წყალბადის ენერგეტიკა – “აღორძინების ეპოქა”

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების კლიმატურმა ამბიციებმა, გამოიყენონ მხოლოდ ნახშირბადის დაბალი ემისიის მქონე ენერგორესურსები, აიძულა ისინი კვლავ მიემართათ დედამიწაზე ყველაზე მსუბუქი და გავრცელებული ელემენტისთვის – წყალბადისთვის. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, წყალბადს, რომელსაც ორაწლიანი გამოყენების ისტორია აქვს, საბოლოოდ წარმატების შანსი სწორედ მისი ეკოლოგიური სისუფთავის გამო აქვს.

”მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიომ წყალბადით დაინტერესების რამოდენიმე ტალღა გაიარა, არცერთს არ მოჰყოლია ინვესტიციების მდგრადი ზრდა და ენერგოსისტემებში მისი უფრო ფართო ინტეგრაცია. თუმცა, დეკარბონიზაციის გეგმებმა და დაბალი ნახშირბადის გამოანბოლქვის მქონე ტექნოლოგიებზე გადასვლის სურვილმა დააჩქარა მსოფლიოს განახლებადი ენერგიის წყაროებით უფრო მეტად დაინტერესება, აღნიშნულითაა გამოწვეული წყალბადის “პოპულარობის” ახალი ტალღაც” – წერს Goldman Sachs (GS) თავის მიმოხილვაში.

წყალბადს გააჩნია 2,5-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ბუნებრივ აირსა და ბენზინს, თუმცა, მისი ძალიან მცირე წონა ნიშნავს, რომ ატმოსფერულ პირობებში, აირად მდგომარეობაში მას გააჩნია გაცილებით ნაკლები სიმკვრივე.

”წყალბადს აქვს მრავალი ღირებული თვისება, რომელთაგან ორი მას უნიკალურს ხდის კლიმატის ცვლილების ეპოქაში:

  1. შესაძლებელია მისი შენახვა და სუფთა საწვავის სახით გამოყენება, სათბურის აირებისა და ჰაერის სხვა დამაბინძურებლების პირდაპირი ემისიის გარეშე;
  2. მისი წარმოება და მიწოდება შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა გზების ფართო სპექტრით, – აღნიშნავენ GS ექსპერტები.

 

მწვანე, ნაცრისფერი, ყავისფერი (მურა) და ცისფერი წყალბადი

ამჟამად, დაახლოებით 70 მილიონი ტონა წყალბადის წარმოება ხდება, მაგრამ მხოლოდ 2%-ზე ნაკლები მიიღება ეკოლოგიურად სუფთა გზით – წყლის ელექტროლიზით, როდესაც წყალი იშლება მასში შემავალ კომპონენტებად – წყალბადად და ჟანგბადად. თუ ელექტროენერგია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით მიიღება, ეს არის “მწვანე” წყალბადი, რაც ყველა ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქვეყნის საბოლოო მიზანია.

ამასთან, როგორც ყოველთვის, აღნიშნული არის ყველაზე ძვირადღირებული მეთოდი, სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე, წყალბადის წარმოება ძირითადად წიაღისეული საწვავის გამოყენებით ხდება, კერძოდ, ბუნებრივი აირიდან  – ეს არის ”ნაცრისფერი” წყალბადი, რადგან CO2 არასასურველი ნარჩენი პროდუქტია.

წყალბადი ასევე წარმოიქმნება ნახშირის გაზიფიკაციის გზით და მას “ყავისფერ” (მურა) წყალბადს უწოდებენ.

საერთაშორისო ენერგიის სააგენტოს (IEA) მონაცემებით, მსოფლიოში, ბუნებრივი აირისგან წარმოებული წყალბადი დაახლოებით 6%-ს შეადგენს, ხოლო ნახშირისგან წარმოებული – 2%-ს, რაც იწვევს სათბურის აირების ემისიას.

Wood Mackenzie–ის ანალიტიკოსების შეფასებით, 2017 წელს წყალბადის გლობალურმა წარმოებამ უფრო მეტი CO2 და სხვა სათბური გაზები გამოყო, ვიდრე მთელმა გერმანიამ და გემების მსოფლიო ინდუსტრიამ – 830 მილიონი ტონა წელიწადში.

“მწვანე” წყალბადისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელია აღინიშნოს “ცისფერი” წყალბადის კონცეფცია: ანუ, როდესაც “ნაცრისფერი” ან “ყავისფერი” წარმოებისგან გამოყოფილი სათბურის გაზების სპეციალური ტექნოლოგიებით ჩაჭერა ხდება.

 

რაში გამოიყენება წყალბადი?

1975 წლის შემდეგ, წყალბადზე მოთხოვნა სამჯერ გაიზარდა – 18–დან 70 მილიონ ტონამდე მეტი წელიწადში, აქედან დაახლოებით ნახევარი – 38 მილიონი ტონა გამოიყენება ნავთობის გადამუშავებაში, 32 მილიონი ტონა – ქიმიურ მრეწველობაში, ამიაკის წარმოებისათვის, ხოლო 4 მლნ ტონაზე მეტი მოხმარდა სხვა ინდუსტრიებს, კერძოდ, მეთანოლისა და ფოლადის წარმოებას,

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წყალბადს შეუძლია მთელი რიგი სექტორების ნახშირწყალაბადებისგან განთავისუფლება, რისი განხორციელებაც მანამდე ძალიან ძნელი იყო, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, ქიმიური მრეწველობის, ფოლადის წარმოების და სხვ.

დღეს უკვე ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა წყალბადის წარმოება, შენახვა, ტრანსპორტირება და გამოყენება სხვადასხვა გზით განხორციელდეს. მრავალნაირი სახის საწვავი შეიძლება იქნას გამოყენებულ წარმოების პროცესში, მათ შორის განახლებადი ენერგია, ბირთვული ენერგია, ბუნებრივი აირი, ნახშირი და ნავთობი. მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია როგორც ბუნებრივი აირისთვის განკუთვნილი მილსადენებით, ასევე გათხევადებული ფორმით ტანკერებზე, შესაძლებელია ელექტროენერგიად ან მეთანად გადაქცევაც, სახლებისა და სამრეწველო შენობების ენერგიით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, ავტომობილების, სატვირთოების, გემებისა და თვითმფრინავების საწვავავად გამოსაყენებლად.

GS–ის თანახმად, წყალბადის ძირითადი მახასიათებლები (მცირე წონა, დიდი ენერგია და ნულოვანი პირდაპირი გამონაბოლქვი) განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შემთხვევაში, ძალიან მიმზიდველ სატრანსპორტო საწვავად აქცევს.

წყალბადის გამოყენება შესაძლებელია, როგორც უშუალოდ საწვავის სახით, ასევე, წყალბადზე დაფუძნებული საწვავების სახით, მათ შორის სინთეზური მეთანის, მეთანოლისა და ამიაკის სახით, პროცესში, რომელსაც “ენერგიის გათხევადებას” უწოდებენ და აქტიურად გამოიყენება ავია და დიდ მანძილზე სატრანსპორტო გადაზიდვების დროს, სადაც განსაკუთრებით პრობლემატურია პირდაპირ წყალბადის ან ელექტროენერგიის გამოყენება.

დღეს, შეკუმშული წყალბადის მოხმარება ხდება რიგ სატრანსპორტო საშუალებებში, მსუბუქი მანქანების, ავტობუსების, სატვირთო და მატარებლების ჩათვლით), სადაც მსუბუქ ავტომობილებს ყველაზე დიდი წილი უკავიათ. აღნიშნული კუთხით ლიდერობენ იაპონია, აშშ, ევროკავშირი და სამხრეთ კორეა, თუმცა, უკვე ბევრმა სხვა ქვეყანამ დასახა მიზნად წყალბადის სატრანსპორტო სექტორში აქტიურად გამოყენება.

”წყალბადის საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია სპეციალური ელემენტის (fuel cell electric vehicle (FCEV)) ღირებულებასა და ავტოგასამართი სადგურების ხელმისაწვდომობაზე, ხოლო სატვირთო მანქანებისთვის პრიორიტეტი წყალბადის მიწოდების ღირებულების შემცირებაა.” – აღნიშნავს IEA.

2019 წლის ბოლოს წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილების რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 25,210 შეადგინა, ამასთან, გაიყიდა 12,350 ახალი ავტომობილი. 2019 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში 470 წყალბადის გასამართი სადგური ფუნქციონირებდა, რაც 20%-ით მეტია 2018 წელთან შედარებით.

სარკინიგზო ინდუსტრია უკვე “გარდამავალი ენერგეტიკული ეტაპის” ლიდერია, რადგან სათბურის აირების მთლიანი გამონაბოლქვის მხოლოდ 0,1%-ს გამოიმუშავებს, თუმცა, წყალბადის მატარებლები ხელს შეუწყობს ემისიებისა და ხმაურის კიდევ უფრო შემცირებას. პირველი კომერციული მატარებლები 2016 წელს “ალსტომმა” გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე არიან და მათი პირველადი ხარჯები 25%-ით მეტია, “ალსტომის” მტკიცებით, გარემოსდაცვითი, ტექნიკური და ეკონომიკური უპირატესობა წყალბადის მატარებლებს დიზელის ავტოპარკების მიმზიდველ შემცვლელად აქცევს.

რაც შეეხება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო გამოყენებას, წყალბადი შეიძლება დაემატოს არსებულ გაზსადენებს, მრავალბინიან და კომერციულ შენობებში, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება ჩაითვალოს წყალბადის პირდაპირი გამოყენება, მაგალითად, საქვაბეებში.

გაზგამანაწილებელ ქსელში 20%-მდე წყალბადის დამატება მოითხოვს მინიმალურ ან ნულოვან ცვლილებებს ქსელის ინფრასტრუქტურაში ან საბოლოო მომხმარებლის დანადგარებში, აღნიშნავს IEA.

GRHYD პროექტმა საფრანგეთში, რომელმაც 2018 წელს დაიწყო 6% წყალბადის შერევა ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელში, 2019 წელს უკვე მიაღწია მოცულობის 20%-ს, რაც აღნიშნული მიდგომის ტექნიკური მიზანშეწონილობის დემონსტრირებას ახდენს.

აღსანიშნავია, რომ წყალბადის შეყვანა მაგისტრალურ გაზსადენებში უფრო რთულია მაღალი წნევის პირობებში ნივთიერებათა შეუთავსებლობის გამო. თუმცა, საცდელი ექსპერიმენტები იკვლევს წყალბადის შეყვანის შესაძლებლობას მსგავს მილსადენებში და იტალიაში Snam-ის მიერ შემუშავებულმა პროექტმა უკვე აჩვენა 10% წყალბადის შერევის შესაძლებლობა მაგისტრალურ გაზსადენებში.

რაც შეეხება სამრეწველო კუთხით გამოყენებას, ნავთობგადამამუშავებელ, ფოლადის, ამიაკისა და მეთანის მწარმოებელ ქარხნებში “მწვანე” ან “ცისფერი” წყალბადის გამოყენება შესაძლებელია საწვავის სახით, რადგან წარმატებით უზრუნველყოფს მაღალტემპერატურულ რეჟიმს, რომელიც საჭიროა მსგავსი ტიპის სამრეწველო ქარხნებისთვის. გარდა ამისა, “სუფთა” საწვავის გამოყენებით, წარმოება გახდება უკოლოგიურად უფრო უსაფრთხო. “მწვანე” ან “ცისფერი” წყალბადის გამოყენება ერთ-ერთი უმთავრესი პროგრამაა, რომელიც მსგავსი ინდუსტრიების ყურადღების ცენტრშია მოქცეული, რადგან მიზანი ფოლადის ნახშირბადის დაბალი ემისიით წარმოებაა. აღნიშნული პროგრამების განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის ამჟამად მრავალი პროექტი მუშავდება.

ელექტროენერგიის წარმოებაში წყალბადი განახლებადი ენერგიის შენახვის ერთ-ერთი წამყვანი საშუალებაა, ხოლო წყალბადისა და ამიაკის გამოყენება შესაძლებელია გაზის ტურბინებში ქსელის მოქნილობის გასაზრდელად.

ამიაკის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებში, გამონაბოლქვის შესამცირებლად.

 

რა ღირს წყალბადის ეკონომიკა?

IEA–ს თანახმად, “ნაცრისფერი” წყალბადის წარმოებაში მთავარი ღირებულებაა ნედლეულის ღირებულებაა – 45% –დან 75%-მდე.

შესაბამისად, ექსპერტების გამოთვლებით, 2018 წელს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ჰქონდათ ყველაზე დაბალი ხარჯები წყალბადის წარმოებაზე ბუნებრივი აირიდან – 1 დოლარზე ნაკლები/კგ, აშშ–ში – 1 დოლარი/კგ, რუსეთში -1,1 დოლარი/კგ, ევროპაში – 1 დოლარი/კგ, ჩინეთში – 1,8 დოლარი/კგ.

ამავე დროს, თუ სქემაში დავამატებთ CO2-ის ჩამჭერების გამოყენებას, ხარჯები დაახლოებით 50%-ით იზრდება:

აშშ–ში – 1,5 დოლარამდე /კგ–ზე,
ახლო აღმოსავლეთში – 1,5 დოლარამდე /კგ-ზე,
რუსეთში – დაახლოებით 1.6 დოლარი / კგ-ზე,

ევროპაში – $ 2.3 /კგ,
ჩინეთში – $ 2,4 / კგ.

რა თქმა უნდა, ნედლეულის წილი ღირებულებაში გაზის იმპორტიორი ქვეყნებისათვის უფრო მაღალია, ვიდრე მწარმოებელი ქვეყნებისთვის.

კვლევების თანახმად, წყალბადის წარმოებაში ემისიების დამჭერი ტექნოლოგიების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს გამონაბოლქვი 90%-ით.

IEA-ის თანახმად, “მწვანე წყალბადის” წარმოება კგ-ზე მინიმუმ 4,5 აშშ დოლარი ეღირება, ხოლო ძირითადი ხარჯები ელექტროენერგიის წარმოებაზე მოდის. ელექტროლიზატორებს “მწვანე” წყალბადის წარმოებისთვის შეიძლება ჰქონდეს სამი ტექნოლოგია: ტუტე ელექტროლიზი, ელექტროლიზი პროტონების გაცვლის მემბრანით და კამერებით მყარი ოქსიდების ელექტროლიზისთვის.

ყველაზე ფართოდ გამოყენებული და სრულყოფილი ტექნოლოგიაა ტუტე ელექტროლიზი, რომელიც ხასიათდება შედარებით დაბალი ხარჯებით, რადგან ის ჩვეულებრივ იყენებს ნაკლებად ძვირფას მეტალებს, ვიდრე სხვა ელექტროლიზის ტექნოლოგიები და შედარებით მაღალი ეფექტურობითაც ხასიათდება, როგორც წესი, დაახლოებით 55%-დან 70%-მდე.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ “ცისფერი” წყალბადი წარმოადგენს დაბალი ნახშირბადის ემისიის მქონე საშუალებას ახლო და საშუალოვადიან პერიოდში, სანამ “მწვანე” წყალბადის ღირებულება არ გახდება უფრო კომერციულად მომგებიანი.

IEA–ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ განახლებადი ელექტროენერგიის, განსაკუთრებით კი მზისა და ქარის ენერგიის ღირებულების შემცირებამ მნიშვნელოვნად გაზარდა წყალბადისადმი ინტერესი და ბოლო წლებში რამდენიმე სადემონსტრაციო პროექტიც კი განხორციელდა.

მზისა და ქარის წარმოების ღირებულების შემცირების ფონზე, ელექტროლიზერების მშენებლობა განახლებადი რესურსებისთვის ხელსაყრელ ადგილებში, შეიძლება გახდეს იაფი ვარიანტი წყალბადის წარმოებისთვის, მაშინაც კი, თუ მას ტრანსპორტირების ხარჯები დაემატება.

ვუდ მაკენზის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2040 წლისთვის “მწვანე წყალბადის ღირებულება 64%-ით შემცირდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბოლო 10 თვის განმავლობაში გამოცხადებული “მწვანე” წყალბადის პროექტების გათვალისწინებით, მოცულობა საკმარისად დიდი და სტაბილური იქნება ბაზარის განვითარებისთვის.

”2040 წლისთვის “მწვანე” წყალბადის წარმოების ღირებულება გაუტოლდება წიაღისეული საწვავიდან წარმოქმნილი წყალბადის ღირებულებას. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში, ეს მოხდება 2030 წლისთვის.

იმ მასშტაბის გათვალისწინებით, რაც ვიხილეთ, სავარაუდოდ, 2020-იანი წლები წყალბადის ათწლეული იქნება. ”

– აცხადებენ WoodMac–ის ანალიტიკოსები.

ამავე დროს, წიაღისეული საწვავის ფასების ზრდა ასევე ხელს შეუწყობს “მწვანე” წყალბადის კონკურენტუნარიანობის ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ “ნაცრისფერი” წყალბადის არის ყველაზე იაფი წყალბადი მიმდინარე წელს (ჩინეთის გარდა), Wood Mackenzie ელის, რომ მისი ღირებულება 82%-ით გაიზრდება 2040 წლისთვის, ძირითადად, ბუნებრივ აირზე ფასების მატების გამო. თუმცა, საუდის არაბეთსა და აშშ-ში, “ნაცრისფერი” წყალბადი დარჩება ყველაზე იაფ წყალბადად 2040 წლამდე.

WoodMac–ის თანახმად, “ცისფერი” წყალბადის ღირებულება 2040 წლისთვის, 59%–ით გაიზრდება. ””ცისფერი” წყალბადის წარმატება გამომდინარეობს ნახშირბადის ჩამჭერი ტექნოლოგიის წარმატებიდან, რომელიც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ისევე როგორც “ნაცრისფერი” წყალბადის შემთხვევაში, ხარჯები ძირითადად მაინც განპირობებული იქნება ბუნებრივი აირის ფასებით.”

 

საბოლოო სიტყვა პოლიტიკოსებზეა!

”იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხედველობაში მივიღებთ უამრავ პრობლემას, რომელიც თან ახლავს “მწვანე წყალბადის წარმოებას, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სწორი პოლიტიკის გატარებითა და კორპორატიული და სოციალური მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს შეინიშნებოდა, “მწვანე” წყალბადის წარმატებით განვითარება შესაძლებელი ინება” – დარწმუნებულია WoodMac.

”2019 წელს წყალბადის ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად განვითარდა, რამაც პოლიტიკოსების დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს იყო რეკორდული წელი ელექტროლიზის ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლისთვის ” – აღნიშნავენ IEA–ის ანალიტიკოსები.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ 2050 წლიდან შეძლებს სრულად თქვას უარი წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე.

არადა, სწორედ ევროპაა რუსული ნავთობისა და გაზის მთავარი მომხმარებელი – რუსეთის ბიუჯეტის დაფინანსების ძირითადი წყარო.

ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთს მოუწევს ახალი გზების მოძიება.

“გაზპრომი” უკვე ცდილობს მოსინჯოს ძალები წყალბადის წარმოებაში, “ბუნებრივი აირისგან წარმოქმნილ წყალბადს აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე ეკოლოგიური სარგებელი. რადგან, ეს არის წარმოება CO2–ის ემისიის გარეშე“ – განაცხადა კონსტანტინე რომანოვმა, გაზპრომის 623-ე განყოფილების ხელმძღვანელმა.

მისივე სიტყვებით, ამჟამად ევროპაში წელიწადში 8 მილიონ ტონაზე მეტი წყალბადი იწარმოება ბუნებრივი აირისგან და ამისათვის გამოიყენება 30 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი. “რაც შეიძლება იქნას განხილული, როგორც შესაძლებლობა, ვინაიდან ევროკავშირი გეგმავს მხოლოდ 1 მილიონი ტონა წყალბადის წარმოებას წყლის ელექტროლიზის მეთოდით”.

 

წყალბადი – კიდევ ერთი აუთვისებელი რესურსი საქართველოში

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ენერგიის მისაღებად წყალბადი არ იწარმოება, არ არსებობს წყალბადგასამართი სადგური და შესაბამისად წყალბადზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობაც 0-ს უდრის. თუმცა ქვეყანა 2020 წლის სექტემბერში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ხელმოწერით მწვანე წყალბადის წარმოების პროცესს მაინც შეუერთდა.

საქართველოსთვის წყალბადის საწვავის ათვისება ორმაგად მომგებიანია, ერთი ის, რომ დიდი ოდენობით ჰიდრორესურსი გააჩნია, რაც შეიძლება ნედლეულადაც განვიხილოთ და მეორე წყალბადის საწვავი განახლებად და ეკოლოგიურ ენერგიათა კატეგორიას განეკუთვნება. “მწვანე” წყალბადის მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ წყლის დაშლისთვის სუფთა წყაროებისგან წარმოებული ელექტროენერგია იქნას გამოყენებული.

ფრანგულ მხარესთან პარტნიორობით საქართველოში “მწვანე” წყალბადის წარმოების პროექტი – HyGeorgia დავით ოთარაშვილს აქვს შემუშავებული, რომელიც დარგში 2030 წლამდე რეკორდულ – €11 მლრდ-ის ინვესტირებას გეგმავს.

როგორც დავით ოთარაშვილმა გასული წლის დეკემბერში ილიაუნის ZOOM-ის საჯარო ლექციაში განმარტა, ევროკავშირის მიზანია, რომ 2050 წლისთვის კარბონნეიტრალური გახდეს, რის მიღწევაშიც გაერთიანებას წყალბადი მნიშვნელოვნად დაეხმარება. მისივე განმარტებით წყალბადი საქართველოს ენერგოექსპორტის საშუალებას მისცემს.

დავით ოთარაშვილის თქმით, დღეს წყალბადის საწვავი ფასის მხრივ ქარსა და ბუნებრივ გაზს კონკურენციას ვერ უწევს, მაგრამ გლობალური ტენდენცია უკეთესობისკენ იცვლება.

მზე ღამე არ ანათებს, მუდმივქარიანი რეგიონებიც ცოტაა, წყალი კი გაცილებით მეტია. წყლის დაშლის იაფი, უსაფრთხო და მარტივი ხერხის მიგნების შემთხვევაში წყალბადის საწვავს უსაზღვრო შესაძლებლობები უჩნდება.

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply