ევროკავშირის ეკოლოგიური გეგმა ევროპის მძიმე მრეწველობას დააზარალებს

ევროკომისიამ წარადგინა ეკოლოგიური გეგმა EU Green Deal,  რომელიც 2030 წლისთვის ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფას 55%-ით, 1990 წლის დონემდე შემცირებას გულისხმობს.

პირველ რიგში ამისთვის შემოღებულ იქნება ტრანსსასაზღვრო სანახშირბადო გადასახადი  (Carbon Border Adjustment Mechanism, CBAM), რომელიც ევროკავშირში ფოლადის, ალუმინის, ცემენტის, სასუქების და ელექტროენერგიის იმპორტს შეზღუდავს.

სქემა სატესტო რეჟიმში 2023 წლის 1–ლი იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო იმპორტიორები 3-წლიან მოსამზადებელ პერიოდს მიიღებენ – საბოლოოდ გადასახადი ძალაში  2026 წლიდან შევა.

პირველ რიგში, გეგმა ჩინურ და რუსულ კომპანიებს შეეხება, რომლებიც ევროკავშირში რკინის, ფოლადის, ალუმინის, მილების, ელექტროენერგიის და ცემენტის ექსპორტს ახორციელებენ, რადგანაც ამ ქვეყნებში ეკოლოგიური სტანდარტები ყველაზე ნაკლებადაა დაცული.

ეს საკმაოდ სერიოზული დარტყმა იქნება, რადგან, მაგალითად, რუსეთის ექსპორტი ამ დარგებში წელიწადში $7,6 მლრდ–ს შეადგენს.

მაგრამ პრობლემები არა მხოლოდ რუსებს და ჩინელებს, არამედ თავად ევროპელებსაც ექმნებათ.

პირველ რიგში, ეს ავტომრეწველობას შეეხება – კერძოდ, ევროკომისიის გეგმა ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე ეტაპობრივად გადასვლას ითვალისწინებს – 2025 წლისთვის მანქანების მიერ CO₂-ს გამოყოფა 15%–ით, 2030-სთვის – 55%–ით შემცირდეს, ხოლო 2035 წლისთვის საერთოდ უნდა შეწყდეს.

ეს ფაქტიურად ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვას ნიშნავს. პარალელურად ელექტრომობილების მომსახურეობის ინფრასტრუქტურის განვითარება და დამტენი სადგურების რაოდენობის გაზრდაა გათვალისწინებული – უახლოესი 10 წლის მანძილზე ამ დარგში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით 50 მლრდ ევროს ჩადება იგეგმება.

ევროკომისია ასევე  ავიაკომპანიებს და საზღვაო ნაოსნობას ევროკავშირის ფარგლებში გადაადგილებისას ნახშირბადის დაბალი შემცველობის მქონე სინთეტიკური საწვავების გამოყენებას ავალდებულებს.

ევროპული ინდუსტრიის წარმომადგენლები გეგმის წინაამღდეგ უკვე გამოდიან – მაგალითად, ასოციაცია European Aluminium, რომელიც ალუმინის ევროპელ მწარმოებლებს აერთიანებს, ახალი რეგულაციების შემოღებას კატეგორიულად ეწინაამღდეგება, რადგანაც გეგმა უცხოელ კონკურენტების უპირატესობას ანიჭებს და ამავე დროს მას კლიმატის ცვლილების წინაამღდეგ ბრძოლასთან არავითარი შეხება არ აქვს.

პირველ რიგში, ეს ეხება CO₂-ის გამოყოფის კვოტებს, რომლებიც დღეს მძიმე მრეწველობის კომპანიებს შორის უფასოდ ნაწილდება, ხოლო ახალი დოკუმენტი მათ თანაბარ გაყიდვას ითვალისწინებს – როგორც ევროპელი მწარმოებლებისთვის, ასევე უცხოური კომპანიებისთვის.

გეგმა ევროპული კომპანიებისთვის CO₂-ის გამოყოფის სერტიფიკატების შეძენაზე დანახარჯების 75%-ის კომპენსირებას ითვალისწინებს, თუმცა, ეს საკმარისი არ იქნება.  თანაც ამას გადასახადიც დაემატება, რაც ევროპული კომპანიების დანახარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ევროპულ ქარხნებში 1 ტონა ალუმინს წარმოების დროს 6,7 ტონა CO₂ გამოიყოფა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply