არჩილ კაიკაციშვილი: თეა გოდოლაძის ქცევას სამსახურეობრივი გულგრილობა ან დიდი არაკომპეტენტურობა ჰქვია

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძისგან ამ დრომდე გამოხმაურება არ მიგვიღია იმ აქტუალურ გამოწვევაზე, რასაც სეისმური მონაცემების ღიაობის თემა ჰქვია. ჩვენი ორგანიზაცია სეისმური მონაცემების საკითხის შესწავლაში ნ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მოთხოვნით ჩაერთო. პრობლემა გამომდინარეობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვიდან და როგორც იურისტები, ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით, თუმცა პირველადი სახით, რაც შემიძლია ვთქვა, ინფორმაციის დახურვის მთავარი მიზეზი პიროვნული ფაქტორებია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისგან მიღებულ წერილშიც აღნიშნულია, რომ თეა გოდოლაძე კვლავ კატეგორიულად უარს აცხადებს მონაცემების გაცემაზე. ასეთ ქმედებას, იურიდიული თვალსაზრისით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან გულგრილობა ჰქვია. უფრო ღრმად თუ გავყვებით ქცევას და მართვის სტილს – არაკომპეტენტურობა – ამის შესახებ „აიპრესთან“ საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს მას აძლევს ის გარემოება, რომ სეისმური მონიტორინგის ცენტრს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, მონაცემები დახურული აქვს და დაინტერესებულ სამეცნიერო საზოგადოებას, მათზე ხელმისაწვდომობას წლებია უზღუდავს.

„ჩვენ მზად ვართ, თეა გოდოლაძესთან საჯარო დისკუსიისთვის, პრობლემურ საგანზე და არა ვარიაციებზე. არ ვეთანხმები პოზიციას, თუ ვინმე ფიქრობს, რომ რა დროს სეისმურ მონაცემებზეა საუბარი. ჩვენ ღრმად ჩავიხედეთ საკითხში, მათ შორის დოკუმენტურად, და ახლა ველოდებით თეა გოდოლაძის ქვემდებარე სტრუქტურისგან პასუხს, რათა გეოფიზიკის ინსტიტუტის მხრიდან წარმოდგენილ მასალებთან ერთად, სრული წარმოდგენა შეგვექმნას.

„სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“ ერთადერთია ქვეყანაში, სადაც აკუმულირებულია ყველა ტიპის სეისმური მონაცემი და ეს დაწესებულება, მისი ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის უშუალო მითითებით, უბრალოდ ბლოკავს მონაცემების შესახებ ინფორმაციას სხვა მეცნიერთათვის. ამაზე უკვე ღიად საუბრობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. ამ შესწავლის პროცესში გამოირკვა და დადასტურდა ისიც, რომ მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით) ყველა ქვეყანაში ღიაა, რამდენიმე ისეთი გამონაკლისის გარდა, როგორიცაა, ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

მისივე  განმარტებით, თეა გოდოლაძის მხრიდან ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ გამოთქმული შეფასება, რომ „რაღაც საოცარ სტატიებს ერთმანეთზე მიყოლებით აცხობს ვინმე „ახალგაზრდა ადვოკატები“, გეოფიზიკის ინსტიტუტის დაკვეთით“, მინიმუმ არაეთიკური გამონათქვამია.

„საზოგადოების საყურადღებოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოახდინოს სამოქალაქო ადვოკატირება და სეისმური მონაცემების ღიაობასთან დაკავშირებით არსებული მრავალწლიანი პრობლემა ამ გამოწვევის მოგვარების სასარგებლოდ გადაიჭრას. შესაბამისად, ამ პროცესში, თეა გოდოლაძე იქნება ხელისშემშლელი თუ სხვა, მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნია. როგორც ჩანს, თეა გოდოლაძე სათანადოდ არ მიცნობს და ის, რასაც ახლა ვხედავ, მხოლოდ წამიკითხავს საბჭოთა პერიოდის წითელი დირექტორების ხანაში არსებული მართვის სტილის თაობაზე. ქალბატონ თეა გოდოლაძეს უნდა ესმოდეს, რომ ამჟამად ხელმძღვანელობს სსიპ-ის უმნიშვნელოვანესს სტრუქტურას და არა – კანტორას, რომელიც ბლოკავს იმ სახის ინფორმაციას, რაც ყველა განვითარებული ქვეყნის ანალოგიურ სტრუქტურას ღია აქვს. შედეგად, მისი, დემოკრატულ ქცევასთან შეუსაბამო, მენეჯერული კომპეტენციისა და თანამდებობრივი მდგომარეობისადმი მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ზარალდება მეცნიერული საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სრული უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა მონაცემებზე, რომლებიც თავისი შინაარსით, საზოგადო საკუთრებაა,  განსაკუთრებით სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთათვის.  ეს რა საბჭოთა თუ პუტინისტური ჩინოვნიკური ქცევაა?“ – აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი და დასძენს, რომ ცენტრის ხელმძღვანელის დღევანდელი მართვის ჩარჩოს წყალობით, საქართველოს სეისმოლოგიაში იმაზე დიდი „შავი ხვრელი“ გაჩნდა, ვიდრე ეს რუსეთს, ირანს და ჩრდილოეთ კორეას აქვთ.

არჩილ კაიკაციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მის გაოცებას იწვევს ის ფაქტი, თუ აქამდე რატომ არ აქვს რეაქცია, „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის მართვის სტილზე, ილიაუნის რექტორს, ბატონ გიგა ზედანიას.

„მე ველი, რომ ილიაუნის რექტორი იქნება ადეკვატური „სეისმური მონიტორინგის ცენტრში“ დაფიქსირებული პრობლემისადმი და სადღეისოდ უკვე არსებულ ფაქტებს მისცემს სათანადო რეაგირებას. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ  დავა, სეისმური მონაცემების სრულად და უპირობოდ გახსნასთან დაკავშირებით, გადაინაცვლებს სამართლებრივ სივრცეში და იქ მოპასუხე მხარე არა ცენტრი და გოდოლაძე, არამედ ილიაუნი და მისი რექტორი იქნება და საბოლოოდ სწორედ მას დაეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებული რეალობისთვის“, – აღნიშნა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა.

ipress.ge

Leave a Reply