ტრამპმა თეთრი სახლი გააკრიტიკა OPEC–თან და Nord Stream 2–თან მიმართებაში გატარებელი პოლიტიკის გამო

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი მკაცრად გააკრიტიკა “OPEC–სა და რუსეთთან მოლაპარაკებების გამო” და “Nord Stream 2″–ის მშენებლობის დაშვებისთვის.

”ისინი (ბაიდენის ადმინისტრაცია – რედ.)  მოლაპარაკებებს აწარმოებენ OPEC–თან და რუსეთთან, მაშინ, როდესაც ჩვენ იმდენი ნავთობი გვაქვს, რომ არც კი ვიცით სად წავიღოთ,” – განაცხადა ტრამპმა არიზონაში გამოსვლისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ მის დროს შეერთებული შტატები გახდა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი.

აშშ ოფიციალურად არ იღებს მონაწილეობას OPEC-ისა და OPEC+-ის მოლაპარაკებებში, თუმცა, მისი სიტყვებით, მხარს უჭერს ნავთობის უდიდეს მწარმოებლებს შორის შეთანხმების მიღწევას.

OPEC+ ალიანსმა კვირას გამართულ შეხვედრაზე მიაღწია კონსენსუსს, ნავთობის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე 2022 წლის ბოლომდე და გადაწყვიტა, აგვისტოდან ყოველთვიურად დღეში 400 ათასი ბარელით გაზარდოს ნავთობის მოპოვება.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მან “შეაჩერა” Nord Stream 2 გაზსადენი, ხოლო ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი შეუწყო მისი მშენებლობის გაგრძელებას.

”მე ის (გაზსადენი – რედ.) გავაჩერე, მან (ბაიდენმა – რედ.) კი დაუშვა მსოფლიოში ყველაზე დიდი მილსადენის, რომელიც რუსეთიდან გერმანიაში მიდის, მშენებლობა …. და ჩვენ უნდა დავიცვათ გერმანია” – განაცხადა ტრამპმა არიზონაში გამოსვლისას.

”პუტინთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რადგან ეს სასარგებლოა, მაგრამ არავინ ყოფილა რუსეთთან ჩემზე უფრო მკაცრი” – დაამატა მან.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან კატეგორიულად განუცხადა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, რომ მილსადენის “საქმე დამთავრებული იყო”.

”მე ვკითხე: ჩვენ მილიარდობით დოლარს ვხარჯავთ რუსეთისგან თქვენს დასაცავად, თქვენ კი მილიარდობით დოლარს იხდით მათგან ენერგიის მისაღებად. რა ჯანდაბაა ეს? ” – განაცხადა ტრამპმა.

”მე ის (გაზსადენი – რედ.) გავაჩერე და მან (ბაიდენმა – რედ.) რამდენიმე კვირაში დაამტკიცა. ახლა კი, განაახლებენ და რამდენიმე თვეში დაასრულებენ, რაც მოუტანს რუსეთს მილიარდობით დოლარს. ამ დროს, მათ შეაჩერეს ამერიკული მილსადენი” – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა სანქციები არ დაეკისრებინა გერმანული კომპანიისთვის, რომელიც მუშაობს მილსადენის მშენებლობაზე, თუმცა, იგი კვლავაც განაგრძობს გაზსადენის კრიტიკას. მოგვიანებით, შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომ ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რომელსაც შეუძლია ჩრდილოეთ ნაკადი 2-ს დასრულების შემდეგ დაკარგოს მნიშვნელოვანი შემოსავალი რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტიდან.

რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ Nord Stream 2-ის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია, რადგან ეს არის კომერციული პროექტი, რომელიც სასარგებლოა როგორც რუსეთისთვის, ისე ევროკავშირისთვის. მოსკოვი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება ძალაში დარჩება მისი ექსპლუატაციის მთლიანი პერიოდის მანძილზე და მისი დასრულების შემდეგაც კი მოსკოვი არ აპირებს უარი თქვას უკრაინის ტრანზიტზე.

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply