“კარგი გამოსავალია მზის სადგურების კაშხლიან ჰესებთან განთავსება და ცვალებადობის ასეთი სახით დაბალანსება”

2050 წლისთვის სათბური გაზების ნულოვანი გაფრქვევის მიღწევა ევროკავშირის მწვანე შეთანხმების (Green Deal) მთავარი მიზანია, რასაც სხვა ქვეყნებიც უერთდებიან.

IEA-ს კვლევა აჩვენებს, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოს ნახშირბადნეიტრალურობის მიზნის მისაღწევად აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ენერგიული და კოორდინირებული ქმედებები მრავალ სფეროში. იმისათვის, რომ 2050 წლამდე მიმავალი გზა მეტ-ნაკლებად რეალური იყოს, საჭიროა შუალედური, 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა. 2030 წლისთვის საჭირო იქნება ქარისა და მზის სადგურების სიმძლავრის გაოთხმაგება, 18-ჯერ მეტი ელექტრომანქანა და ენერგოინტენსიურობის ყოველწლიური 4%-ით კლება.

სააგენტოს ოპტიმიზებულ სცენარში 2050 წლისთვის ენერგიის მიწოდების მეხუთედი მზის ენერგიისგან მიიღება. მზის სადგურების სიმძლავრე გაოცმაგდება, ხოლო ქარის სადგურების სიმძლავრე 11-ჯერ გაიზრდება; მოხმარებული ენერგიის 50% იქნება ელექტროენერგია – ანუ ელექტროენერგიის გამომუშავება 2.5-ჯერ გაიზრდება დღევანდელთან შედარებით. ელექტროენერგიის 90% წარმოებული იქნება განახლებადი ენერგიებიდან.

თუმცა, ძალიან ბევრი ექსპერტის აზრით, მზის ენერგია მიეკუთვნება ეგრეთწოდებულ, ცვალებად ენერგიას და ისეთ ქვეყებში, სადაც მზიანი დღეების რაოდენობა სეზონების მიხედვით განსხვავებულია,  საჭიროებს უფრო სტაბილურ ენერგორესურსებს, რათა მოხდეს მათი უსაფრთხოდ ინტეგრირება სისტემაში. აღნიშნული,  დაადასტურა ფატიჰ ბიროლმაც – IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად შესაძლებელია, საქართველოში მზის სადგურებმა ეფექტურად იმუშავონ  დამოუკიდებლად, “ენერგონიუსი“ Helios Energy-ის დაფუძვნებელს თორნიკე დარჯანიას ესაუბრა:

“აღნიშნული ისედაც ნათელია და მას კითხვის ნიშნის ქვეშ არც არავინ აყენებს. მზე, ქარი, ბიომასა და მათ შორის, ჰესებიც, რომელთაც არ აქვთ წყლის დაგროვების სისტემები, ანუ მუშაობენ მდინარის ჩამონადენზე, ითვლებიან არასტაბილურ გენერაციის წყაროდ, რომელთაც ახასიათებს რყევები და მათთვის საჭიროა მარეგულირებელი. მარეგულირებლის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს კაშხლიანმა ჰიდროელექტროსადგურმა, თბოელექტროსადგურმა, ატომურმა ელექტროსადგურმა, ან სულაც აკუმულატორიანმა სისტემამ – ანუ, ყველაფერმა, რასაც შეუძლია დეფიციტის აღმოფხვრა ქსელში. ხაზს ვუსვამ, აქ პრობლემა, რა თქმა უნდა, დეფიციტია და არა სიჭარბე, რადგან სიჭარბის შემთხვევაში, რეგულირება ადვილია, მაგალითად, გერმანიაში სადგურებს თიშავენ. უბრალოდ, დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, კონკრეტულად ჰესების გამოყენებაზე იმიტომ მიდის საუბარი საქართველოში, რომ ატომური სადგური ჩვენ არ გვაქვს, თბოსადგურები კი გვაქვს, მაგრამ მათი ფუნქციონირებისთვის იმპორტირებული საწვავის გამოყენებაა საჭირო, ამიტომ რჩება ჰიდროელექტროსადგური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე არავინ არ დაობს” – აცხადებს ენერგეტიკოსი.

დარჯანიას სიტყვებით, პრობლემა სხვა რამეშია, რომელზეც, რატომღაც არ საუბრობენ: დღეს უკვე არსებული კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგურების შესაძლებლობების გათვალისწინებით, მზის ენერგიის რა სიმძლავრის ათვისებაც შეგვიძლია, იმას რატომ არ ვითვისებთ? ესაა, მისი აზრით, აქ მთავარი კითხვა, რომელსაც არავინ სვამს, რადგან, აღნიშნული დაბადებს თანმდევ კითხვებს – რა უშლის ხსენებულს ხელს, რატომ არის აქცენტი კონკრეტულად ჰესების (გნებავთ კაშხლიანი და გნებავთ ჩამონადენზე მომუშავე) აშენებაზე გაკეთებული და რატომ არ ვუწყობთ ხელს განახლებადი ენერგიების სხვა დარგების განვითარებას?

“არ ვგულისხმობ მხოლოდ მზეს, აღნიშნული ეხება ქარს და თუნდაც ბიომასას. მაგალითად, გერმანია ტერავატობით სიმძლავრეებს აწარმოებს ნაგვისგან. ჩვენთან რატომ არ ხდება ხელშეწყობა მსგავსი პროექტების? გვაქვს გეოთერმული რესურსები დასავლეთ საქართველოში. ენერგეტიკა მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოება არაა. ხსენებული რესურსი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ცხელი წყალი, რომელიც ბუნებრივადაა გამთბარი და აღარ საჭიროებს დამატებით ხარჯებს, გაზსადენის გაყვანასა და მისი გაცხელებისთვის, იმპორტირებული ბუნებრივი აირის დაწვას” – აღნიშნავს ის.

ენერგეტიკოსს სწორედ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხების არქონა მიაჩნია მთავარ პრობლემად. მისი აზრით, ისეთი დეფიციტური ბაზრისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა არსებული რესურსის მაქსიმალურად ათვისება, იქნება ეს მზე, ქარი, თუ სხვა.

კითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია საქართველოში ტექნოლოგიური მიღწევებისა და სიახლეების წარმატებით გამოყნება მზის სადგურების არასტაბილურობის შემცირებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დარჯანია პასუხობს, რომ შესაძლებელია, თუმცა, მსგავსი ტექნოლოგიები ცოტა ძვირია. “კარგი გამოსავალია მზის სადგურების კაშხლიან ჰესებთან განთავსება და ცვალებადობის ასეთი სახით დაბალანსება” – ამატებს ის.

ნინო სამადაშილი

Leave a Reply