ჩვენს სახელმწიფოს, ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ. ამის პასუხისმგებლობას კი არავინ იღებს.

მე ვთვლი, რომ კონტრაქტი არის საკმაოდ დაბალანსებული და ვთვლი ასევე, რომ ბევრი საფრთხის შემცველი იქნება ამ კონტრაქტის გახსნა და პირობების გადახედვა, არამარტო ამ კონკრეტულ პროექტთან მიმართებით, არამედ ზოგადად, საინვესტიციო პოლიტიკასთან მიმართებით. მთლიანად საინვესტიციო კლიმატს ძალიან დააზიანებს, თუ პოსტ ფაქტუმ მოხდება პირობების გადახედვა.

იდეალური შეიძლება არაფერი არ იყოს და გაუმჯობესების ადგილი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამისთვის არსებობდა საკმაოდ დიდი ვადა, თუ არ ვცდები სამ წელს მიდიოდა კონტრაქტზე მუშაობა მთავრობასა და კომპანიას შორის. ეს კონტრაქტი ჩვენი, კერძო სექტორის გადმოსახედიდან არის საკმაოდ დაბალანსებული იმ რეგიონში და იმ რისკებთან მიმართებით, რომელსაც ოპერირებას უწევს კომპანია, მათ შორის 99 წლით მიწით სარგებლობა“, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

Leave a Reply