სენატორი ტედ კრუზი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე: ეს პუტინისთვის გეოპოლიტიკური გამარჯვება და შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის კატასტროფა იქნება

„რესპუბლიკელი“ სენატორი, ტედ კრუზი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

სენატორის თქმით, აღნიშნული შეთანხმება აშშ-სთვის კატასტროფული იქნება და რუსეთის გეოპოლიტიკურ გამარჯვებას დაადასტურებს.

„თუ გავრცელებული ინფორმაცია ზუსტია, ეს პუტინისთვის გეოპოლიტიკური გამარჯვება და შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის კატასტროფა იქნება. პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის კანონს არღვევს და სრულად ჩაბარდა პუტინს. ათწლეულების შემდეგ, რუსეთის დიქტატორები ბაიდენის საჩუქრისგან მილიარდობით შემოსავალს მიიღებენ, ხოლო ევროპა კვლავ რუსეთის ენერგეტიკული შანტაჟის წინაშე იქნება. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ბაიდენი პუტინთან ერთ საწოლში იწვა, ახლა კი ერთმანეთს ეხვევიან“, – ნათქვამია სენატორი ტედ კრუზის განცხადებაში.

გაზეთმა The Wall Street Journal-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. არსებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმების მიღწევას 21 ივლისს გამოაცხადებენ.

როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, ბაიდენის ადმინისტრაცია უარს იტყვის Nord Stream 2-ის მიმართ ოფიციალური ვაშინგტონის წინააღმდეგობაზე, რითაც პროექტის ბედთან დაკავშირებით სპეკულაციები დასრულდება. მიღწეული შეთანხმების თანახმად, გერმანია თანახმაა, უკრაინას ენერგეტიკულ პროექტებსა და დიპლომატიაში დახმარება გაუწიოს.

8 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია.

20 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.

Leave a Reply