G7 შეთანხმდა კლიმატის ცვლილების ყოველწლიური დაფინანსება 100 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს

G7-ის ლიდერები შეთანხმდნენ გაზარდონ თავიანთი შენატანები 100 მილიარდ დოლარამდე, რათა დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებასა და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში. G7-ის ქვეყნებმა ასევე დადეს პირობა, რომ 2050 წლისთვის მიაღწევენ ნახშირბადის ნულოვან ემისიას, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

შვიდმა ქვეყანამ – შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და იაპონიამ – კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, მოახდინონ წელიწადში 100 მილიარდი დოლარის მობილიზება სახელმწიფო და კერძო წყაროებიდან 2025 წლისთვის: “ჩვენ გვსურს, რომ  კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში კონტრიბუციის გაზრდითა და გაუმჯობესებით, ხელი შეუწყოთ, სხვა განვითარებულ ქვეყნების წახალისებას, რათა შეუერთდნენ აღნიშნულ ძალისხმევას და გაზარდონ თავიანთი წვლილი” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარასკევს, 11 ივნისს, ბრიტანულ კორნუოლში, G7-ის ქვეყნების ლიდერების სამდღიანი სამიტი დაიწყო. ეკოლოგია სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა გახდა.

სამიტის წინ, თითქმის ორმოცდაათმა ინვესტორმა, რომლებიც ერთობლივად აკონტროლებენ 41 ტრილიონ დოლარს, მოუწოდა მსოფლიოს ლიდერებს, დასახონ უფრო ამბიციური მიზნები სათბურის გაზების ემისიების შესამცირებისა და წიაღისეული საწვავის მწარმოებლების მხარდაჭერის დასრულების მიზნით.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply