მასკი

მასკის განცხადებამ ბიტკოინის ფასი $32,000-მდე გაზარდა

ელონ მასკის, ჯეკ დორსისა და ქეისი ვუდის კომენტარების შემდეგ, ბიტკოინის ფასმა დაახლოებით $32,000-ს მიაღწია და ამ ნიშნულზე შეჩერება მოახერხა.

ციფრული აქტივი 6,5%-იანი ზრდის შემდეგ, ხუთშაბათს, სინგაპურში, დილის 10:35 საათზე, $32 000-ად ივაჭრებოდა. სხვა კრიპტოვალუტების ფასი, მათ შორის Ether-ისა და Dogecoin-ის, ასვე გაიზარდა და ზრდის შენარჩუნებას ჯერჯერობით ახერხებენ. ზრდის ტენდენციას იზიარებს Bloomberg Galaxy Crypto Index-იც.

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ზრდა სავარაუდოდ, უკავშირდება ელონ მასკის განცხადებას, რომ მისი კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი კომპანია SpaceX ბიტკოინს ფლობს. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა დასძინა, რომ მას სურს იხილოს ციფრული სიმბოლოს წარმატება და რომ ის პირადად ფლობს Bitcoin-ს, Ethereum-სა და Dogecoin-ს. ბიტკოინის შესახებ დისკუსიას შეუერთდნენ Ark Investment-ის აღმასრულებელი დირექტორი კეტი ვუდი და Twitter-ის დირექტორი ჯეკ დორსიც. ვუდმა განაცხადა, რომ კორპორაციებმა ბალანსში ბიტკოინის დამატებაზე უნდა იზრუნონ, ხოლო დორსიმ ციფრულ ვალუტას მოქნილი უწოდა.

მილიარდერმა მასკმა ასევე დასძინა, რომ ბიტკოინის მოპოვება განახლებადი ენერგიისკენ გადადის და რომ Tesla, სავარაუდოდ, განაახლებს მის მიღებას ელექტრო მანქანებისთვის გადახდის საშუალებად.

თუმცა, ყველა პროგნოზი პოზიტიური არ არის. Guggenheim Investments-ის თავმჯდომარემ და ინვესტიციების მთავარმა ოფიცერმა სკოტ მინერდმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი შესაძლოა, $15,000-მდე შემცირდეს.

მაისის შუა რიცხვებიდან კრიპტოვალუტების საბაზრო ღირებულებიდან $1,3 ტრილიონი დოლარი გაქრა. ბიტკოინს შეექმნა მთელი რიგი დაბრკოლებები, მათ შორის, რეგულაციების გაძლიერება ჩინეთში, ევროპასა და აშშ-ში. ინვესტორები ასევე უფრო ფრთხილად იქცევიან სპეკულაციური აქტივების მიმართ.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply