„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს გერმანიის ახალი მთავრობაც დაუჭერს მხარს

რაც არ უნდა თქვას ამერიკამ, გერმანია არც ერთ შემთხვევაში არ გააჩერებს რუსულ გაზსადენს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსკოვი უკრაინულ ტრანზიტს შეწყვეტს – იტყობინებიან ინფორმირებული მაღალჩინოსნები ბერლინიდან.

ამის ნაცვლად, გერმანია აქცენტს ევროკავშირის ფორმატში სხვა, უფრო ფართო სანქციებზე გააკეთებს, იმის მიუხედავად, რომ ეს უფრო რთული გზაა და თანაც კრემლი, როგორც წესი, ეკონომიკურ სანქციებზე არ რეაგირებს.

ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს ბაიდენმა სცადა მისი დათანხმება კონკრეტულად გაზსადენის წინაამღგედ ზომების მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მას პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს. 21 ივლისის გერმანულ-ამერიკულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია კიდეც,  რომ მილსადენის უსამართლო გამოყენების შემთხვევაში გერმანია საპასუხო ზომებს მიიღებს – ოღონდ არაფერია ნათქვამი კონკრეტულად რა ზომებზეა საუბარი.

ბერლინს უკრაინული ტრანზიტის გადაკეტვის შემთხვევაში გაზსადენზე იერიშის მიტანა აშკარად არ სურს და ეს ვლადიმირ პუტინის მორიგ გამარჯვებას და თეთრ სახლზე დარტყმას ნიშნავს.

კრემლის წინაშე კაპიტულაციის გამო ჯო ბაიდენი მწვავე კრიტიკის საგანი არა მხოლოდ რესპუბლიკელების, არამედ მისივე თანაპარტიელი დემოკრატების მხრიდანაც გახდა. საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ბობ მენენდესმა განაცხადა, რომ ამერიკულ-გერმანული შეთანხება უსამართლოა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ უნდა გაჩერდეს.

მაგრამ 1 230 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი 99%-ით მზადაა, დარჩენილი ნაწილი კი აგვისტოში უნდა დასრულდეს, ხოლო შემოდგომაზე ის, წესით, ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს.

დღეს ამერიკამ და ევროპამ უნდა იფიქრონ, რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი შეწყვეტს უკრაინულ ტრანზიტს, რომელსაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც ჩანს, ბერლინის პოზიცია ანგელა მერკელის გადადგომის შემდეგაც უცვლელი დარჩება – გერმანიაში არჩევნები 26 სექტემბერს გაიმართება და ქვეყანას ახალი კანცლერი ეყოლება.

რუსულ გაზსადენს საპარლამენტო ფრაქციების უმრავლესობა მხარს უჭერს – სავარაუდო მომავალი კანცლერი, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი არმინ ლაშეტი „გაზპრომის“ პროექტის მიმართ მერკელის პოზიციას იზიარებს. ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიაც კი მოსკოვთან ენერგეტიკული თანამშრომლობის მომხრეა.

15 ივლისს ანგელა მერკელმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს საბოლოოდ უარი განაცხადა მოსკოვის მიმართ მკაცრი ზომების მიღების ვალდებულებაზე და მისი თქმით, უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტის შემთხვევისთვის არსებობს სხვა ზემოქმედების ინსტრუმენტები და ეს არა ცალკე აღებული გერმანული, არამედ უფრო ზოგადევროპული დონე იქნება.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title