„გამჭვირვალობა და ენერგეტიკული ბირჟის პრობლემა დღეს ენერგოსექტორის მთავარი გამოწვევებია“

1 ივლისიდან საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, მთავრობის  შესაბამისი დადგენილების თანახმად, ბირჟის ამოქმედება 6 თვით, 1 იანვრამდე გადავადდა. ბირჟის გარშემო განვითარებულმა პროცესმა საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია.  ეს პროცესი იმდენად ხმაურიანი გამოდგა, რომ სპეციალური საპარლამონტო მოსმენაც შედგა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტში.

საკითხთან დაკავშირებით პოზიციები არაერთგვაროვანია – ბირჟის მენეჯმენტი ამტკიცებს, რომ ბრწყინვალედ უძღვება საქმეს. ეკონომიკის სამინისტრო ამას ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა მინისტრის მოადგილის, ბატონი თვალაბეიშვილის გამოსვლისას, საპარლამენტო მოსმენაზე, გამოიკვეთა, რომ ბირჟის მენეჯმენტის დიდი იმედი მაინცა და მაინც არ აქვთ, რომ ისინი თუნდაც 1 იანვარს შეძლებენ სრულფასოვნად ამოქმედებას. თავის მხრივ, სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას, მიაჩნია, რომ დიდი პრობლემა არც ის იქნება, თუ ბირჟა  1 იანვარსაც ვერ შეძლებს ამოქმედებას და პროცესის კიდევ გადავადება გახდება საჭირო.

ენერგეტიკული ბირჟის გარშემო განვითარებული პერიპეტიებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს  სამოქალაქო სექტორის ნაწილს. კერძოდ, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ არაერთი განცხადება და მიმართვა გაავრცელა ბირჟის საკითხთან დაკავშირებით. ორგანიზაცია რადიკალურია ბირჟის მენეჯმენტის შეფასებისას და აცხადებს, რომ მოქმედი მენეჯმენტის პირობებში, შესაძლოა, ბირჟა ვერასდროს ამოქმედდეს.

აფბას მთავარ პრობლემად გამჭვირვალობის არასაკმარისი ხარისხი, ზოგჯერ კი მისი საერთოდ არარსებობა მიაჩნია. – ამ პრობლემას აფბა განსაკუთრებული სიმწვავით წააწყდა ესკოსთან – ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან მიმართებით (ესკო,  სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ერთად, ენერგეტიკული ბირჟის თანაბარწილოვანი დამფუძნებელია). პრობლემა კი მდგომარეობდა და მდგომარეობს იმაში, რომ ესკო კონფიდენციალურობაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასს, ანუ საკონტრაქტო ფასს, ანუ ჩაშლილ ფასს, – ვერ გაასაჯაროებს.

აფბას მიაჩნია, რომ ესკომ გირჩელი სანდრო რაქვიაშვილიც შეცდომაში შეიყვანა, როცა მის სადეპუტატო კითხვას – იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასების გამოთხოვასთან დაკავშირებით მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხა – მიაწოდა აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ენერგიის ფასი და რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის დაკავშირებით განუცხადა, რომ ესკოს საერთოდ არ განუხორციელებია  რუსეთიდან იმპორტი.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე, მიიჩნევს, რომ  გამჭვირვალობა და ენერგეტიკული ბირჟის პრობლემა დღეს ენერგოსექტორის მთავარი გამოწვევებია – კაპანაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტი Live“ -ის კითხვებს უპასუხა.

  • აფბამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ესკო მალავს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებს. არადა, ესკო ამბობს, რომ მას არ შეუსყიდია რუსეთიდან ენერგია? სად არის სიმართლე?

 

სიმართლე არის ის, რომ დღეს ენერგოსექტორის მთავარი გამოწვევები სექტორის გამჭვირვალობა და ენერგეტიკული ბირჟის პრობლემაა. დავიწყოთ გამჭვირვაობის პრობლემით, რომელიც ყველაზე ნათლად გამოჩნდა აფბასა და ესკოს ურთიერთობისას. ჩვენ ესკოსგან ვითხოვთ ყოველთვიურ ჭრილში (2016 წლიდან დღემდე და შემდგომ, როგორც წესი) გამოაქვეყნოს იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი მონაცემები, დეტალური ტარიფები, რაც იგივეა, რაც საკონტრაქტო ფასი.  ესკო ამას, უბრალოდ, გაურბის.  ესკო, მაშინაც კი, როცა იძულებული ხდება რაღაც ფორმატით გასცეს ინფორმაცია, მანიპულირების გზას ადგას. კერძოდ, პარლამენტარ რაქვიაშვილის იგივე კითხვაზე პასუხად, მას აწვდის აზერბაიჯანიდან განხორციელებული იმპორტის ჩაშლილ მონაცემებს, ხოლო რუსეთთან დაკავშირებით ეუბნება, რომ ესკოს რუსეთიდან იმპორტი არ განუხორციელებია. თითქოს, აზერბაიჯანიდან იმპორტი ესკომ განახორციელა. რეალობა არის ის, რომ რუსეთიდანაც და აზერბაიჯანადაც იმპორტი ხდება იმპორტიორი კომპანიების მეშვეობით (აზერბაიჯანიდან „ელ გრინი“, რუსეთიდან „ინტერ რაო“). რაში სჭირდება ესკოს ეს იაფფასიანი მანიპულირება, ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

სიმართლე ასევე არის იქ, რომ საშუალო ფასების გამოქვეყნების პრაქტიკით, რასაც ესკო ეწევა, შეუძლებელია იმის დანახვა, ხომ არ იყო რომელიმე თვის ჭრილში ისეთი ფაქტი, როცა მოხდა ენერგიის შესყიდვა უფრო ძვირად, ვიდრე ეს სხვა იმპორტიორს ჰქონდა შემოთავაზებული.

 

  • თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე – რაში უნდა აძლევდეს ხელს ესკოს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების დამალვა. მით უფრო მაშინ, როცა მეორე იმპორტიორი ქვეყნიდან შემოსული დენის ტარიფს თავად იმპორტიორი კომპანია – „ელგრინი“ თავად, საკუთარი ინიციატივით, აქვყნებს ყოველთვიურად. „ინტერ-რაო“ „ელგრინის“  ამ ინიციატივას არ გამოხმაურებია. საზოგადოებამ მხოლოდ აზერბაიჯანული დენის ტარიფი იცის. რატომ ხდება ასე? რა ინფორმაცია გაქვთ? – თავად ინტერ-რაოს აქვს მოთხოვნილი თავისი ტარიფების კონფიდენციალურობის დაცვა? თუ ეს ესკოს ინიციატივაა ამ ინფორმაციის არ გაცემა? თქვენ ამბობთ, რომ თუ კომპანია ესკოსგან არ ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას, ესკო არაა ვალდებული არ გასცეს ტარიფის ოდენობა. თქვენი აზრით, რამ უნდა აიძულოს ესკო, რომ ეს ინფორმაცია იყოს საჯარო?

 ჩვენი ინფორმაციით, ბუნებაში არ არსებობს დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, ესა თუ ის იმპორტიორი კომპანია ოფიციალურად (როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს) მიმართავს ესკოს და მოითხოვს მის მიერ მიწოდებული ტარიფების კონფიდენციალურობის დაცვას. ასე რომ იყოს, ესკო ძალიან მარტივად აიფარებდა ამ დოკუმენტს და ინფორმაციის არგაცემის პასუხისმგებლობას თავიდან აირიდებდა. ყველა იმპორტიორს, გარდა რუსეთიდან  იმპორტის განმახორციელებლისა, ჩვენ კვლევისას შევხვდით და გასაუბრებისას დავადგინეთ, რომ მათ მსგავსი მოთხოვნა არასოდეს ჰქონიათ. თქვენ კითხვაზე კი, თუ რამ უნდ ააიძულოს ესკო, გახადოს ეს ინფორმაცია საჯარო, პასუხი არის ცალსახა და მარტივი – საზოგადოებრივმა ზეწოლამ, რასაც ჩვენ ჩვენი ძალების ფარგლებში ვახორციელებთ კიდეც.

 

  • თქვენ და შემდგომ გირჩმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოსთხოვეთ ესკოს იმპორტირებული დენის ტარიფების გასაჯაროვება. გირჩის დეკლარირებული მიზანი იყო ის, რომ მას ეს ინფორმაცია სჭირდებოდა საიმისოდ, რომ ანალიზი გაეკეთებინა, თუ რამდენად ძვირი, ან იაფია იმპორტირებული დენი, მაგალითად ნამახვანჰესისთვის დადგენილ ტარიფთან მიმართებით. აფბას მიზანი რა არის როცა ამ ინფორმაციის გასაჯაროებას დაჟინებით მოითხოვთ.

 

აფბას მიზანი არის ერთი და ცხადი – ენერგეტიკაში უნდ აამაღლდეს გამწვირვალობის ხარისხი. ენერგეტიკა არის ეკონომიკის წამყვანი დარგი და ის აუცილებლად უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე და სწორედ ამით უნდა შეუწყოს ხელი ერთის მხრივ, საკუთრივ ენერგეტიკის განვითარებას და ამით ეკონომიკის წინსვლას.

 

სადღეისოდ გვაქვს სურათი, როცა სწორედ გაუმჭვირვალობის გამო შეიქმნა პრობლემები, იგივე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისას, ასევე, ბევრ სხვა შემთხვევაშიც. ვფიქრობ, საკმარისი გამოცდილებაა საიმისოდ, რომ ხელისუფლებაც და საზოგადოებაც მივიდეს დასკვნამდე, რომ პრობლემების მთავარი გასაღები გამჭვირვალობის ხარისხშია. როცა მარტივი კითხვებიც კი უპასუხოდ რჩება, ბუნებრივია პრობლემები ზომაშიც იზრდება და წონაშიც.  ენერგეტიკის სექტორში პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა არსებობდეს.

  

  • მოდით დავუბრუნდეთ ენერგეტიკული ბირჟის საკითხს. ხვალიდან ბირჟაზე უკვე საათობრივი ვაჭრობა უნდა დაწყებულიყო. ვიცით, რომ ეს ასე არ მოხდება და პროცესი 1 იანვრამდეა გადადებული. თქვენი აზრით, რა გახდა ამ გადავადების აუცილებლობის გამომწვევი მიზეზი?

 

აფბა იყო პირველი, ვინც ღიად და საჯაროდ თქვა, რომ ბირჯა ვერ მოახერხებდა 1 ივლისს სრულფასოვნად ამოქმედებას. სამწუხაროდ, ეს თვალნათლივ ჩანდა. მხოლოდ ბირჟის მენეჯმენტი, მაისის შუა რიცხვებამდე, აფბას განცხადებამდე, დაჟინებით იმეორებდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და ბირჟა 1 ივლისს ამოქმედდებოდა.

გადავადების აუცილებლობის საბაბი ბევრია, თუმცა ყველა მათგანი, სხვადასხვა რაკურსით, მაინც თავს იყრის ბირჟის მენეჯმენტის, ძალიან რბილად, რომ ითქვას, გაუთვლელ პოლიტიკასთან.

შეუძლებელია, ხარისხიანად აკონტროლებდე პროცესს და ვერ 2021 წლის მაისშიც კი ვერ ხედავდე, რომ 2021 წლის 1 ივლისისთვის მცირე და საშუალო ჰესები ვერ შეძლებენ საათობრივი ვაჭრობისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის (შესაბამისი მზომებით აღჭურვა) მოწესრიგებას, რომ არ არის სრულყოფილი  საბითუმო და საცალო  ბაზრის ერთიანი, ეფექტური მუშაობისთვის საჭირო  საკანონმდებლო ჩარჩო. რომ პრობლემაა, ასევე, ქარისა და მზის ელექტროსადგურებთან მიმართებითაც. რომ არ არ არსებობს სატელიტური დაკვირვების სისტემები და სხვა და სხვა…

  • ძალიან მწვავედ აკრიტიკებთ ბირჟის მოქმედ მენეჯმენტს. რა შეეძლო მას გაეკეთებინა. რა გააკეთა და რისი გაკეთება ვერ მოახერხა?

 

საქმე იზომება შედეგით. ფაქტია, ბირჟის მენეჯმენტმა შედეგის დადება ვერ შეძლო. ვერც პროცესის სწორად მართვა და რისკების დროულად შეფასება და მთავრობისთვის გამოსავლის შეთავაზება შეძლო. უფრო მეტიც, – ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედების გადავადების გადაწყვეტილების მთელი სიმძიმე, ბირჟის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა ირინა მილორავავ, მთელი 100%-ით მთავრობისკენ გადაიტანა, როცა განაცხადა, რომ გადავადების გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. მინდა კითხვა დავსვა, – რომ არ გადაევადებინა მთავრობას, ბირჟის მენეჯმენტი ახერხებდა ხარვეზების, სერიოზული, დრამატული ხარვეზების გარეშე, სრულფასოვანი ფუნქციობის დაწყებას? – ვერა, ვერ ახერხებდა. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, მაქვს არგუმენტირებული მოლოდინი, რომ ბირჟა ვერც ახალ ვადაში, 2022 წლის 1 იანვარს ვერ ამოქმედდება.

 

  • რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ ბირჟა სრულფასოვნად ვერც 2022 წლის 1 იანვარს ვერ ამოქმედდება?

 

  • არ მეწყინება, თუკი შევცდები, მაგრამ საამისო საფუძველს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის სამინისტრო და მთლიანად მთავრობა, დაინახავს, რომ ზამთრის პერიოდში არსებული ენერგოდეფიციტის გამო იანვარში და შემდგომ თვეებში ბირჟაზე პრაქტიკულად მხოლოდ იმპორტიორები იქნებიან წარმოდგენილნი და შესაძლოა საფრთხე შეექმნას ფასების სტაბილურობას.

 

ვფიქრობ, მთავრობა დაინახავს იმასაც, რომ ზამთრის პერიოდში ასევე კრიტიკულ ზღვრამდეა შემცირებული ენგურჰესის რესურსი და ამდენად, ქართული გენერაციის ეს მთავარი ფიგურანტიც ვერ მიიღებს ხელშესახებ მონაწილეობას საბირჟო ყოველდღიურობაში (ენგურის რემონტზე ყოფნა ბირჟის 2021 წლის 1 ივლისს ვერამოქმედების და შესაბამისად რეფორმის გადადების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ). გარდა ამისა, ისედაც, ენგურის რესურსი ფიქსირებული ტარიფით იყიდება და როგორ უნდა მოხვდეს ის საბირჟო ვაჭრობებში, გაუგებარია.

ვფიქრობ, მთავრობა დაინახავს იმასაც, რომ დარჩენილ 6 თვიან მონაკვეთში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მცირე და საშუალო ჰესების პრობლემების მოგვარება, რაც მათი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (შესაბამისი მზომებით აღჭურვა და სხვ.) გულისხმობს. ამდენად, ისინი თამაშგარე დარჩებიან, ან მოუწევთ დიდი დანაკარგებით ოპერირება ბირჯაზე.

ეს ყველაფერი მარწმუნებს იმაში, რომ, სამწუხაროდ, ვერც დათქმულ დროს – 2022 წლის იანვარში ვერ მოხერხდება ენერგეტიკული ბირჟაზე საათობრივი ვაჭრობის დაწყება, ანუ ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება.

ესეც რომ არა, უკვე არვნიშნე, რომ ამ პერიოდში, ბაზარზე იმპორტიორები ქმნიან ამინდს და არ მგონია სწორი ბირჟის ფუნქციობის იმ პერიოდში დაწყება, როცა მის პლატფორმაც ადგილობრივი გენერაციის ობიექტები ვერ გამოიყენებენ. საამისო ოპტიმალური დრო წყალუხვობის პერიოდი, ანუ გვიანი გაზაფხულია.

ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, სწორედ ასე მოხდება კიდეც და ბირჟა მომავალი წლის მაის-ივნისის პერიოდში ამოქმედდება. ეს კი ნამდვილად ვერ ჩაითვლება ბირჟის მოქმედი მენეჯმენტის პლუსად და იმის გამოხატულებად, რომ ის პროცესს ფლობს და აკონტროლებს.

 

  • სად ხედავთ გამოსავალს, რომ ენერგეტიკულმა ბირჟამ სრულფასოვნად და შეფერხებების გარეშე შეძლოს ამოქმედება?

 

გამოსავალი პასუხისმგებლობაში და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებაშია. მაგალითად, ბირჟის მოქმედმა მენეჯმენტმა აიღო ახალი ვალდებულება, რომ 1 იანვარს ფუნქციობას დაიწყებს. ცხადია, დეკემბრის 31-მდე საზოგადოება, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციაც, გულხელდაკრეფილი ვერ დაველოდებით შედეგებს. მართებული იქნება, თუ ბირჟის მენეჯმენტი, უკვე მიმდინარე დღეებში, დადებს სამუშაოების 6 თვიან გეგმას, რომელთა შედეგადაც 1 იანვარს საათობრივი ვაჭრობის მექანიზმი უხარვეზოდ უნდა გაეშვას. და აქ მთავარი იქნება ის, რომ ამ გეგმის განხორციელების მიმდიანრეობის თაობაზე, ბირჟის მენეჯმენტმა, საზოგადოებას უნდა ყოველთვიურად მაინც წარუდგინოს ანგარიში. ეს უკვე საქმისადმი სხვა პასუხისმგებლობით მიდგომის გამოხატულება იქნება და შესაძლოა, საბოლოო ჯამში,  ყველათვის სასურველ შედეგამდე მივიდეთ კიდეც.

 

წყარო: “კომერსანტი”

 

Leave a Reply