ვანო მთვრალაშვილი: “საწვავზე აქციზის შემცირების პრაქტიკა წარმატებით დაინერგა თურქეთში”

ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასები კვლავაც არასტაბილურია. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს გაურკვევლობა „ოპეკში“. ვენის შეთანხმების ქვეყნების მინისტრები ნავთობის მოპოვების დონეზე უნდა შეთანხმებულიყვნენ 30 ივნისს – 1 ივლისს. მაგრამ საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის დაძაბულობამ პროცესი შეაჩერა.

ამ ეტაპზე, მოკლევადიან პერსპექტივაში, მოთხოვნა ნავთობზე არ შემცირდება და ფასების ზრდა გაგრძელდება – დღეს ბაზარზე ნავთობის დეფიციტია, რომლის შევსებასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. შესაძლოა ამ ვითარებაში ნავთობი 80 დოლარამდეც გაძვირდეს.

მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებმა გავლენა იქონიეს საქართველოზეც: საწვავი ისევ გაძვირდა – არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საშუალოდ 10, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კი 7 თეთრით.

ფასის მატების პარალელურად, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ აქციზის გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის.

„ენერგონიუსის“კითხვაზე, თუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულის განხორციელებას, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავჯდომარე ვანო მთვრალაშვილი პასუხობს:

“პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არ ვგულისხმობთ აქციზის ისეთი სახით შემცირებას, ან გაუქმებას, რომ აღნიშნულმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ბიუჯეტში შესულ გადასახადზე. ჩვენი წინადადება შემდეგში მდგომარეობს: უნდა შექმნას კომისია, რომელიც დაადგენს ეგრეთწოდებულ „საგანგაშო ზღვარს“, რომელსაც არ უნდა გადასცდეს საწვავის ფასი, რადგან მისი ზრდა უარყოფითად იმოქმედებს ბიზნესზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გაუძვირდება წარმოება, რომელიც შემდეგ, თავის მხრივ, აისახება წარმოებული პროდუქციის ფასზე და მოქალაქეების ჯიბეზე, აღნიშნული ასევე ირიბად მოახდენს უარყოფით გავლენას თავად ბიუჯეტზეც.  მაგალითისთვის ავიღოთ 3 ლარი. როდესაც დაფიქსირდება ისეთი ტენდენცია, რომ საწვავის ფასი სცდება აღნიშნულ 3 ლარიან  ზღვარს, კომისია მიიღებს აქციზის ფასის შემცირების გადაწყვეტილებას, საწვავის ფასების კლების შემთხვევაში კი – პირიქით.”

ექსპერტი აღნიშნავს, რომ მსგავსი პრაქტიკა ძალიან წარმატებითაა დანერგილი თურქეთში: “შეგახსენებთ, რომ საქართველო თურქეთში გზავნიდა საწვავს იმპორტზე, ამჟამად, სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა, რადგანაც ხსენებული საგადასახადო რეფორმით თურქეთმა შეძლო მნიშვნელოვნად შეემცირებინა ფასები” – აღნიშნავს ის.

 

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply