ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორის ოფიციალური განცხადება ნამახვანჰესზე

ევროპის ენერგეტიკული საბჭო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს მიერ გამართული მედიაციის პირველ რაუნდს აჯამებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ხეობაში ვითარების განმუხტვა, რაც ხელისუფლების მხრიდან ბარიერების მოხსნასა და გუშაგების მხრიდან ბლოკირებაზე უარის თქმაში უნდა გამოიხატოს.

მოლაპარაკებების მედიატორი, დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე, აკეთებს ამგვარ დასკვნას:

„ამ ღონისძიებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელია სიტუაციის დეესკალაცია ადგილზე, რიონის ხეობაში. უნდა აღდგეს მშვიდობიანი პროტესტისა და ხეობაში გადაადგილების შესაძლებლობა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ადამიანებისა და ქონების უსაფრთხოება – ორივე მხარეს. შესაბამისი ზომების გატარება, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის პასუხისმგებლობაა. მან აიღო ვალდებულება, მოხსნას ბარიკადები და უზრუნველყოს გადაადგილების შესაძლებლობა მთავარ გზაზე.

იგი, ასევე, გააკეთებს განმარტებას მომიტინგეთა დაკავების საკითხზე. მეორეს მხრივ, პროტესტის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, არ მოახდინონ სამშენებლო უბანზე მისასვლელი გზების ბლოკირება. მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება. სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის ნდობის აღდგენისთვის და მოლაპარაკების პერიოდში შეუქცევადი ზომების თავიდან ასაცილებლად, ყველა მონაწილე მხარემ უნდა გამოიჩინოს საჭირო თავშეკავება და იქონიოს კავშირი ერთმანეთთან. ეს მოგვცემს მედიაციის პროცესის გაგრძელების საშუალებას“, – აღნიშნულია დირკ ბუშლეს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

Leave a Reply