ირაკლი ქარსელაძე: ნარჩენების მართვისთვის 6 რეგიონული, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ცენტრი აშენდება

ნარჩენების მართვა ნამდვილად არის ის გამოწვევა, რომლისთვისაც სამობილიზაციო და მზადყოფნის სამუშაოები უკვე ჩატარებული გვაქვს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„6 რეგიონული, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ცენტრი აშენდება, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში სრულად ჩაანაცვლებს 54-ვე ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს. ყველას გვახსოვს ის ნაგავსაყრელები, რომლებიც არა მხოლოდ ესთეტიკურობის თვალსაზრისით, არამედ ჯანმრთელობისთვისაც კი სახიფათო იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ გარემოზე ზემოქმედების ნაწილზე. სწორედ ამ ყველაფერზე პასუხის ნაწილია ის 6 ახალი რეგიონული ცენტრი, სადაც უკვე „ოსმო“ სისტემის გამოყენებით მოხდება ნარჩენების მართვა. ეს სისტემა მოქმედებს ისე, რომ არც სუნის, არც ქარის მიერ გადატანილ სხვა აირების გაფანტვა არ ხდება და ყველა ის ტექნოლოგიურ გამოწვევა, რომელიც ძველ ნაგავსაყრელებთან მიმართებით იყო, ამ ახალი რეგიონული ცენტრებით სრულად იქნება დაცული“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

მისი თქმით, ასევე საუბარია ახალ ტექნოლოგიებზე, აღჭურვილობასა და შესაბამისი კომპეტენციების კვალიფიკაციების ამაღლებაზე. „რაც შეეხება ნარჩენების გადამუშავებას, ჩვენ ღია ვართ და პირიქით ძალიან საინტერესო იქნება კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა გადამამუშავებელ წარმოებებთან დაკავშირებით. არის სხვა და სხვა ტიპის კომუნიკაცია და რა თქმა უნდა ჩვენ ამას მივესალმებით. სეპარაციაა მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელზეც ასევე ვმუშაობთ და რომელიც მთლიანობაში აუცილებლად გასაკეთებელია. შეიძლება ითქვას, რომ 2012 წელთან შედარებით 100-ჯერ არის გაზრდილი ინვესტიცია. 550 ათასი ლარი იყო გამოყოფილი 2012 წელს ნარჩენების მართვასთან მიმართებით და 55 მილიონი გვაქვს უკვე. 613 მილიონი, რომელიც მომდევნო 10 წელიწადში უნდა დაიხარჯოს, სრულად მოიცავს დარგის სრულ დარეგულირებას“, – განაცხადა ქარსელაძემ.

Leave a Reply