საფრანგეთი აფრიკის განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მილიარდ ევროს დახარჯავს

ინვესტიციების მოზიდვის კუთხით “მწვანე” პროექტებმა ნახშირწყალბადების პროექტებს პირველად გაუსწრო

2021 წელს მსოფლიოს წამყვანი  ბანკების მიერ “მწვანე” ენერგიების პროექტებისთვის გაცემულმა სესხების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა წიაღისეული საწვავის პროექტებისას.

“ბლუმბერგის” ანალიტიკოსების მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა დააფინანსეს სხვადასხვა ”მწვანე” პროექტები 203 მილიარდი დოლარით, ხოლო ნახშირწყალბადების მრეწველობამ “მხოლოდ” 189 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა 2015 წლის პარიზის შეთანხმების დადების დღიდან.

2016 წლიდან 2020 წლამდე სესხის გაცემის დინამიკა სულ სხვაგვარი იყო: ამ პერიოდში ნახშირწყალბადების პროექტებმა გლობალური საბანკო სექტორისგან მიიღეს $ 3.6 ტრილიონის ოდენობის სესხები და ობლიგაციები, 1.3 ტრილიონი აშშ დოლარი კი განახლებადი ენერგიებისა და სხვა მწვანე პროექტებმა.

კვლევამ აჩვენა, რომ საფრანგეთის საბანკო სექტორი გახდა “მწვანე დაკრედიტების” ჩემპიონი: Credit Agricole, BNP Paribas და Societe Generale. გარდა ფრანგული ბანკებისა, აღსანიშნავია იაპონიის Mitsubishi UFJ Financial Group და Australia & New Zealand Banking Group, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ მწვანე პროექტების დაფინანსებაში.

ტრადიციული ენერგიის დარგებისთვის სესხების გაცემის კუთხით, მოწინავე პოზიციები დაიკავეს აშშ–ს უდიდესმა ბანკებმა: JPMorgan, Citigroup, Bank of America და Wells Fargo. 2016 წლის დასაწყისიდან JPMorgan–მა ენერგოკომპანიებზე გასცა 256 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი, რომელზეც ბანკმა დაახლოებით 900 მილიონი დოლარი საკომისიო მიიღო.

Bloomberg–ის მონაცემები ადასტურებს კრედიტორების მზარდ შეშფოთებას წიაღისეული საწვავის მწარმოებლებთან მუშაობის გამო. 2021 წლის იანვრიდან მაისამდე ქვანახშირის კომპანიებმა “მხოლოდ” 6.6 მილიარდი დოლარის ობლიგაციები და სესხები მიიღეს, მაშინ როცა, წინა წელს ანალოგიურ პერიოდში სესხების მოცულობა  19,3 მილიარდს შეადგენდა. ქვანახშირის ენერგიის 10 უდიდესი კრედიტორიდან 9 ჩინეთის ბანკია.

თუ ხსენებული ტენდენცია სასესხო ბაზარზე გაგრძელდება, აღნიშნული შეიძლება იმის მაჩვენებელი გახდეს, რომ მსოფლიოს უდიდესი ბანკები მხარს უჭერენ ნახშირბადის ნულოვანი ემისიისაკენ სვლას. როგორც ჩანს, პოლიტიკოსებმა და ბიზნესმენებმა სერიოზულად დაიწყეს კლიმატის ცვლილებაზე ფიქრი.

თუმცა, ეს შეიძლება იყოს იმის მანიშნებელიც, რომ საბანკო გიგანტები ხედავენ მწვანე პროექტების სარგებელს ფინანსური შემოსავლების მხრივაც. ადრე ითვლებოდა, რომ პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევა აუცილებლად მიაყენებდა საბანკო სექტორის ზარალს, რეალობა კი საპირისპიროს აჩვენებს: “ბლუმბერგის” თანახმად, ბანკები იღებენ დაახლოებით 0,6% საკომისიოს “მწვანე” ობლიგაციებისა და სესხების გაცემისთვის, რაც 6 საბაზისო ქულით მეტია ტრადიციული ენერგოკომპანიებისთვის გაცემულ სესხების საკომისიებზე.

2050 წლისთვის პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად საჭიროა 3 ტრილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება “მწვანე” პროექტებში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია საბანკო სექტორის მხარდაჭერის გარეშე და, როგორც ჩანს, ის ბოლოს და ბოლოს მზად არის აღნიშნულის უზრუნველსაყოფად.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply